სომხეთის საგამოძიებო გამოცემის მიერ 11 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ გაგიკ ცარუკიანის ფონდმა 31 600 დოლარის სანაცვლოდ, მთის მწვერვალზე 140 ჰექტარზე მეტი საკუთრება მიიღო. ეს კოტიაკის პროვინციის რამდენიმე სოფლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამტკიცა — ცარუკიანი წარმოშობით ამ პროვინციიდანაა.

ჰატისის მთა, მწვერვალის ჩათვლით, 2 500 მეტრი სიმაღლისაა და სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ბუნების ძეგლად ითვლება.

ცარუკიანი პარტია აყვავებული სომხეთის ყოფილი დეპუტატია — ის ქანდაკების მშენებლობის დაფინანსების ინიციატივით გაზაფხულზე გამოვიდა, რათა სომეხ ხალხს "სასოწარკვეთილებიდან გამოსვლაში" დახმარებოდა.

ქანდაკება ცარუკიანის ძეგლების დიზაინის კონკურსში გამარჯვებულმა, არმენ სამველიანმა დააპროექტა — ვარაუდობენ, რომ ის 33-მეტრიანი იქნება, თუმცა ამ მონაცემებში არ შედის პედესტალი, რომელიც ქანდაკებაზე ორჯერ ან სამჯერ მაღალია.

შედარებისთვის, ქრისტეს ქანდაკება, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს 30 მეტრის სიმაღლისაა და 8-მეტრიან კვარცხლბეკზე დგას.

ივლისის დასაწყისში პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეს იდეა მოიწონა და აღნიშნა, რომ ქანდაკება სომხეთში მეტ ტურისტს მოიზიდავს.

"იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები საკითხს დროულად განიხილავენ. ეს საჭიროებს არაერთ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ და პროექტიც წინ წაიწევს", — თქვა მან 7 ივლისს მთავრობის სხდომაზე.

ამ საკითხის მიმართ მხარდაჭერა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმაც დააფიქსირა.

განათლების სამინისტრომ კი განცხადება გამოაქვეყნა და ეს წინადადებაა დაამტკიცა, თუმცა რამდენიმე გაფრთხილება მიუთითა. აქ აღნიშნულია, რომ ქანდაკების მშენებლობამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ან ნაპრალები გაუჩინოს მთის მწვერვალზე აღმოჩენილ ბრინჯაოს ხანის ძეგლებს. განცხადება, ასევე, მოუწოდებს ცარუკიანს, რომ სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო ქმედების განხორციელებისგან თავი შეიკავოს.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უკვე დაწყებულია, მოსალოდნელია, რომ საკითხს მთავრობა უფრო დეტალურად სამომავლოდ განიხილავს. ცარუკიანის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ელის, რომ მთასთან ახლოს სასტუმროები და რესტორნებიც აშენდება.

სომხეთის გარემოსდამცველმა აქტივისტებმა მთის ეკოსისტემასა და მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვების არარსებობის შესახებ შეშფოთება გამოხატეს.

სომხეთის პროფესიონალი გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა, იაშა სოლომონიანმა MediaLab-ს განუცხადა, რომ იესოს ქანდაკებას "სომხურ კულტურასთან" საერთო არაფერი აქვს და მისი "ტურისტული მნიშვნელობა დიდი არ იქნება".

"მიუღებელია ჩვენთვის იმ ძეგლის დადგმა, რომელიც არ არის ავთენტური და ჩვენ არ შეგვეფერება", — თქვა სოლომონიანმა და დასძინა, რომ მთას, ასევე, მნიშვნელოვანი საფეხმავლო ბილიკი აქვს.

ცარუკიანის შეთავაზების შესახებ სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ ჯერ კიდევ მარტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა მხოლოდ იესოს გამოსახულ რელიეფებს ტრადიციული სომხური ხაჩკარების სტილში.

უმაღლესმა სასულიერო საბჭომ მოუწოდა ავტორებსა და მონაწილეებს, რომ "თავი შეიკავონ პროექტებისგან", რომელიც სომხური სამოციქულო ეკლესიის სომხურ ტრადიციებს ეწინააღმდეგება და "იხელმძღვანელონ ჩვენი ეროვნულ-საეკლესიო კულტურის, საეკლესიო და თეოლოგიური პრინციპების მიდგომებით".

პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ქანდაკებასთან დაკავშირებულ დისკუსიებთან ერთად, სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ცარუკიანის საკუთრებაში არსებული კაზინოსთვის, 10 მილიონი დოლარის გადასახადები მოეხსნა.

ცარუკიანის პარტია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ჯგუფი იყო, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა.

ადგილობრივ მედიასთან ქანდაკების შესახებ მიცემულ ბოლო ინტერვიუში ცარუკიანმა თქვა, რომ მას შემდეგ მის პოზიციაში "არაფერი შეცვლილა".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.