სიმსივნის პოტენციურ პრეპარატს დაზიანებული ზურგის ტვინის აღდგენაც შეუძლია — ახალი კვლევა
მკვლევრებმა ბირმინჰემის უნივერსიტეტიდან აჩვენეს, რომ პრეპარატს, რომელსაც ცდიდნენ სიმსივნის სამკურნალოდ, შეუძლია ზურგის ტვინის დაზიანებული ნეირონების რეგენერაცია (აღდგენა).
დღეს სიმსივნის პრეპარატის აღმოჩენა/დამზადება ძალიან ხანგრძლივი პროცესია და, სხვადასხვა შეფასებით, კანდიდატთ მედიკამენტთა 90% ვერ გადის კლინიკურ ცდებს. ამან ფარმაკოლოგიურ კომპანიებს სხვა, უკვე ავტორიზაცია გავლილი ან ავტორიზაციის პროცესში მყოფი პრეპარატების გამოყენებისკენ უბიძგა.
როდესაც მკვლევრები დაავადების განკურნების ანალოგიურ მოდელს გადააწყდებიან, ისინი ცდილობენ, რომ მსგავსი სცენარის დროს უკვე აპრობირებული, პოტენციურად მუშა პრეპარატი გამოიყენონ და ახლის გამოგონებაზე დრო არ დაკარგონ. დნმ-ის დაზიანების საპასუხო სისტემა (DNA DDR) მსგავს სისტემათაგან ერთ-ერთია, რომელიც აქტიურდება მაშინ, როდესაც უჯრედის დნმ ზიანდება. ხოლო თავის მხრივ, დნმ შეიძლება, დაზიანდეს ან რომელიმე პროგრესირებადი სიმსივნით ან ზურგის ტვინის დაზიანებით.
პროფესორი ზუბაირ აჰმედი და რიჩარდ ტუქსვორფი ბირმინჰემის უნივერსიტეტში მუშაობენ. აჰმედის კვლევის ინტერესია ანთება და დაბერება, ტუქსვორფი კი სიმსივნისა და გენომის მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. სხვადასხვა დეპარტამენტის ერთად მუშაობისას ამ ორმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ DDR სისტემის მუდმივი აქტივაცია შესაძლოა, ხელს უშლიდეს დაზიანებული ზურგის ტვინის აღდგენას, ხოლო ამ მექანიზმის დაბლოკვა კი ნეირონებს აღდგენაში ეხმარებოდეს.
თავიანთი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი AZD 1390-ზე, AstraZeneca-ს კანდიდატ წამალზე, რომელსაც შეუძლია სისხლი-ტვინის ბარიერის გადალახვა და ნერვულ უჯრედებში დაზიანებული დნმ-ის აღდგენის დაბლოკვა. AZD 1390 ბლოკავს ATM პროტეინ კინაზას, რომელის დნმ-ის დაზიანების პასუხის რეგულირებაში კრიტიკულ როლს თამაშობს.
მკვლევრები ამ მეთოდს იყენებენ, რათა სიმსივნური უჯრედები სხივების თერაპიის მიმართ მეტად მგრძნობიარენი გახადონ. ამჯერად მათ ის დაბლოკეს, რათა ენახათ, გაუმჯობესდა თუ არა ნერვის რეგენერაცია.
რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
კვლევაში, რომელიც ზრდის პროცესში მყოფ ნერვულ უჯრედზე ტარდებოდა, პრეპარატმა დაბლოკა ATM პროტენაზა კინაზა და ამგვარად ხელი შეუწყო ნეირონის ზრდას. შემდეგ მათ იგივე ცდები ცხოველებში გაიმეორეს და აღმოაჩინეს, რომ ნერვის რეგენერაცია ხდებოდა და ნეირონებს ელექტრული სიგნალების გადაცემა უკვე დაზიანებული ნაწილის გავლითაც შეეძლოთ.
"ეს დაზიანებული ზურგის ტვინის კვლევაში ამაღელვებელი მომენტია, როდესაც ზურგის ტვინის თერაპიისთვის რამდენიმე პოტენციური პრეპარატია აღმოჩენილი", — თქვა აჰმედმა. "ჩვენმა აღმოჩენამ აჩვენა სენსორული და მოტორული ფუნქციების საოცარი აღდგენა და ცხოველებს, რომელთაც AZD1390-ით ვუმკურნალეთ, ოთხ კვირაში ჯანმრთელი ცხოველებისგან ვერ განარჩევდით".
"კვლევის ეს ადრეული ეტაპი აჩვენებს, რომ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან თერაპიებში AZD1390 შეიძლება გამოვიყენოთ", — ამბობს ტუქსვორფი. "ამ უკვე არსებული პრეპარატისთვის პროფილის შეცვლით, ვფიქრობ, უფრო მალე შევალთ კლინიკებში, ვიდრე ახალი პრეპარატის გამოგონების შემთხვევაში მოხდებოდა".
კომენტარები