ეს მინირობოტები კბილებს გაგისუფთავებენ და კარიესისგან დაგიცავენ — თქვენი ჩარევის გარეშე
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირის ღრუს მოვლის თანამედროვე საშუალება — ფორმის შეცვლის უნარის მქონე მიკრობოტების არმია შექმნეს, რომლებიც კბილებიდან კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს მოაცილებენ.
მარტივად რომ ვთქვათ, პატარა მულტიფუნქციური რობო-სტომატოლოგები კბილებს გაგიხეხავენ, კბილებშუა ადგილებს გაგისუფთავებენ და წყალსაც თვითონვე გამოგავლებენ. ჟურნალ ACS Nano-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რობოტულ სისტემას ამ ყველაფრის კეთება ადამიანის ჩართულობის გარეშე შეუძლია.
მიკრო არმია რკინის ოქსიდის ნანონაწილაკებისგან შედგება — მაგნიტური ნივთიერებისგან, რომელიც, მაგნიტური ველის პირობებში ბუნებრივად განლაგდება გარკვეული ფორმის სტრუქტურებად. ასეთ მაგნიტურ ველზე ზემოქმედებით, მკვლევრებმა მინიბოტები ჯაგრისისა და ძაფის ფორმებად მოაწყვეს ისე, რომ ისინი ყველა სტომატოლოგიურ კუთხე-კუნჭულს მოსდებოდნენ.
"ჩვენ ნაწილაკებს ჯაგრისის ფორმას ვაძლევთ, შემდეგ კი, მათი საშუალებით, კბილებს ვწმენდთ და ვხეხავთ, ჯაგრისითა და ძაფით გასუფთავების მსგავსად", — განაცხადა ედვარდ სიგერმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარმა და აღნიშნული კვლევის თანაავტორმა.
რკინის ოქსიდი არამხოლოდ მაგნიტური ნივთიერება, ასევე კატალიზატორიცაა, რომელსაც ჰიდროგენის პეროქსიდის გააქტიურებით ბაქტერიების მოსაკლავად და კბილის ნადების დასაშლელად თავისუფალი რადიკალების გენერირება შეუძლია.
თავიანთ კვლევაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოქნილი რობოტული სისტემის საშუალებით კარიესისა და ღრძილების დაავადების გამომწვევი თითქმის ყველა ბიოფილმების მოცილებაა შესაძლებელი. მკვლევრები ირწმუნებიან, რომ ტექნოლოგია პირის ღრუს მოვლას და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას გაგვიმარტივებს.
კომენტარები