აღმოაჩინეს უსწრაფესი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელს უვლის გარს
ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის, მშვილდოსან A*-ს გარშემო მოძრავი უსწრაფესი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას მხოლოდ 4 წელს ანდომებს.
ეს გახლავთ S4716, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელის ირგვლივ წამში 8 000 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება (29 მილიონი კმ/სთ). ამ დროს ის ზემასიურ ობიექტს 15 მილიარდ კილომეტრ მანძილზე უახლოვდება, რაც ასტრონომიული მასშტაბებით დიდი დისტანცია არაა. შედარებისთვის, დედამიწა მზისგან 100-ჯერ ნაკლებადაა დაშორებული.
აღსანიშნავია, რომ S4716 მნათობთა კომპაქტურ ჯგუფში ერთიანდება, რომელსაც S ჯგუფს უწოდებენ. ეს უკანასკნელი გალაქტიკის შუა ნაწილში, მშვილდოსან A*-ს მახლობლადაა განლაგებული. ასეთი სწრაფი ვარსკვლავის აღმოჩენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მან ირმის ნახტომის ევოლუციის შესახებ შესაძლოა, ღირებული ინფორმაცია მოგვცეს.
"ვარსკვლავები შავ ხვრელთან ასე მარტივად არ ფორმირდება. S4716 ამისთვის შიგნით უნდა გადაადგილებულიყო, რასაც მაგალითად, S ჯგუფის სხვა მნათობებთან და ობიექტებთან მიახლოებით შეძლებდა, ეს კი ორბიტის დაპატარავებას გამოიწვევდა", — აცხადებენ ავტორები.
ამ ჯგუფში ყველაზე კარგად ცნობილი ვარსკვლავი S2-ა, რომლის ორბიტული პერიოდიც 16 წელია. მისი მეშვეობით მშვილდოსან A*-ზე ბევრი რამ შევიტყვეთ, თუმცა ჩვენი პერსპექტივიდან ის ამ რეგიონს ეფარება. ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერებმა S4716-ს მახასიათებლები გამოავლინეს, რისთვისაც 5 ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. მათი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები