ალპებში მყინვარი ჩამოიშალა, არის მსხვერპლი — მომხდარს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ
აღნიშნულ სამწუხარო მოვლენას, წინასწარი მონაცემებით, უპრეცედენტო სიცხესთან და კლიმატის ცვლილებასთან აქვს კავშირი.
შვიდი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ იტალიაში, ალპებში მომხდარი მყინვარის ჩამოშლის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, ხოლო ცამეტ ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. იტალიის პრემიერ მინისტრი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ ინციდენტი, ცალსახად, კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული.
ქვემოთ მოცემული, ადგილზე გადაღებული ვიდეო გვიჩვენებს, თუ როგორ ჩამოიშალა მარმოლადას მყინვარი.
ჯერჯერობით, რთულია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რამ გამოიწვია მყინვარის მონაკვეთის ჩამოშლა, მაგრამ ვალტერ მილანმა, იტალიის სამაშველო სამსახურის სპიკერმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ბოლო დღეებში რეგიონში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. "ეს უკიდურესი სიცხეა, აშკარად, რაღაც არანორმალურთან გვაქვს საქმე", — თქვა მილანმა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მყინვარის უმაღლეს წერტილში ტემპერატურამ 10 ცელსიუს გრადუსს მიაღწია.
"ეს არის ტრაგედია, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა არაპროგნოზირებადი ელემენტიც, მაგრამ ასევე ეჭვგარეშეა, რომ ეს მოვლენა დაკავშირებულია გარემოსა და კლიმატის მდგომარეობის გაუარესებასთან", — თქვა იტალიის პრემიერ მინისტრმა, რეგიონის მონახულებისას და დასძინა, რომ აუცილებელია მთავრობამ მსგავსი მოვლენის გამეორების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ალპების კლიმატი სწრაფად იცვლება. ნავარაუდებია, რომ აქ ტემპერატურა საშუალოდ 2 ცელსიუსი გრადუსით გაიზარდა, რაც გლობალურ საშუალო ტემპერატურულ ნაზრდზე ორჯერ მეტია. ეს ალპების მყინვარებისთვის დიდი საფრთხეა. ნავარაუდებია, რომ 1850 წლიდან მოყოლებული ალპების მყინვარებმა ყინულის მოცულობის ნახევარი დაკარგეს, ეს პროცესი კი განსაკუთრებით დაჩქარებულად 1980-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს.
როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის გლაციოლოგიის პროფესორი, პოლ კრისტოფერსენი ამბობს, როცა მყინვარი არასტაბილური ხდება, ის არამხოლოდ ეკოლოგიურ, არამედ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებულ პირდაპირ საფრთხედ იქცევა. ეს განსაკუთრებით აქტუალური ისეთი მაღალი მყინვარებისთვისაა, როგორიც მარმოლადაა. ასეთი მყინვარების სიმყარის გარანტი ნულოვანი ტემპერატურებია. ტემპერატურის მომატების შედეგი კი ასეთი კატასტროფული ნგრევაა, რომელიც სულ უფრო ხშირი ხდება. ალპებში ყინულის მდგომარეობა ცხადად გვიჩვენებს, თუ როგორ ცვლის კლიმატის ცვლილება ჩვენს ლანდშაფტს და როგორ ქმნის იმ ჩვენთვის ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობ საფრთხეებს, რომელთა განსაზღვრასაც მეცნიერები აქტიურად ცდილობენ.
ბრისტოლის უნივერსიტეტის გლაციოლოგიის ცენტრის დირექტორი — ჯონათან ბამბერი კი BBC-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზამთარში, იტალიაში, დოლომიტის მთებში ძალიან მცირე ნალექი (თოვლი) მოვიდა, რაც ასევე უჩვეულო მოვლენაა. ამასთან "უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურები, რომლებიც რეგიონში ფიქსირდება ზაფხულის განმავლობაში, ხელს უწყობს მყინვარებს სწრაფ დნობაში". ეს კი სწორედ ისაა, რაც მარმოლადას მყინვარს დაემართა.
კომენტარები