ექსპერტები ფიქრობენ, რომ განავლის ნიმუშებს სპეციალურ ბანკში უნდა ვინახავდეთ
ბოლო წლებში ფეკალური ტრანსპლანტაციის შესახებ არაერთი სიახლე ისმის. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მისი შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ასევე იხილეთ: ფეკალური ტრანსპლანტაცია შესაძლოა, გაახალგაზრდავების ახალ მეთოდად იქცეს
ტექნიკა ფეკალური მიკრობიოტის ჯანმრთელი ინდივიდისგან სხვისთვის გადანერგვას მოიაზრებს. ადამიანებში, როგორც წესი, იგი კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი ინფექციის (CDI) ან ნაწლავის ანთებითი დაავადების (IBD) დროს გამოიყენება, თუმცა, ექსპერტთა მოსაზრებით, შესაძლოა, მეთოდი ბევრ სხვა დაავადებასთან საბრძოლველადაც გამოდგეს.
ამას გარდა, ავტოლოგიური ფეკალური ტრანსპლანტაციის (FMT — პროცედურა, რომელშიც დონორი და მიმღები ერთი და იმავე ადამიანია) ჩატარებისათვის სპეციალური სისტემის შექმნა შეუთავსებლობისაგან გამოწვეულ იმ პრობლემებსაც აგვაცილებს თავიდან, რომლებიც ერთი ადამიანიდან მეორისათვის ჰეტეროლოგიურ გადანერგვას მოსდევს ხოლმე.
გასათვალისწინებელია, რომ ამისათვის ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხალხის განავლის ნიმუშები უნდა შეგროვდეს და სამომავლო მოხმარებისათვის სპეციალურ შენობაში მოთავსდეს იმ შემთხვევისთვის, თუკი პაციენტებს მომავალში ტრანსპლანტატი დასჭირდებათ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარ განავალს ბანკში უნდა ვინახავდეთ იმ შემთხვევისთვის, თუკი მომავალში მისი გამოტანა დაგვჭირდება. მართალია, ეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს, თუმცა, მეცნიერების თქმით, მათი იდეა სრულებით სერიოზულია.
"ავტოლოგიური FMT-ისათვის განავლისა და ბავშვის ჭიპლარის სისხლის სამომავლო მიზნებით შენახვა არსით ერთმანეთს წააგავს", — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგი იან-იუ ლიუ — "მიუხედავად ამისა, ექსკრემენტების შენახვას მეტი პოტენციალი აქვს, ჩვენ კი გვჯერა, რომ განავლის ნიმუშების გამოყენების შანსი უფრო მეტია, ვიდრე ზემოხსენებული სისხლის".
აღსანიშნავია, რომ განავლის შენახვის პრაქტიკა გარკვეულწილად უკვე არსებობს — მასაჩუსეტსში ჯერ კიდევ 2012 წელს გაიხსნა სპეციალური ბანკი OpenBiome.
აქედან მოყოლებული, მსოფლიოს გარშემო არაერთი მსგავსი დაწესებულება გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა განავლის ნიმუშებს არა ავტოლოგიური გადანერგვისთვის, არამედ ჰეტეროლოგიური FMT-ებისათვის ინახავს, თუმცა ეს ორი სისტემა ერთმანეთს მაინც არ გამორიცხავს.
საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით არაერთი საკითხია მოსაგვარებელი, მაგალითად, როგორ მოხერხდება განავლის ნიმუშების ხანგრძლივად, უსაფრთხოდ შენახვა. თუკი ეს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ადამიანებიც დარწმუნდებიან, რომ განავლის ბანკში შენახვა კარგი იდეაა, შესაძლოა, სამომავლოდ სრულებით ახლებური სამკურნალო საშუალებები აღმოგვაჩნდეს ხელთ.
მკვლევართა მიგნებები ჟურნალში Trends in Molecular Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები