მთვარეზე ადამიანთა დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი გადადგმულია
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ადამიანთა მთვარეზე დასაბრუნებლად 28 ივნისს პირველი ნაბიჯი გადადგა. კერძოდ, იქ CAPSTONE-ს სახელით ცნობილი მცირე ზომის ზონდი Rocket Lab-ის რაკეტით Electron გაუშვა. აპარატი ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ნახევარკუნძულიდან აფრინდა და ახლა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მიემართება.
აღნიშნული მისია იმითაა გამორჩეული, რომ ისტორიული პროგრამა არტემისის ფარგლებში მთვარეზე კოსმოსური სადგურის Gateway განთავსების ერთგვარი წინაპირობაა. CAPSTONE ციური სხეულის გარშემო სწორედ იმ ორბიტაზე განლაგდება, რომელზეც სადგური იმოძრავებს, ეს უკანასკნელი კი იქ გაგზავნილი ასტრონავტებისთვის უმნიშვნელოვანესი დანიშნულების ადგილი იქნება.
ტრაექტორია ისეა განსაზღვრული, რომ ზონდი მთვარეს 1 600 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდეს, უშორესი დისტანცია კი 70 000 კილომეტრს შეადგენს. მსგავსი ორბიტა საშუალებას იძლევა, რომ დედამიწისა და მისი თანამგზავრის გრავიტაციული მიზიდულობა ერთდროულად გამოვიყენოთ, რითაც მოხმარებული საწვავის რაოდენობა შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა არტემისი, ამდენწლიანი შუალედის შემდეგ, მთვარეზე ასტრონავტთა გაშვებას ითვალისწინებს. მათ შორის იქ ფეხს, ისტორიაში პირველად, ქალი და ფერადკანიანი ადამიანი დაადგამს. იგეგმება ბაზის მშენებლობაც, რომელიც, ამ ყველაფერთან ერთად, მარსზე ეკიპაჟიანი მისიის განსახორციელებლად მომზადებაში დაგვეხმარება.
კომენტარები