ბოლო წლებში სატურნისა და იუპიტერის გარშემო ასტრონომებმა ახალი ბუნებრივი თანამგზავრები რამდენჯერმე აღმოაჩინეს, რაც მათ შორის ერთგვარ კოსმოსურ შეჯიბრებაში გადაიზარდა. რაოდენობით ხან ერთი იკავებდა პირველობას, ხანაც — მეორე.

ამის მიუხედავად, ბოლო მიგნებამ სატურნი აბსოლუტურ რეკორდსმენად აქცია, რადგან მის გარშემო აქამდე უცნობი 128 ობიექტი დააფიქსირეს. საერთო ჯამში, მისი თანამგზავრების რაოდენობა ახლა უკვე 274-ია, იუპიტერისა კი მხოლოდ 95-ს უტოლდება.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მზის სისტემის ყველაზე შთამბეჭდავმა რგოლებიანმა პლანეტამ მასიურობით გამორჩეული გიგანტური ციური სხეული უკან საბოლოოდ ჩამოიტოვა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია სპეციალისტების პროგნოზი.

კოსმოსის მკვლევრები 2019-21 წლებში მიხვდნენ, რომ სატურნის ირგვლივ კიდევ ბევრი ობიექტი იყო აღმოსაჩენი. სწორედ ამ პერიოდში მათ 62 ასეთ თანამგზავრს მიაგნეს და სხვა მომცრო სხეულებიც შენიშნეს, რომლებზეც ჯერ არაფერი იცოდნენ.

აქედან დაასკვნეს, რომ მომავალი დაკვირვებებით უფრო მეტ ბუნებრივ თანამგზავრს გამოავლენდნენ, ამიტომ პლანეტის მიმდებარე რეგიონი 2023 წლის 3 თვის განმავლობაში ხელახლა და დეტალურად შეისწავლეს. შედეგებმა არ დააყოვნა და მათ 128 ახალი თანამგზავრი დააფიქსირეს.

ეს ობიექტები მთვარესავით სფერული და დიდი არაა, არამედ მცირე ზომისაა (რამდენიმეკილომეტრიანი) და არაერთგვაროვანი ფორმა აქვს. მიიჩნევა, რომ ისინი იმ ობიექტების შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა, რომლებიც სატურნის გრავიტაციამ მიიზიდა. შესაძლოა, შეჯახებები ე.წ. სკანდინავიური ჯგუფის თანამგზავრების მიმდებარედ 100 მილიონი წლის წინ მომხდარიყო, რაც კოსმოსური დროითი მასშტაბებით საკმაოდ ახლო წარსულია.

სატურნის 64 ახალი თანამგზავრის შესახებ ნაშრომი arXiv-ზე უკვე ხელმისაწვდომია.