ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ აქტივისტებმა, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მიუწოდეს. აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ხვალ შეიკრიბებიან, რათა მოთხოვნები გააჟღერონ და გეგმებზე ისაუბრონ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია: კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს — არა.

  • ჩვენ მხოლოდ ევროპული მომავლის პერსპექტივა მივიღეთ და პირობა, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ სტატუსიც იქნება.

რას ამბობს სამოქალაქო საზოგადოება: მათი თქმით, 20 ივნისის ხალხმა შეძლო ყველანაირ განსხვავებაზე უარის თქმა და ერთად დგომა ევროპული მომავლისთვის. ეს სულისკვეთება გაგრძელდება ხვალაც, ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველას ერთობისკენ.

  • რატი ამაღლობელი: "გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, რათა გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ, ჩვენი მომავლისკენ. გადავდგათ ის 12 ლოდი შეფერხებისა, რომელიც დაგვიდო ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ".
  • ვახო სანაია: "მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ ყველა წინაღობას დავძლევთ და ჩვენს ევროპულ გზას გავარძელებთ. ამისთვის აუცილებელია ხვალ, 24 ივნისს კიდევ ერთხელ, 20:00 საათზე შევიკრიბოთ და ვიყოთ ისევე მრავალრიცხოვანი, როგორც იყო 20 ივნისს".
  • გიორგი ქადაგიძე: "ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. დღეს არის უპრეცენდენტო ერთიანობის დრო".
  • გიორგი მშვენიერაძე: "თითოეულ მოქალაქეს, ჩემს სტუდენტებს, მეგობრებს, კოლეგებს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს მომდევნო ინტეგრაცია, მოგიწოდებთ იყოთ ჩვენთან ერთად".

ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის და პირიქით, ყველაფერი გააკეთა უკუსვლისთვის. მათივე თქმით, პარლამენტში პრემიერის ბოლო მოხსენება და რიტორიკაც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.

  • ნინო დოლიძე: "მას შემდეგ, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი სტატუსთან დაკავშირებით, ვნახეთ დაჩქარებული წესით უკუსვლა, როგორც დემოკრატიის, ასევე ყველა სხვა მიმართულებით. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ყველგან უნდა ყოფილიყო, ყველა ევროპულ დედაქალაქში და ყველაფერი ეკეთებინა, რაც მის ხელთ იყო და არ იყო, ვნახეთ ყველაფერი საპირისპირო იმისათვის, რომ ფაქტობრივად დღეს არ მიგვეღო ჩვენ სტატუსი"
  • შოთა დიღმელაშვილი: "22 ივნისის პრემიერს ანგარიში იყო მიზანმიმართული დივერსია საქართველოსი, რომ ვერ მოეხერხებინა ევროპის კარის შეღება. თუმცაღა ჩვენი ევროპელი პარტნიორები გაგებით ეკიდებიან ამ პატარა წაბორძიკებას ჩვენ ევროპულ გზაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა".

კონტექსტი: 20 ივნისს, სიმბოლურ დღეს, სიმბოლურ ადგილას 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და როგორც მთავრობას, ასევე, მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ევროპას ირჩევს.

  • მოქალაქეებმა გაავრცელეს მანიფესტი და პირობა დადეს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დასავლური კურსის დასაცავად იბროლებენ.
  • მანიფესტის მოწოდებაა, შეიქმნას სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გააერთიანებს ყველას და მასში შემავალი ჯგუფების კონსენსუსით, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე.