ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში უჩვეულო სპირალური ობიექტი აღმოაჩინეს
ასტრონომთა გუნდმა ირმის ნახტომის ცენტრში უჩვეულო სპირალურ ობიექტს მიაგნო, რომელიც მინიატურულ გალაქტიკას მოგვაგონებს, მაგრამ ეს არაა გალაქტიკა გალაქტიკაში. საუბარია პროტოვარსკვლავურ დისკოზე, აირის ღრუბელზე, რომლითაც მასში არსებული მნათობი იკვებება და იზრდება.
ეს უკანასკნელი ჩვენგან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული და მზეზე 32-ჯერ მასიურია, თავად დისკოს დიამეტრი კი 4 0000 ასტრონომიული ერთეულია. მისი მსგავსი წარმონაქმნები სამყაროში მრავლადაა, თუმცა ასეთი ნიმუში სპეციალისტებს ჯერ არ უნახავთ. მისი გამორჩეულობა მდებარეობაში, ვარსკვლავის მასიურობასა და სპირალურ შვერილებშია, რომლებიც გალაქტიკებისთვისაა დამახასიათებელი.
ამ ფენომენის ასახსნელად, მეცნიერებმა ატაკამის უდაბნოში განლაგებული ტელესკოპი ALMA გამოიყენეს, რომლის დახმარებითაც აღმოაჩინეს, რომ დისკოს შვერილების წარმოქმნა მის მოძრაობას არ უკავშირდება. პირიქით, დადგინდა, რომ მათ ფორმირებაზე გავლენა ზემოხსენებულ ობიექტთან ახლოს მდებარე, მზეზე 3-ჯერ მასიურ მნათობთან ურთიერთქმედებამ განაპირობა.
სურათზე ქვემოთ ჯერ მნათობთან ურთიერთქმედების პირველი ეტაპია ნაჩვენები, რასაც 4 000 და 8 000 წლის შემდგომ მიღებული შედეგი მოჰყვება (სპირალური შვერილების გაჩენა). ბოლოს 12 000 წლის ინტერვალში ჩამოყალიბებული ფორმის გამოსახულებას ვხედავთ, რომელიც ტელესკოპმა გადაიღო.
ამას მკვლევართა მიერ ობიექტის პოტენციური ორბიტების სიმულაციებიც ცხადყოფს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, დისკოსა და მნათობის პირველი "შეხვედრა" სწორედ 12 000 წლის წინ შედგა, რამაც აირის ღრუბელს ფორმა შეუცვალა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები