სულ უფრო რეალური ხდება აბი, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება — ფიზიკური აქტივობის გარეშე
სტენფორდის, ბეილორისა და სხვა უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფი ამბობს, რომ სისხლში აღმოაჩინეს სპეციფიკური მოლეკულები, რომლებიც ამცირებს როგორც მადას, ასევე სიმსუქნეს თაგვებში. ბეილორის მედიცინის კოლეჯის გუნდმა კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნდა.
"დამტკიცებულია, რომ რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს წონის დაკლებას, არეგულირებს მადას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. თუ ჩვენ ზუსტად გავერკვევით იმ მექანიზმში, რომელიც ვარჯიშის შედეგს გვაძლევს, ეს ბევრი ადამიანისთვის შვება იქნება. ამით ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ადამიანებს და მათ ცხოვრება გავუადვილოთ", — თქვა კვლევის თანაავტორმა დოქტორ იონგ ქსუს, პედიატრიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა.
კვლევის კიდევ ერთი ავტორი ამბობს, რომ მათი მიზანია დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ფიზიკურ აქტივობას. ეს შეიძლება იყვნენ მოხუცებულები, ან ინდივიდები, რომლებსაც ფიზიკური აქტივობა არ შეუძლიათ.
"ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ვარჯიში, ერთ დღესაც შეეძლებათ აბების მიღება, რაც მათ სიჯანსაღეში დაეხმარება. ეს შეანელებს ოსტეოპოროზს, გულის დაავადებებს და სხვა არასასურველ მდგომარეობას. მეტიც, ისინი მშვენიერ ფორმაშიც იქნებიან", — განაცხადა ჯონათან ლონგმა, სტენფორდის მედიცინის პროფესორმა.
მიუხედავად იმისა, რომ თაგვებზე სამედიცინო კვლევები ხშირად ადამიანებზე ზუსტად ვერ ვრცელდება, ეს მაინც ძალიან საინტერესო პერსპექტივაა. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ვარჯიში, მომავალში მართლაც ისარგებლებენ ამ მკურნალობით, და შესაძლოა ოდესღაც ყოველმა ჩვენგანმა გამოიყენოს ეს. წარმოიდგინეთ, სვამთ აბს და იღებთ ვარჯიშის ეფექტს? წახვიდოდით ასეთ დროს დარბაზში სავარჯიშოდ?
ვნახოთ რა იქნება შემდეგი, ერთი კი ფაქტია, სულ მალე შეიძლება ძალიან ზარმაცი "სპორტსმენები" გვყავდეს.
კომენტარები