მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის გარშემო მოვლენები უსწრაფესად ვითარდება. ბოლო 24 საათი კრიპტოვალუტის ბაზრისათვის კატასტროფული იყო.

რა ხდება? რა იწვევს კრიპტოს ბაზრის უკუსვლას?

ბიტკოინი ამ დროისათვის 20 555$ ღირს. ბოლო ხუთ დღეში 25%-ზე მეტით დაეცა, 18 თვიანი პერიოდის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე. ნოემბრის პიკური მაჩვენებელი — 70 000$, თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ იყო.

ფოტო: GETTY IMAGES

ყველა გრაფიკი წითელია და ერთი მიმართულებით მიდის — ქვემოთ.

მიზეზი?

ექსპერტების აზრით, ამ კლებას გლობალური გარემოებები იწვევს. კრიპტოვალუტის ბაზარი არაა ერთადერთი, რომელსაც პესიმისტურად უყურებენ.

მოსალოდნელია რეცესია, ინფლაცია გაზრდილია, საბანკო პროცენტები იზრდება და ყოველდღიური ხარჯები იმატებს. საფონდო ბირჟაც არამყარია, ამერიკის S&P 500 ინდექსიც კი კლებაშია.

ამის პირდაპირი შედეგია, რომ ინვესტორები მეტად "უჭერენ ხელს" თავიანთ კაპიტალს. ბევრ წვრილ ინვესტორს კი თვის ბოლოს აღარც რჩება არაფერი, რომ დააბანდოს.

ბევრისათვის, ბიტკოინისნაირ არასტაბილურ აქტივში ფულის ჩადება ამ ვითარებაში წარმოუდგენელია. კრიპტოვალუტა არ არის რეგულრებული და დაცული ფინანსური ორგანოების მიერ, შესაბამისად, რისკებიც მეტია.

მოისმინეთ: შემდეგი პოდკასტი: ფულის ევოლუცია — კრიპტოვალუტები

და რატომ ახლა?

წინა თვეში დაეცა ორი გაცილებით ნაკლებ ცნობილი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი კოინი, ამან კი ბაზრის ზოგად სიმყარეში ბზარი შეიტანა.

ასე და ამგვარად, უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო კრიპტოს გაყიდვა და რაც მეტი გაყიდდა მას, მით უფრო დაეცემოდა მისი ღირებულება. ეს "დომინოს ეფექტს" ჰგავს — ადამიანები ყიდიან, ფასი ეცემა, სხვანი ხედავნ რომ ფასი ეცემა და თავადაც ყიდიან, ეს კი კიდევ უფრო ქვემოთ სწევს ფასს.

აქვე, მეტი სიცხადისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სხვა, უფრო ტრადიციული აქტივებისაგან განსხვავებით, ბიტკოინს არ აქვს თავისთავადი ღირებულება.

"ფასი დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, თუ რამდენს გადაიხდის მასში ადამიანი, სწორედ ამიტომაა ეს ასეთი დამაფიქრებელი — არ ვართ დაზღვეული, რომ ხვალ ფასი 10 000-მდე არ ჩავა, თუკი ხალხის სკმარისი რაოდენობა გადაწყვეტს მის გაყიდვას", — აცხადებს FT Markets-ის რედაქტორი ქეითი მარტინი.

ბიტკოინს ისედაც რთულ პირობებში უწევდა არსებობა, ბოლო 24 საათში კი ამას შემდეგი მოვლენები დაემატა:

  • Binance-მა, მსოფლიოს უდიდესმა კრიპტო პლატფორმამ, რამდენიმე საათით დააპაუზა ბიტკოინის განაღდება. მიზეზად "გაჭედილი ტრანზაქციები" დასახელდა, თუმცა ბევრმა ეს არ დაიჯერა.
  • კრიპტოს გამსესხებელმა Celsius-მაც იგივე გააკეთა, თუმცა მიზეზად "ბაზრის ექსტრემალური ვითარება" დაასახელა და არა ტექნიკური გაუმართაობა. ამასთან ერთად, Coinbase-მა გამოაცხადა, რომ თანამშრომელთა 18%-ს დაითხოვდა "კრიპტოს ზამთრის" გამო.
  • პირველმა ორმა შემთხვევამ ინვესტორები დააშინა. წარმოიდგინეთ, უცებ რომ გაიგოთ რომ რომელიმე ბანკიდან ხალხს თანხა ვეღარ გამოაქვს — მაშინვე ეცდებოდით საკუთარი თანხის განაღდებას, ყველა ეცდებოდა თავისი თანხის გამოტანას და შეიქმნებოდა საერთო პანიკა. შეშინებული ინვესტორი კი ყოველთვის აქტივის გაყიდვისკენაა მიდრეკილი, რაც ფასზე უარყოფითად აისახება.

რას შეუძლია სიტუაციის შემოტრიალება?

მარტივად რომ ვთქვათ, ფასის სტაბილიზაციისათვის საჭიროა, რომ ინვესტორებმა არ გაყიდონ თავიანთი ბიტკოინი. ზრდისთვის კი აუცილებელია ბაზარში ახალი კაპიტალის შემოდინება. ეს ადრეც სწორედ ასე მომხდარა. კრიპტოს გულშემატკივრები გეტყვიან, რომ ახლა იდეალური დროა პორტფოლიოს შესავსებად, რადგან ყველაფერი გაიაფებულია — შეგიძლია იყიდო და მშვიდად დაელოდო ფასების გაზრდას.

როგორც ყოველთვის, საინვესტიციო მრჩეველები მოგვიწოდებენ ფრთხილად მივუდგეთ კრიპტოსამყაროს.

"ეს არის სფერო, რომელშიც მხოლოდ გაბედულებმა უნდა შეაბიჯონ", — თქვა State Street Advisors დირექტორმა ალტაფ კასამმა, BBC Radio 5-თან ინტერვიუში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.