ჩვენს გალაქტიკაში "მოხეტიალე" შავი ხვრელი ხელმეორედ დააფიქსირეს — რას ვიგებთ ახალი მონაცემებით
წლის დასაწყისში მეცნიერებმა ჩვენს გალაქტიკაში "მოხეტიალე" შავი ხვრელი გამოავლინეს. ახალი კვლევის ფარგლებში კი სპეციალისტებმა დამოუკიდებელი ანალიზის შედეგად, მის შესახებ განსხვავებული მონაცემები მოიპოვეს. ეს მათ გრავიტაციული მიკროლინზირების სახელით ცნობილი მოვლენის შესწავლის გზით მოახერხეს, რაც მსგავსი კომპაქტური ობიექტების მძლავრი გრავიტაციული ველის გავლენით შორეული ვარსკვლავისგან მომავალი სინათლის გამრუდებას გულისხმობს.
შავი ხვრელები მასიური მნათობების ბირთვის კოლაფსისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა, ასეთი ვარსკვლავების ხანმოკლე სიცოცხლის გათვალისწინებით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში 10 მილიონიდან 1 მილიარდამდე უნდა იყოს. ამის მიუხედავად, იქიდან გამომდინარე, რომ შავი ხვრელებიდან სინათლე არ გამოყოფა, ისინი კოსმოსში უხილავ რეგიონებად რჩება.
მათი არსებობის შესახებ ისეთი არაპირდაპირი მეთოდებით ვიგებთ, როგორიც გრავიტაციულ მიკროლინზირებაზე დაკვირვებაა. ამ დროს ვარსკვლავის სიკაშკაშე იმატებს და სინათლის გამრუდების გამო, მისი მდებარეობაც სხვაგვარად მოჩანს. სწორედ მსგავსი მოვლენა, სახელად OB110462, დააფიქსირეს 2011 წელს. მისი ხანგრძლივობა "ლინზის" მასაზე გვაწვდის ინფორმაციას, თუმცა შავი ხვრელისა და მნათობის მოძრაობის სისწრაფესაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
დამატებითი მონაცემების დახმარებით, ადრეული კვლევით დადგინდა, რომ ზემოხსენებული შავი ხვრელის მასა მზისას 7.1-ჯერ აღემატება, ხოლო მისგან 5 153 სინათლის წელი გვაშორებს. მეცნიერთა ახალი გამოთვლებით კი, აღნიშნული ობიექტი მზეზე 1.6-4.4-ჯერ მასიურია, რაც შესაძლებელს ხდის, რომ საქმე სინამდვილეში ნეიტრონულ ვარსკვლავთან გვქონდეს — მნათობის კოლაფსირებულ ბირთვთან, რომელიც შავ ხვრელად ვერ გადაიქცა.
ასეთი ობიექტებისთვის მასის მაქსიმალური ზედა ზღვარი 2.4 მზის მასაა, შავი ხვრელებისთვის კი მინიმალური ზღვარი 5-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ნამდვილად შავ ხვრელზე ვსაუბრობთ, ის ჩვენთვის ცნობილ ნიმუშებს შორის ყველაზე დაბალი მასის მქონეა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები