სანქციებზე როგორც მსოფლიო, ასევე, ადგილობრივი მედია ხშირად საუბრობდა. წლების წინ განვიხილავდით სანქციებს სირიის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ბოლო 3 თვეში რუსეთმა ყველა მათგანს გაუსწრო და უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა.

ამ პერიოდში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 6 პაკეტი შეიმუშავა. სიაში ხვდებიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, ისე კრემლთან დაკავშირებული ოლიგაქრებიც.

ოკუპანტის წინააღმდეგ დარგობრივი სანქციები მიმართულია იმაზე, რომ უკრაინაში უკანონო აგრესიის ღირებულება გაზარდოს და სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი გამოყენება და გაფართოება შეზღუდოს. ინდივიდუალური კი — სამხედრო აგრესიაზე პასუხისმგებელ და ფინანსურად ან მორალურად მხარდამჭერ პირებზე, ასევე, მათზე, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძირგამომთხრელი ქმედებების განხორციელებაზე.

გაინტერესებთ როგორ ხდება ევროკავშირის სანქციების მიღება? ვის და რატომ უწესდება და რა არის მიზანი? განმარტება ამ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა.

როგორ არის შემუშავებული სანქციები

სანქციებზე წინადადება შეაქვს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში (HR). როდესაც სანქციები მიზნად ისახავს ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების შეწყვეტას, უმაღლესი წარმომადგენელი ამ წინადადებას ევროკომისიასთან ერთად აყალიბებს.

წინადადებები წარედგინება საბჭოს (წევრ ქვეყნებს), რომელიც პასუხისმგებელი უწყებების დახმარებით იღებს გადაწყვეტილებას ზომების მიღებაზე. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სანქციების რევიზიის, მოხსნის, ან განახლების აუცილებლობის შესახებ.

როგორ ხდება საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

შეთავაზებული ზომები მოწმდება და განიხილება საბჭოსადმი დაქვემდებარებული მომზადებაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ:

  • საბჭოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია იმ გეოგრაფიულ რეგიონზე, რომელსაც მიეკუთვნება სამიზნე ქვეყანა (მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფი (COEST) უკრაინის ან ბელარუსისთვის; სამუშაო ჯგუფი სირიისთვის (Mashreq/Maghreb) ან სხვა მომზადებაზე პასუხისმგებელი ორგანო);
  • საგარეო ურთიერთობათა მრჩეველთა სამუშაო ჯგუფი (RELEX);
  • საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC);
  • მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II).

შემდეგ საბჭო გადაწყვეტილებას ერთხმად იღებს. თუ საბჭოს გადაწყვეტილება მოიცავს აქტივების გაყინვას და/ან სხვა სახის ეკონომიკურ და/ან ფინანსურ სანქციებს, ეს ზომები რეგულაციაში უნდა აისახოს.

საბჭოს მიერ რეგულაციის მიღება

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უმაღლესი წარმომადგენელი და კომისია წარადგენენ ერთობლივ წინადადებას საბჭოს მიერ რეგულაციის მისაღებად.

ერთობლივი წინადადება განიხილება საგარეო ურთიერთობათა მრჩეველთა სამუშაო ჯგუფის (RELEX) მიერ და დასამტკიცებლად მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს (COREPER) და საბჭოს გადაეგზავნება. შემდეგ საბჭო აცნობებს ევროპარლამენტს საბჭოს მიერ რეგულაციის მიღების შესახებ.

დებულება განსაზღვრავს მისაღები ზომების ზუსტ ფარგლებს და დეტალებს მათი განხორციელებისთვის. რეგულაციის, როგორც საყოველთაო მოქმედების სამართლებრივი აქტის, შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პირისა თუ სუბიექტისთვის (ეკონომიკური ოპერატორები, სახელმწიფო ორგანოები და ა.შ.) ევროკავშირის ფარგლებში.

ძალაში შესვლა

საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე.

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის საბჭოს რეგულაცია ერთად მიიღება ორივე სამართლებრივი აქტის ერთდროულად მოქმედებისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია აქტივების გაყინვის შემთხვევაში.

მხოლოდ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) საბჭოს გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული ზომები, როგორიცაა იარაღის ემბარგო ან მოგზაურობის შეზღუდვა, განხორციელდება წევრი ქვეყნების მიერ, ხოლო კომისია შეამოწმებს, რომ წევრმა ქვეყნებმა რეგულაციები სათანადოდ და დროულად განახორციელონ.

შეტყობინების პროცედურა

პირებს და სუბიექტებს, რომლებიც აქტივების გაყინვის ან მოგზაურობის შეზღუდვების სანქციებს ექვემდებარება ეცნობებათ მათ მიმართ მიღებული ზომების შესახებ:

  • ინდივიდუალურად წერილით, თუ მათი მისამართი ხელმისაწვდომია;
  • საბჭოს მიერ ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის "C" სერიაში გამოქვეყნებული შეტყობინების საშუალებით.

გადასინჯვის პროცესი

ყველა მოქმედი შემზღუდველი ზომა მუდმივ გადასინჯვას ექვემდებარება, რათა მათი წვლილი დასახული მიზნების მიღწევაში უზრუნველყოფილი იყოს.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესასრულებლად მიღებულ შემაკავებელ ზომებს ვადა არ აქვს. გაეროს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ ისინი დაუყოვნებლივ ექვემდებარება შესწორებას ან უქმდება.

სანქციების შერეული რეჟიმები

გაეროს დებულებები ასევე არ არის დროში შეზღუდული. ევროკავშირის ავტონომიური დებულებები მინიმუმ 12 თვეში ერთხელ გადასინჯვას ექვემდებარება.

საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლითაც ევროკავშირის ავტონომიურ შემაკავებელი ზომები წესდება, როგორც წესი, 12 თვის განმავლობაში მოქმედებს, ხოლო საბჭოს შესაბამისი რეგულაციები უვადოა.

სანამ საბჭოს გადაწყვეტს ასეთი გადაწყვეტილების გახანგრძლივებას, იგი შემაკავებელ ზომებს განიხილავს. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, საბჭოს შეუძლია ნებისმიერ დროს გადაწყვიტოს მათი განახლება, გახანგრძლივება ან დროებით შეჩერება.

მოთხოვნა შემაკავებელი ზომების მოხსნის შესახებ

სიაში ჩამოთვლილ პირებს და სუბიექტებს შეუძლიათ მიმართონ საბჭოს, დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად, სანქცირებულთა სიაში მათი მოხვედრის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით, რომელიც შემდეგ მისამართზე უნდა გაგზავნონ:

  • Council of the European Union;
  • General Secretariat;
  • DG C 1C;
  • Rue de la Loi/Wetstraat 175;
  • 1048 Bruxelles/Brussel;
  • BELGIQUE/BELGIË

და ბოლოს, სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ პირებსა და სუბიექტებს შესაძლებლობა აქვთ საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის გენერალურ სასამართლოში გაასაჩივრონ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 275-ე მუხლის მეორე პუნქტით და 263-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.