ეგვიპტურ ნეკროპოლისში ასობით უძველესი მუმია აღმოაჩინეს
რამდენიმე დღის წინ ეგვიპტეში, საკარას არქეოლოგიური გათხრების ადგილას, კაიროს სამხრეთით მთელი რიგი სარკოფაგები და ბრინჯაოს ქანდაკებები აღმოაჩინეს. მათ შორის ერთი პიონერ არქიტექტორს, იმჰოტეპს ეკუთვნის.
საკარა ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის, მემფისის უზარმარზარი ნეკროპოლისია, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ამ ადგილას ათზე მეტი პირადმიდაა განლაგებული. აქვე გვხვდება ცხოველთა სამარხები და უძველესი კოპტური ქრისტიანული მონასტრები.
ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ხელმძღანელის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, ამ კვირაში აღმოჩენილ ბრინჯაოს 150 ქანდაკებას შორის ერთ-ერთი იმჰოტეპს ეკუთვნის, რომელმაც უძველეს სამყაროში "არქეოლოგიური რევოლუცია" მოახდინა.
იმჰოტეპმა, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულში ცხოვრობდა, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ეგვიპტური პირამიდა — ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდა ააგო.
ვაზირიმ არქეოლოგიური მისიის მიზანზეც ისაუბრა, რაც იმჰოტეპის აკლდამის პოვნაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად არქეოლოგიური გათხრები ერთი წლის წინ დაიწყო.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს განცხადებით, ამ კვირაში აღმოჩენილი სხვა ქანდაკებები სხვადასხვა ღმერთებსა და ქალღმერთებს გამოსახავს. მათ შორის არიან ბასტეტი, ანუბისი, ოსირისი, ამუნმინი, აისისი, ნეფერტუმი და ჰატჰორი.
ვაზირის თქმით, მისიის ფარგლებში ასევე გახსნეს "250 ხის სარკოფაგი, რომლებშიც გვიანდელი პერიოდის", ძვ.წ.აღ. მე-5 საუკუნის მუმიები აღმოჩინეს.
ერთ-ერთ სარკოფაგში გუნდმა ხელშეუხებელი, დალუქული პაპირუსი აღმოაჩინა, რომელიც რესტავრაციისა და შესწავლისთვის ცენტრალური კაიროს ეგვიპტის მუზეუმის ლაბორატორიას გადაეცა.
ვაზირის თქმით, 9 მეტრის სიგრძის პაპირუსი, სავარაუდოდ, მიცვალებულთა წიგნის თავებს შეიცავს. ეს უკანასკნელი შელოცვებისგან შედგება, რომლებსაც ეგვიპტელები მკვდრების მიწისქვეშა სამყაროში გასაცილებლად იყენებდნენ.
სარკოფაგებს ეგვიპტის დიდ მუზეუმში გადაიტანენ. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მუზეუმს ამ წელს, განმეორებითი შეყოვნებების შემდეგ, კაიროს გიზას პირამიდის მახლობლად საზეიმოდ გახსნიან.
აქვე აღსანიშნავია, რომ მარტში საკარაში ფარაონების აკლდამები, გასული წლის იანვარში კი 50-ზე მეტი ხის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც ახალი სამეფოს პერიოდითაა დათარიღებული. ეს უკანასკნელი ძვ.წ.აღ. მე-11 საუკუნეში დასრულდა.
კომენტარები