ღვიძლი, რომელმაც სხეულის გარეთ 3 დღე გაძლო — წინსვლა ორგანოთა ტრანსპლანტაციაში
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის რიგში 100 000 ადამიანი დგას, რომელთაგანაც ღვიძლის გადანერგვა 11 403-ს სჭირდება. რაც ყველაზე საგანგაშოა, დონორის ლოდინში ყოველდღიურად დაახლოებით 12 პაციენტი კვდება.
ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი ღვიძლების უმეტესობა (95%) დაღუპული დონორების მთლიანი ორგანოებია, რომელთა გადანერგვის შემთხვევებიც 2018-დან 2019 წლამდე პერიოდში 30%-ით გაიზარდა. სამწუხაროდ, ეს არაფერს ცვლის, რადგან მომლოდინეთა რაოდენობა საკმაოდ მზარდია.
ამას ემატება მთავარი პრობლემა — ღვიძლი ყინულში 12 საათზე მეტხანს ვერ ინახება, თუმცა ეს შესაძლოა, მალე შეიცვალოს.
საქმე იმაშია, რომ მეცნიერებმა 1 წლის წინ ადამიანის ორგანიზმში გადაიტანეს ღვიძლი, რომელმაც სხეულის გარეთ 3 დღე გაძლო. პროცედურა წარმატებით დასრულდა და პაციენტი თავს დღემდე კარგად გრძნობს.
სპეციალისტებმა ეს ყველაფერი მანქანური პერფუზიის მეთოდით შეძლეს, რაც ორგანოში სისხლის შემცვლელი სითხის შეყვანას გულისხმობს. შედეგად, ქსოვილი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. ასეთი ღვიძლი მათ ციროზისა და პორტალური ჰიპერტენზიის მქონე ინდივიდს გადაუნერგეს, რომელსაც პროცედურის შემდგომ, 6 კვირის განმავლობაში, იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები, იმუნოსუპრესანტები დაენიშნა.
მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი მიღწევა ტრანსპლანტაციის მომლოდინეთათვის იმედისმომცემია, რადგან მისი საშუალებით უფრო მეტი პაციენტის გადარჩენა შეიძლება. ამის მიუხედავად, ავტორები აცხადებენ, რომ იქამდე უფრო მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Biotechnology გამოქვეყნდა.
კომენტარები