ახალი კვლევის მიხედვით, დინოზავრების უმეტესობა თბილსისხლიანი იყო
როგორები იყვნენ დინოზავრები — თბილსისხლიანები თუ ცივსისხლიანები? ეს ერთ-ერთი უძველესი კითხვა პალეონტოლოგიაში. ახლა კი მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამაზე პასუხი საბოლოოდ მიიღეს.
დინოზავრების ძვლების შესწავლაზე დაყრდნობით, რომლებიც მიუთითებს, თუ როგორ სუნთქავდნენ ცალკეული ცხოველები სიცოცხლის ბოლო საათში, პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ დინოზავრების უმეტესობა თბილსისხლიანი იყო. თუმცა, მეცნიერებმა დააფიქსირეს გარკვეული განსხვავებები დინოზავრების ორ დიდ ჯგუფს — საურიშიანებსა და ორნიტიშებს შორის — ხვლიკის თეძოებსა და ფრინველის თეძოებს შორის.
ხვლიკისებრ დინოზავრებს, როგორებიც იყვნენ ტრიცერატოპსი და სტეგოზავრები, დაბალი მეტაბოლიზმის მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე ეს ცივსისხლიან თანამედროვე ცხოველების შემთხვევაშია.
კვლევის მიხედვით, ჩიტისებრი დინოზავრები, მათ შორის ტირანოზავრი და გიგანტური, გრძელყელიანი ბალახისმჭამელები, როგორიცაა Brachiosaurus, თბილი ან თუნდაც ცხელსისხლიანები იყვნენ.
რატომ არის ამ საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანი? იმის ცოდნა, დინოზავრები თბილი თუ ცივსისხლიანები იყვნენ, დაგვეხმარება გავარკვიოთ, თუ რამდენად სწრაფი იყო მათი მეტაბოლიზმი. ამაზე დამოკიდებულია ის, თუ როგორ ხდებოდა ჟანგბადის ენერგიად გარდაქმნა, ეს ინფორმაცია კი გვეტყვის რამდენად აქტიურები იყვნენ დინოზავრები და როგორი იყო მათი ყოველდღიური ცხოვრება.
ექსპერტების თქმით, ამ დრომდე მსგავსი ინფორმაციის დადგენის მეთოდები არაზუსტი იყო. ახლა კი, ახალი მეთოდით მეცნიერებმა ეს შეძლეს.
ჟასმინა ვაიმანმა, ნაშრომის წამყვანმა ავტორმა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დოქტორანტმა თქვა, რომ კვლევა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
"ეს შეკითხვა პალეონტოლოგიაში ერთ-ერთი უძველესია და ახლა ჩვენ ვფიქრობთ, გვაქვს კონსენსუსი, რომ დინოზავრების უმეტესობა თბილისისხლიანი იყო. სისხლის ეს ფაქტორი კი პირდაპირ დაკავშირებულია მეტაბოლიზმთან, რომელიც თავის მხრივ, პასუხისმგებელია იმაზე თუ რამდენად ეფექტურად ვაქცევთ ჟანგბადს ქიმიურ ენერგიად. ხსენებული ენერგია კი ამარაგებს ჩვენს სხეულს", — ამბობს ჟასმინა.
თბილსისხლიანი ცხოველები, როგორებიცაა ფრინველები და ძუძუმწოვრები, იღებენ უამრავ ჟანგბადს და უწევთ მეტი კალორიის დაწვა, რათა შეინარჩუნონ სხეულის ტემპერატურა. ხოლო ცივსისხლიანი ცხოველები, როგორებიცაა ქვეწარმავლები, ნაკლებ ჟანგბადს მოიხმარენ და შედარებით ნაკლებსაც ჭამენ.
რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, ცხოველთა 55 სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის დინოზავრების ფეხის ძვლების გაანალიზებისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დინოზავრების მეტაბოლური მაჩვენებლები მაღალი იყო.
მკვლევრები ამბობენ, რომ აღმოჩენა შემოგვთავაზებს ახალ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორი იყო დინოზავრების ცხოვრება.
"დაბალი მეტაბოლიზმის მქონე დინოზავრები გარკვეულწილად უფრო დამოკიდებულები იქნებოდნენ გარე ტემპერატურაზე. ამასთან, კლიმატი შესაძლოა შერჩევითი ფაქტორი ყოფილიყო იმისთვის, თუ სად იცხოვრებდნენ დინოზავრები", — ამბობენ მკვლევრები.
მეორეს მხრივ, მკვლევრების თქმით, თბილსისხლიანი დინოზავრები უფრო აქტიურები იქნებოდნენ და შესაბამისად, მეტის ჭამაც დასჭირდებოდათ.
დასკვნები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები