Facebook-ის განცხადებით, ის საკუთარი მეტავერსის შექმნას აღარ აპირებს
მეტავერსი, ინტერნეტის მომავალი და მეორე მხრივ, შემაწუხებელი რეკლამებით სავსე VR რეალობა, ისეთივე არათანმიმდევრული და დამაბნეველია, როგორც Facebook-ის მშობელი კომპანია Meta-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტის, ნიკ კლეგის 8 000-სიტყვიანი ესე.
ამ უკანასკნელში კლეგი წერს, რომ Facebook საკუთარი მეტავერსის შექმნას აღარ აპირებს.
"Meta-ის გაშვებული მეტავერსი ისევე არ იარსებებს, როგორც არ არსებობს Microsoft-ის ინტერნეტი ან Google-ის ინტერნეტი", — წერს კლეგი.
თავდაპირველად, Facebook-ის გეგმა ისე ჟღერდა, თითქოს მას საკუთარი გაფართოებული რეალობის სამყაროს შექმნა უნდოდა, რაშიც კომპანიას ასტრონომიული რაოდენობის რესურსები აქვს დახარჯული.
Meta ახლა ცდილობს, თავისი მეტავერსი ინტერნეტს დაამსგავსოს, რომელიც ყველას ეკუთვნის. იქიდან გამომდინარე, რომ იგი აქტიურად ავრცელებდა თავის Horizon Worlds-ის მეტავერს აპლიკაციას და მასში წარმოდგენების გასამართად ხელოვანებიც კი ჰყავდა დაქირავებული, კომპანიის ასეთი განაცხადი ცოტა დამაბნეველია.
აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook ნებისმიერ ფასად ცდილობს ინტერნეტზე დომინირებას, აგრესიულად ახშობს კონკურენტულ იდეებს და შემოსავლის მაქსიმიზაციისთვის საკუთარ პროდუქტს მთელი მსოფლიოს გარშემო მილიარდობით ადამიანს აძალებს.
კლეგის მიხედვით, შესაძლოა, Meta-მ საკუთარი მეტავერსი არ შექმნას, მაგრამ კომპანიას სურს, გარკვეულწილად თვითონაც განსაზღვროს მისი წესები და ამავდროულად არ იყოს მისი სრული მფლობელი.
"რა თქმა უნდა, ინტერნეტის მსგავსად, მეტავერსი ურთიერთდაკავშირებული სისტემა იქნება, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება. ასე რომ, საჭირო გახდება საჯარო და კერძო სტანდარტების, წესებისა და ნორმების შემუშავება, რაც მისი იურისდიქციის დაცვით მოქმედებას უზრუნველყოფს", — წერს კლეგი. თუმცა, იგი არ აკონკრეტებს, თუ სინამდვილეში ვის ერგება წილად ამ წესებისა და სტანდარტების დაწესება.
კლეგი ირწმუნება, რომ ავტორიტარული სახელმწიფოების მთავრობები "საკუთარ საზღვრებთან ციფრულ ბარიერებს აშენებენ და ძლიერ კონტროლს ამყარებენ ინტერნეტზე ამ სახელმწიფოებში".
"ავტორიტარული ინტერნეტის აღზევება წარმოადგენს იდეოლოგიურ გამოწვევას ღია ინტერნეტისთვის და ჩვენ ეს ვიცით", — წერს კლეგი.
ასე რომ, ჩნდება კითხვა: თუ მთავრობებს არა, აბა ვის ეკუთვნის საბოლოო სიტყვა? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე Meta-ს კონკრეტული პასუხი არ აქვს.
უნდა თუ არა Meta-ს დაგვაჯეროს, რომ მას სურს, ბევრად დიდი მეტავერსის მხოლოდ მცირე ნაწილი იყოს? თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდი კონტროლი აქვს Facebook-ს ინტერნეტ სამყაროზე, ეს უბრალოდ დაუჯერებლად ჟღერს.
დასასრულს კი, უნდა ითქვას, რომ კლეგის ესე, ასე თუ ისე, ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია უკვე ვეჭვობდით: Meta-ს წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყურება მეტავერსი მათი ხედვით.
კომენტარები