"მუტანტი" ტარაკნები? — ისტორიაში პირველად, ამ მწერებზე CRISPR-ის ტექნოლოგია გამოიყენეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ტარაკნებზე CRISPR--ის სახელით ცნობილი ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც მათი გენები ხელოვნურად შეცვალეს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Cell Reports Methods გამოქვეყნდა.
CRISPR გახლავთ მეთოდი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმის დნმ-ის თანმიმდევრობაში ჩარევით გენომის კონკრეტულ რეგიონებზე მანიპულაციაა შესაძლებელი. ეს გენეტიკის, ევოლუციური ბიოლოგიისა თუ დაავადებების მკურნალობის განვითარების მხრივ ახალ, ინოვაციურ გზებს გვიკვალავს. ის მწერების ემბრიონებზე უკვე გამოცადეს, თუმცა ზოგიერთ სახეობაზე ექსპერიმენტები ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. მათ შორის იყვნენ ტარაკნებიც, რადგან ამ არსებების განაყოფიერებული კვერცხები მყარი გარსითაა დაცული, რაც ინიექციას ართულებს.
აღნიშნული დაბრკოლების გადასალახად, სპეციალისტებმა მიზანში არა ემბრიონები, არამედ მდედრი ტარაკნები ამოიღეს და მათ სხეულში, თვალის ფერის შესაცვლელად, გენეტიკური მასალა შეიყვანეს. შედეგად, შთამომავლობას "მუტანტი" გენები გადაეცა და მათაც მსგავსი თაობა შვეს.
კერძოდ, როცა CRISPR ტექნოლოგია Blattella germanica-დ წოდებულ სახეობაში გამოიყენეს, ხელოვნური მუტაცია შთამომავლობის 21.8 პროცენტს გადაეცა, Tribolium castaneum-ის სახეობაში კი ეს მაჩვენებელი 50 პროცენტი იყო.
ახალი მიგნება საშუალებას იძლევა, რომ ზემოხსენებული მეთოდი სხვა უხერხემლო ცხოველებზეც გამოვცადოთ და მათში მიმდინარე რთული ევოლუციური პროცესების შესახებ მეტი შევიტყოთ.
კომენტარები