რატომ ლაპარაკობს ყველა უხილავ ბოტასზე? — ყველაფერი, რაც STEPN-ზე უნდა იცოდე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

თბილისში მეტად უცნაური რამ ხდება — ქალაქში მოსიარულე, მოძუნძულე და მორბენალი ადამიანები გაჩნდნენ, რაღა თქმა უნდა, ადამიანები აქამდეც ვარჯიშობდნენ, თუმცა ახლა უფრო ხშირად შენიშნავთ იმ გამვლელებს, რომლებსაც ხელში მობილური უჭირავთ და სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. ეს ვიღაცებისთვის თვალით შესამჩნევი მალევე გახდა, ნელ-ნელა ყველამ დაიწყო გარკვევა თუ რა ხდება ჩვენ გარშემო და ამ ყველაფერმა პროექტისადმი დაინტერესება კიდევ უფრო გაზარდა. ვინ და რატომ იხდის ფულს სიარულსა და სირბილში? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენს სტატიაში იპოვით.

"იმოძრავე და გამოიმუშავე"

ბიტკოინი 2009 წელს შეიქმნა, მან პოპულარობა მალევე მოიპოვა და ინტერნეტში გაჩნდა კრიფტოგრაფიულად დაცული ფული. რაც ყველაზე მთავარია, ბიტკოინის გამოსამუშავებლად Proof of Work პროტოკოლი შეიქმნა. ჩვენთვის ნაცნობ ენაზე რომ ვთქვათ, ბიტკოინის მოპოვება მაინინგით გახდა შესაძლებელი, თუმცა მისი მოპოვების პროცესი საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რადგან მაინერები დიდძალ ენერგიას მოიხმარენ.

2009 წლის შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა, სამყარომ კრიპტოვალუტები გაიცნო და მათ ნდობაც გამოუცხადა. ბაზარზე უამრავი კოინი გაჩნდა და ყველა რაღაც ახლის ძიებაშია, თითოეულ მათგანს სურს გაუწიოს კონკურენცია სხვებს და შესთავაზოს რაიმე ახალი მომხმარებლებსა და ინვესტორებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბიტკოინისა და სხვა proof of work პროტოკოლებზე დაფუძნებული კრიპტოების გამომუშავება ხარჯიანია და ამავდროულად, დიდ მასშტაბებზე, დედამიწასაც კი აზიანებს, ბაზარზე ახალი პროტოკოლები გაჩნდა — Proof of Stake, ჭკვიანი კონტრაქტები, რომლის კარგი მაგალითიც NFT-ებია.

ასევე, ნელ-ნელა ინტერნეტში Play To Earn (ითამაშე და გამოიმუშავე) პრინციპზე დაფუძნებული ბლოკჩეინ თამაშებიც გამოჩნდა.

2021 წელს GameFi (Game & Finance) სექტორის Play to Earn პროექტები კრიპტოსამყაროს ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მოგვევლინა.

ამის კარგი მაგალითია Axie Infinity, რომელმაც მომხმარებელთა პოპულარობა უსწრაფესად მოიპოვა და პოპულარობის პიკში 10 მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზაციასაც მიაღწია. Play To Earn პრინციპზე დაფუძნებულ თამაშებში თქვენ გარკვეულ კოინებს თამაშითვე გამოიმუშავებთ, თუმცა დასაწყისისთვის საკმაოდ მსუყე საწყისი ინვესტიცია უნდა გააკეთოთ.

მიმდინარე წლიდან, ყურადღების ცენტრში ახალი, ინოვაციური ბიზნეს-მოდელი — Move To Earn (იმოძრავე და გამოიმუშავე) მოექცა და M2E-ზე დაფუძნებული პროექტები ცვლიან წარმოდგენას ბლოკჩეინ აპლიკაციებზე.

უკანასკნელი თვის განმავლობაში ინტერნეტში ახალი კრიპტო NFT პროექტის ბუმი დაიწყო, რომელიც სწორედ Move To Earn მოდელზეა დაფუძნებული.

რა ხდება ჩვენ გარშემო...

დღეს ჩვენ STEPN-ზე მოგიყვებით — ფაქტობრივად ამ ჟანრის პიონერ პროექტზე, რომელმაც საქართველოში პოპულარობა იმდენად სწრაფად მოიპოვა, რომ Google Trends-ის სტატისტიკაში პირველ ადგილზეც მოვხვდით.

რატომ შეიძლება ვინმე ვინმეს სიარულში გასამრჯელოს უხდიდეს, ადამიანთა უმრავლესობისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. "თაღლითობაა თუ მომგებიანი ინვესტიცია?" — ეს კითხვა ორ ბანაკად ჰყოფს. ერთი ნაწილი STEPN-ს კრიტიკულად, მეორე კი — იმედიანად უყურებს.

როგორც ხედავთ, STEPN-ის პოპულარობის ასეთმა ზრდამ ბევრი კითხვა დააგროვა. მას შემდეგ, რაც საქართველოში "ბოტასების ბუმი" დაიწყო, მეც დავინტერესდი ამ თემით და შევძელი, თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია დამეგროვებინა, სწორედ ამიტომ, დღეს STEPN-ზე ვისაუბრებ, ციფრულ NFT ბოტასებზე, რომელთა მეშვეობითაც გარკვეული ღირებულების მქონე ციფრული ვალუტის გამომუშავება შეგვიძლია.

რა არის STEPN?

STEPN პირველი მობილური აპლიკაციაა, რომელიც Move to Earn კონცეფციაზე (იმოძრავე და გამოიმუშავე) დაფუძნდა, ის ავსტრალიური სტუდიის, Find Satoshi Lab-ის მიერ გახლავთ შექმნილი.

პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე, STEPN-მა მოიზიდა ინვესტიციები ისეთი ფონდებიდან, როგორიცაა SEQUOIA Capital, ეს უკანასკნელი განვითარების ადრეულ ეტაპზე მხარს უჭერდა Apple-სა Google-ს, Binance Labs (უმსხვილესი კრიპტობირჟა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს), Solana Ventures (ვენჩურული კაპიტალის ბლოკჩეინის ეკოსისტემის ფონდი Solana), Alameda Research, DeFi Alliance და მრავალი სხვა.

STEPN-ის მომხმარებლები იყენებენ NFT ბოტასებს (სარბენად ან სასეირნოდ) ამის სანაცვლოდ კი იღებენ GST და GMT ტოკენებს რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თამაშშივე ბოტასების გასაძლიერებლად, ყუთების გასახსნელად, ბოტასების გასამრავლებლად ან სხვა კრიპტოში გადასაცვლელად და შემდეგ გასანაღდებლად. ბოტასის მიერ გამომუშავებული GST-ისა და GMT-ის რაოდენობა დამოკიდებულია — ფეხსაცმლის ტიპზე, მონაცემებზე, თამაშის სტრატეგიაზე და სხვა ფაქტორებზე.

ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ, თუმცა საჭიროა ზოგადად ვიცოდეთ რა ხდება თამაშში.

მაშინ, როცა ამ სტატიის წერა დავიწყე, ერთი NFT ბოტასის ფასი $1200-$1400-ამდე მერყეობდა, დღეს ბაზარზე სხვა მდგომარეობა და ბოტასების ყიდვა 500 დოლარითაც შეიძლება. ყველაზე იაფი ფეხსაცმლის შეძენა ამჟამად 13 Solana-დ არის შესაძლებელი, რაც სოლანას დღევანდელი კურსით (16 მაისი, 2022) 700-მდე დოლარი გამოდის.

STEPN-ის უკან ნაკლებად ცნობილი და განვითარების ეტაპზე მყოფი გუნდი დგას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის კონსულტანტებს შორის გახლავთ Adidas-ის ვიცე პრეზიდენტი სკოტ დანლაპი, ასევე აპლიკაციამ მოიზიდა დაფინანსება Binance-ის, Alameda Research-ისა და სხვა ინვესტორებისგან.

რატომ არის STEPN მნიშვნელოვანი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედზე მეტი (1.4 მილიარდი ადამიანი) განიცდის ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას. ჯანმოს ექსპერტების აზრით, მსოფლიოს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესება ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა.

ბაზარზე მყოფ თითოეულ კომპანიას თავისი ნიშა აქვს. STEPN-ის გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს მიმართულების ათვისება სცადა და წარამტებითაც გამოუვიდა. ამრიგად, კრიპტომ და ბლოკჩეინ პროექტებმა ფიტნესშიც შემოაღწიეს. დიახ, STEPN ბაზარზე ფიტნეს აპლიკაციად პოზიციონირებს.

რომელია შემდეგი დიდი ინდუსტრია, რომლის ამოტრიალებაც უნდა მოხდეს? Web3 ფიტნეს ინდუსტრიის, მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირს ეთამაშება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარს წარმოადგენს.

ფიტნესის სფერო 4.7 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული და ყოველწლიურად აქტიურად განაგრძობს ზრდას. ამ მხრივ, ფიტნეს ინდუსტრიის ზრდაში Covid-19-მა კატალიზატორის როლი ითამაშა და წინა პლანზე წამოწია ჯანმრთელობა და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი.

რეგულარული სიარული, ძუნძული თუ სირბილი თქვენს ჯანმრთელობას ძალიან ეხმარება. ჰარვარდის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად 21 წუთის მანძილზე სიარული კოლოსალურად, 30%-ით ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემების დაავადებათა განვითარების რისკებს.

ადამიანებს ხშირად ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვთ, ან ეს ყველაფერი მოტივაციის მოსაძებნად არ კმარა. რეგულარული ვარჯიშის მრავალი სარგებლის მიუხედავად, ბევრ ადამიანს უჭირს დაძლიოს ის ბარიერები, რაც მათ ჯანსაღი ჩვევების შენარჩუნებაში ეხმარება.

Blockchain ტექნოლოგიების მეინსტრიმ სივრცეში შემოსვლის პარალელურად, Web3 პროექტები ამკვიდრებენ ახალ წესებს ისეთ ინდუსტრიებში როგორიც არის გეიმინგი, ფინანსები, ხელოვნება (NFT-ები). როგორც უკვე ვთქვით, STEPN-ს ფიტნეს ინდუსტრიის თავდაყირა დაყენება სურს.

M2E (Move 2 Earn ) ან FitnessFi სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის აპლიკაციებში გაერთიანების საშუალებას იძლევა. იდეა ახალი ნამდვილად არ არის, აქამდე ყოფილა თამაშები, რომლებიც რეალურ დროსა და სივრცეში გადაადგილებას მოითხოვდა, მაგალითად Pokemon Go ან Ingress, თუმცა მათ თამაშში გასამრჯელოს არავინ გვიხდიდა. STEPN და მისი მსგავსი ახალი თაობის აპლიკაციები მომხმარებლებს არა მხოლოდ გასართობი და სოციალური სარგებლით, არამედ ფინანსური სტიმულის გაცემითაც იზიდავს.

"იმოძრავე და გამოიმუშავე" პრინციპზე დაფუძნებულ აპლიკაციებს (მაგ. STEPN) ფიტნესი ახალ დონეზე და ამავდროულად თამაშის ჭრილში გადაჰყავს. ეს მილიონობით ადამიანის მოტივაციაზე დადებითად აისახება და მათ ეძლევათ სტიმული იმისთვის, რომ იმოძრაონ და გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა. ორი მასიური ინდუსტრიის ძალის გამოყენებით, როგორებიცაა ფიტნესი და კრიპტო, " იმოძრავე და გამოიმუშავე" ინდუსტრიის პოტენციური ეფექტი შესაძლოა უზარმაზარი აღმოჩნდეს.

STEPN-ის გუნდს თამაშის კონცეფციაზე ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი — ასეთ პროექტში მომხმარებელთა ჩართულობასა და აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანაზღაურების კრიპტოვალუტის სახით გაცემის პირობით, STEPN მომხმარებელს აძლევს ძლიერ სტიმულს, დროულად და ჩაუგდებლად შეასრულონ დაკისრებული დავალებები. სირბილი ან სიარული რომ კარგია თქვენთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს ყველასთვის ცხადია, თუმცა არა ყოველთვის საკმარისი იმისათვის, რომ სიზარმაცე დაძლიოთ. გარკველი რაოდენობის კრიპტოს გაცემის პირობით, STEPN-მა უამრავი მომხმარებელი მიიზიდა.

თამაშით, ანუ სიარულით, ძუნძულითა და სირბილით მიღებული ჯილდოთი, ბოტასების შემდეგ დონეებზე გადაყვანის შესაძლებლობით (Level up), მომხმარებელზე მორგებული სპორტული ფეხსაცმელებითა და დღიურად გასახარჯი ენერგიის შეზღუდულობით, STEPN-ს მოძრაობა თამაშის ჭრილში გადააქვს. თამაშად ქცეული ფიტნესი წარმოადგენს მძლავრ, გამოცდილ მეთოდს იმისთვის, რომ მომხმარებელი გახდეს ფიზიკურ აქტივობაზე დამოკიდებული. ეს ერთგვარი ხრიკია, რომელიც განაპირობებს ხანგრძლივი ხასიათის, ჯანსაღი ქცევების პატერნის ჩამოყალიბებას.

Web 3 სამყაროს უკიდეგანო ოკეანეში STEPN ნამდვილად ბრწყინავს. ის თავისი არსით ცოტათი კონტრავერსიულიც კია, რადგან აპლიკაცია Web 3 სივრცის ნაწილია, იმ სივრცის, რომელშიც ყველაფერი ციფრულია და მეტიც, ვირტუალური სამყაროების შექმნას გვიქადის. სწორედ ასეთი სივრციდან ადამიანების რეალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად შეიქმნა STEPN.

Web 3 პროექტები ხშირად ხდებიან კრიტიკის სამიზნე და მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მათ უმეტესობას რეალურ ცხოვრებაში არანაირი სარგებელი არ მოაქვს. STEPN-ს სხვებისგან გამოარჩევს ის, რომ მის მიერ შემოთავაზებული ღირებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ Web 3 სამყაროთი. ტოკენებისა და შესაბამისად გარკვეული თანხების გამომუშავების და Web 3-ის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, მომხმარებელთა თქმით, ისინი უკეთ გრძნობენ თავს და უკეთ გამოიყურებიან. ამავდროულად, მათ უყალიბდებათ გრძელვადიანი, ჯანსაღი ჩვევების პატერნი. STEPN-ის Discord-ის არხზე ასეთ უამრავ ადამიანს იპოვით და მათ ისტორიებსაც მოისმენთ. ზოგი მომხმარებელი იმასაც კი ამბობს, რომ მათ წლებია ან მთელი ცხოვრებაა არ უვარჯიშიათ და ახლა კვირაში 7 დღის მანძილზე უწევთ გარეთ მოძრაობა. მძლავრი ჯაჭვური ეფექტითა და მიზერული მარკეტინგული დანახარჯით, STEPN უსწრაფესად ახერებს ახალი მომხმარებლების მოზიდვას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აპლიკაციის პირველი Beta ვერსია 2021 წლის დეკემბერში გაეშვა.

ტოკენომიკა

იმისათვის, რომ STEPN-ში კარგად გაერკვეთ, აუცილებელია მათი ფინანსური მოდელის შესწავლა, ამას კი კრიპტო სამყაროში ხშირად ტოკენომიკას ვეძახით.

STEPN-ის გუნდი იმედოვნებს, რომ ფულის შემოდინება მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდება, ამავდროულად კი მუდმივად უნდა ხდებოდეს გარკვეული რაოდენობის გამომუშავებული ტოკენების დაწვა, რათა პროექტი გრძელ ვადაში წარმატებული იყოს. მოდი განვიხილოთ პროექტის ტოკენომიკა და საიდან შემოდის "ფული".

პროექტს აქვს 2 ტოკენი GST და GMT.

GST — (Green Satoshi Token) თამაშის შიდა ტოკენია, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია სიარულის ან სირბილის დროს. GST არის ინფლაციური ტოკენი, რომელიც უსასრულოდ შეიძლება გამოიმუშავო. იმისათვის, რომ ულიმიტო ემისიის მქონე ტოკენმა არ დაკარგოს ღირებულება, დეველოპერებმა წვის მექანიზმი (Burning) მოიფიქრეს.

რა არის ტოკენის წვა?

რადგან ტოკენის რაოდენობა შეუზღუდავია, მისი ფასის შესანარჩუნებლად საჭიროა წვის მექანიზმი. რა არის ტოკენის წვა? — ეს არის ტოკენების გარკვეული რაოდენობის განადგურება, რითაც ტოკენების საერთო მოცულობა შემცირდება.

რას მოიცავს დაწვის პროცედურა? — სინამდვილეში არაფერი არ იწვის და არც ქრება, უბრალოდ პროექტის შემქმნელები აგზავნიან ტოკენებს არარსებულ ბლოქჩეინ მისამართზე. ასეთ შემთხვევაში ტოკენები უბრალოდ ქრება და ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს მათ აღდგენასა და გამოყენებას.

რატომ წვავენ ტოკენებს — ყველა აქტივს ანუ იქნება ეს ფიატი (ფული) თუ კრიპტო, ეხება ინფლაცია. სწორედ ამის გამო იწვება მათი გარკვეული რაოდენობა. კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის და მომხმარებლების გაზრდის შემდეგ აქტივი ნაკლებად იშვიათი ხდება. თქვენ ხომ უფრო მეტად იმ აქტივის ფლობა გსურთ, რომელიც მხოლოდ ილონ მასკს და თქვენ გაქვთ და არა მთელ სამეზობლოს. აქედან გამომდინარე, დაწვა პირდაპირ გავლენას ახდენს ტოკენის სავაჭრო ბალანსზე. მისი მიმოქცევიდან ამოღებით შესაძლებელია ფასის შენარჩუნება და ინფლაციის თავიდან არიდება.

უკეთ რომ გავიგოთ, ეროვნული ბანკი უკონტროლოდ და თავისი სურვილით ბეჭდავს აურაცხელ ქართულ ლარს, რაც ლარის გაუფასურებასა და მისი მსყიდველთუნარიანობის დაქვეითებას იწვევს, ამის საპირისპიროდ, STEPN-ის დეველოპერები თავიანთ ვალუტას გაუფასურებისგან სხვადასხვა ხერხებით იცავენ.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა გარანტია გვაქვს, რომ გუნდი ტოკენებს წვავს და არ ითვისებს? — ტოკენების დაწვისას პროექტის დეველოპერები ყოველთვის აქვეყნებენ ტრანზაქციას. ტრანზაქციის გადამოწმება კი ბლოქჩეინის დახმარებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

GST თამაშშივე იწვის და მათ ჩვენ ვწვავთ — ბოტასის მინტით (ორი ბოტასის "შეჯვარებით" მესამის წარმოსაქმნელად), შეკეთებით, ფეხსაცმლის დონის ამაღლებით, კრისტალების განახლებით, სოკეტების განბლოკვით, ფეხსაცმლის ატრიბუტების ჩამოყრითა და საიდუმლო სასაჩუქრე ყუთების გახსნით.

GST-ის შესახებ მეტნაკლებად წარმოდგენა შევიქმენით, ახლა GMT-ის განხილვაზე გადავიდეთ.

GMT (Green Metaverse Token) — აპლიკაციის მთავარი ტოკენია. GMT-ს მაქსიმალური რაოდენობა არის 6,000,000,000. ამაზე მეტი GMT ბუნებაში ვერასდროს იარსებებს. GMT აპლიკაციაში გამოიყენება ფეხსაცმლის 5, 10, 20 29 და 30 ლეველებზე გადასაყვანად. GMT ტოკენის გამომუშავება ხდება მხოლოდ 30-ე დონიდან. ასევე GMT გამოყენებული იქნება DAO-ს (დეცენტრალიზებული საზოგადოება) ხმის მიცემისთვის.

GMT ტოკენების დაწვის მექნიზმი GST წვის მექანიზმის მსგავსია და მისი წვა შემდეგ შემთხვევებში ხდება — მენეჯმენტში მონაწილეობა, ფეხსაცმლის აყვანა 30 ლეველზე, ბოტასების მინტი, კრისტალების გაძლიერება, ბოტასის ატრიბუტების ჩამოყრა.

GMT, როგორც უკვე ვთქვით, სასრული რაოდენობით არსებობს, შესაბამისად ის გარკვეული დანიშნულებითაა გადანაწილებული:

  • Binance Launchpad-ზე გაყიდვა - 7%
  • გუნდი - 14.2%
  • მრჩევლები - 2.5%
  • ეკოსისტემა/სახაზინო - 30%
  • იმოძრავე და გამოიმუშავე - 30%

განაწილებების მიხედვით თანხების უმეტესი ნაწილი მოხმარდება პროექტის ეკოსისტემასა და მომხმარებელთა შემოსავალს. აღსანიშნია, რომ მსხვილი ინვესტორები და ის ფონდები, რომლებმაც STEPN-ში ფული საწყის ეტაპებზე ჩადეს, თანხების გატანას გარკვეული პერიოდი ვერ შეძლებენ, ანუ მათ შემოსავლის დაფიქსირების შესაძლებლობა თავიდანვე არ ექნებათ, ეს კარგია მომხმარებელთათვის, რადგან ამ მეთოდით ტოკენების ფასით მანიპულირება შეუძლებელი ხდება და ამავდროულად, ეს ერთგვარი გარანტიცაა იმისა, რომ GST და GMT უსწრაფესად არ გაუფასურდება.

საიდან მოდის ტოკენები, რომელიც შემდეგ მომხმარებლებზე ნაწილდება

პროექტმა თანხები განვითარების ადრეულ ეტაპზე IDO-ს საშუალებით მოიზიდა. IDO არის IPO-ს ანალოგი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, მარტივად, რომ ავხსნათ თქვენ გამოგაქვთ თქვენი იდეა ხოლო თუ ის ინვესტორებს მოეწონებათ, მათგან ფულსაც მიიღებთ.

IDO-ს მსვლელობისას პროექტმა მოიზიდა 4.5 მილიონი დოლარი, რაც, ტოკენების ფასის ზრდის გათვალისწინებით, ახლა 1.8 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციად იქცა.

STEPN-ის გუნდსა და ზოგადად, პროექტს შემოსავალი გაყიდვების საკომისიოდანაც აქვს. STEPN-ის ბიუჯეტში შედის ტრანზაქციის 6%. აპლიკაციის მარკეტში ფეხსაცმელები უსწრაფესად იყიდება და 24 საათის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობამ 59 მილიონი დოლარიც კი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია ჯერ კიდევ ბეტა ტესტირების ფაზაში იმყოფება. მიუხედავად ამისა, მას უკვე 300 000-ზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავს. ეს უკვე ძალიან დიდი აუდიტორიაა სპორტთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ STEPN-ით სპორტული კომპანიებიც ინტერესდებიან, ეს მათთვის საკმაოდ მსუყე რეკლამაა.

STEPN უკვე თანამშრომლობს Asics-თან, ასევე დადის ხმები, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს Adidas-თანაც. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ Scott Dunlap, Adidas-ის ვიცე პრეზიდენტი STEPN-ის ოფიციალური მრჩეველია.

თუმცა, სიფრთხილე აუცილებელია! — რისკები

რისკები, რაღა თქმა უნდა, არსებობს ისევე, როგორც ყველა სხვა კრიპტო პროექტში.

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ თუ STEPN-ის გარშემო აჟიოტაჟი შეწყდება და ჰაიპი შემცირდება, შესაძლოა ბოტასის ფასი თქვენს მიერ გადახდილ თანხას ჩამოცდეს, რაც რეალურად ზარალია, თუ არ ფიქრობთ, რომ პროექტი წლობით იარსებებს და სამომავლოდ მაინც შეძლებს ძველ ნიშნულზე დაბრუნებას.

GST და GMT ტოკენებმა შესაძლოა ფასი დაკარგონ და თქვენი შემოსავალი შემცირდება, თუმცა ზევით კარგად ავხსენით როგორ მუშაობს მათი წვის მექანიზმი, რაც მათ სიმყარეს უზრუნველყოფს.

ასევე დეველოპერებს შეუძლიათ უბრალოდ "გადააგდონ " ყველა ერთ მომენტში. ეს რისკი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ პროექტი არ იძლევა არანაირ იურიდიულ გარანტიას.

STEPN ერთი შეხედვით პირამიდული სქემაა, მაგრამ განსხვავებული სტრუქტურით და ასევე, უნდა გავერკვეთ თუ რას ვეძახით პირამიდას. STEPN ქმნის არაეკონომიკური ღირებულების მქონე პროდუქტს. თამაშის წესები ყველასთვის ცნობილია, ყველასთვის ყველაფერი ნათელია და ჩვენ მოტყუებას არავინ ცდილობს, უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, STEPN უფრო მეტად გემბლინგს გავს ვიდრე პირამიდას. რეალურად STEPN-ის ნებისმიერმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ წაგების შანსი იმდენივეა, რამდენიც მოგების. ცნობილი ფაქტია, რომ პირამიდა ცოცხლობს მანამ, სანამ მასში ახალი მომხმარებლების შემოდინება უფრო მეტია ვიდრე გადინება. რადგან STEPN კლასიკური პირამიდა არცაა და ის უბრალოდ ჰგავს მას, პროექტს მომხმარებელთა არ უდგას და მეტიც, მათ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შეზღუდვაც კი მოუწიათ სპეციალური აქტივაციის კოდების შემოღებით, რომელთა გარეშეც აპლიკაციაში ვერ მოხვდებით.

პროექტის გუნდმა კარგი სამუშაო შეასრულა. ძლიერი ტოკენომიკის შესაქმნელად ძლიერი მათემატიკის გარდა, პროექტის იდეა ფართომასშტაბიანი მარკეტინგის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე კითხვაზე — ტრენდია ეს თუ პირამიდა? მე ვპასუხობ — დიახ ეს პირამიდაა და ამავდროულად ტრენდი რომელიც ნელ-ნელა შესაძლოა მოდიდან გადავიდეს ან პირიქით, სულაც არ მოხდეს ასე, დედამიწის მოსახლეობა სულ მალე 8 მილიარდს მიაღწევს, STEPN-ის შესახებ კი ძალიან ბევრმა ჯერ არაფერი იცის.

რაც შეეხება STEPN-ში ინვესტირებას, ეს თქვენზეა დამოკიდებული სტატიაში მაქსიმალურად ვეცადეთ ისეთი ინფორმაციის მოგროვებას, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში და როგორც უკვე ვთქვი, საჭიროა ნებისმიერ კრიპტო პროექტს მივუდგეთ მაქსიმალურად ფრთხილად. არასდროს დაიწყოთ ინვესტირება იმ თანხით, რომელიც რეალურად საარსებოდ გჭირდებათ. რისკების აწონ-დაწონვა ზარალის პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Facebook, Messenger და სხვა სერვისები შეფერხებით მუშაობს — რას ამბობს მათი მშობელი კომპანია Meta
  2. პროტესტს IT/Tech კომუნაც უერთდება — ისინი 12 და 13 დეკემბერს შეიკრიბებიან
  3. იყავი ინფორმირებული — NEXT.On.ge-ს 5 სტატია მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის

გირჩევთ