მეცნიერები პლანეტის ზომის კვანტური ტელესკოპების შექმნის იდეას განიხილავენ
მეცნიერთა გუნდი ახალ კვლევაში კვანტურ კომპიუტერებში დანერგილი მეთოდების გამოყენებით პლანეტის ზომის უზარმაზარი ტელესკოპების შექმნის იდეას განიხილავს. ეს გიგანტური ობსერვატორიები კოსმოსის უფრო შორეული რეგიონების დეტალურად შესწავლასა და უმაღლესი გარჩევადობის გამოსახულებების მოპოვებაში დაგვეხმარება, რაც ასტრონომიულ კვლევებში სერიოზული გადატრიალება იქნება.
საუბარია ინტერფერომეტრზე, ანუ ტელესკოპთა წყებაზე, რომელიც ფართო სპექტრული ხედვის ობსერვატორიაში ერთიანდება. ასეთი სისტემა, კვანტური კომუნიკაციის ტექნოლოგიების მეშვეობით, სხვადასხვა შემზღუდველ ფაქტორს აიცილებს თავიდან, როგორიცაა კოსმოსური ხმაური და მონაცემთა დანაკარგი.
საქმე იმაშია, რომ იქამდე მისული ელემენტარული ნაწილაკები, ფოტონები, ინდივიდუალურად "გადამუშავდება" და ინფორმაცია კვანტური მეხსიერების სპეციალურ მოწყობილობაში ჩაიწერება. კვანტური გადაჯაჭვულობის, ანუ ნაწილაკთა მიერ საერთო კვანტური მდგომარეობის გაზიარების გზით კი ტელესკოპებს შორის მონაცემები მარტივად მიმოიცვლება.
რა თქმა უნდა, ამ პროცესის შედეგად მიღებული გამოსახულება გარკვეული მცდარობისგან დაზღვეული არაა, მაგრამ ამის თავიდან აცილება, მეცნიერთა აზრით, თვითშესწორების ფუნქციით შეიძლება, რასაც ისევ და ისევ კვანტურ კომპიუტერებამდე მივყავართ.
ავტორთა ნაშრომი პორტალ arXiv-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები