7 ჩვევა, რომელიც მოხუცებულობაში ბედნიერებას მოგიტანთ
თქვენი კეთილდღეობა დაგროვებითი ანაბარივითაა: რაც უფრო მალე ჩადებ ინვესტიციას, მით უფრო ბევრი დაგიბრუნდება. ამის შესახებ The Atlantic-ის კონტრიბუტორი, ართურ ბრუქსი გვიყვება.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი ათი წლის შემდეგ. უფრო ბედნიერები იქნებით, ვიდრე ახლა ხართ? ამ კითხვას ყოველ წელს ვუსვამ ჩემს სტუდენტებს, რომელთა საშუალო ასაკი 25 წელს ზემოთ არის. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ უფრო ბედნიერები იქნებიან. მაგრამ როცა კითხვა მომდევნო 50 წელს შეეხება, მათ ეს მომავალი ნაკლებად წარმოუდგენიათ ვარდისფერ ფერებში. აი, სამოცდაათი წელი კი მათთვის მიმზიდველი საერთოდ აღარ არის.
ამიტომ ისინი ერთობ გაოცებულნი რჩებიან, როცა სტატისტიკურ მონაცემებს ვაჩვენებ: უმრავლეს შემთხვევაში, ბედნიერების მაჩვენებელი ახალგაზრდობისა და შუა ხნის ასაკში გამუდმებით იკლებს და ყველაზე დაბალ ნიშნულს დაახლოებით ორმოცდაათი წლისას აღწევს. ხოლო როცა ადამიანი 60 წელს გადააბიჯებს, ის კვლავ ზრდას იწყებს. ამის შემდეგ რაღაც უცნაური ხდება. მოხუცები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთნი გაცილებით ბედნიერები, ხოლო მეორენი გაცილებით უბედურები ხდებიან.
ცხოვრების დაახლოებით იმავე ეტაპზე ბევრი ადამიანი აანალიზებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო წინა ათწლეულებში სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. მათ, ვინც თავიდანვე დაიჭირეს თადარიგი და თანხის მომავლისათვის შენახვა მოახერხეს, მეტი შანსი აქვთ, რომ საკუთარი თავი კომფორტულად უზრუნველყონ — განსხვავებით მათგან, ვინც ასე არ მოიქცა. რაღაც მსგავსი ხდება ბედნიერების შემთხვევაშიც.
ყოველ ჩვენგანს ბედნიერების ერთგვარი ყულაბა გვაქვს, რომელშიც ახალგაზრდობისას ინვესტიციას ვდებთ, რათა მისი გამოყენება მოხუცობისას შევძლოთ. როგორც ფინანსური მრჩევლები ასწავლიან საკუთარ კლიენტებს სპეციფიკურ ქცევებს — "ანაბარში თანხის გადარიცხვის ოპერაცია ავტომატური გახადე" ან "ორჯერ დაფიქრდი, სანამ მაგ იახტას შეიძენ" — ჩვენც შეგვიძლია, საკუთარ თავებს გარკვეული რჩევები მივცეთ, რომლებიც უკანასკნელ ათწლეულებს გაგვიბედნიერებს.
1938 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებს იდეა გაუჩნდათ: მათ გადაწყვიტეს, რომ იმ დროს ჰარვარდში მყოფ სტუდენტებს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობას ისურვებდნენ, მთელი ზრდასრულობის პერიოდში დააკვირდებოდნენ. ყოველ ერთ-ორ წელში კი მონაწილეებს ცხოვრების სტილზე, ჩვევებზე, ურთიერთობებზე, სამსახურსა და ბედნიერებაზე გამოკითხავდნენ. მას შემდეგ ეს კვლევა გასცდა ჰარვარდის საზღვრებს და უკვე 80 წელზე მეტია, მისი შედეგები პერიოდულად ახლდება. ეს მონაცემები ერთგვარი საგანძურია: შენ ხედავ, სხვადასხვა ადამიანმა ცხოვრება როგორ განვლო, როგორ უყვარდათ, 20-30 წლის ასაკში როგორ მუშაობდნენ და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ბედნიერების ამ ბროლის ბურთიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ ჩავდოთ ინვესტიცია საკუთარი მომავლის კეთილდღეობაში.
ჰარვარდის ზრდასრულთა განვითარების შესახებ კვლევის მონაწილეების ასაკის მატებასთან ერთად, მკვლევრებმა ისინი ბედნიერებისა და ჯანმრთელობის მიხედვით კატეგორიებად დაყვეს. ცდისპირებში მრავალი ვარიაცია არსებობს, თუმცა ამ სპექტრის პოლუსებზე ორი ურთიერთსაპირისპირო ჯგუფია მოთავსებული: ერთნი არიან "ბედნიერი-ჯანმრთელები" — ისინი, ვინც ფიზიკურადაც და მენტალურადაც ჯანსაღები არიან და ცხოვრებიდანაც სიამოვნებას იღებენ; მეორე მხარეს კი — "სევდიანი-დასნეულებულები", ანუ ისინი, ვისაც ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი აქვთ.
ახალგაზრდობაში "ბედნიერი-ჯანმრთელი" მოქალაქეები ბედნიერების თავიანთ ყულაბაში გარკვეულ ჩვევებს უყრიდნენ თავს. ზოგიერთი ასეთი ჩვევა ჩვენთვის ძნელი გასაკონტროლებელია. მაგალითად, ასეთებია ბედნიერი ბავშვობის ქონა, კარგი გენეტიკა და კლინიკური დეპრესიისათვის თავის არიდება.
თუმცა არის რაღაცები, რისი მართვაც სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც შეგვიძლია. მათი ცოდნა კი დაგვეხმარება, შევადგინოთ გეგმა "ბედნიერი-ჯანმრთელი" მოხუცებულობისათვის. ჰარვარდის კვლევის მონაცემის გამოყენებით, ორმა მკვლევარმა 2001 წელს გვაჩვენა, რომ ჩვენ შვიდი დიდი ინვესტიციური გადაწყვეტილება შეიძლება ვაკონტროლოთ. ესენია: მოწევა, დალევა, წონა, ვარჯიში, ემოციური გამძლეობა, განათლება და ურთიერთობები. აი, რა შეგიძლიათ, გააკეთოთ იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი ბედნიერების ყულაბა მომავალში სავსე იქნება:
- არ მოწიოთ. ან თუ უკვე ეწევით, ახლავე შეწყვიტეთ. შეიძლება, წარმატებას პირველ ცდაზევე ვერ მიაღწიოთ, მაგრამ შეწყვეტის პროცესს რაც მალე დაიწყებთ, თქვენს ყულაბაში მოწევისგან თავისუფალი მეტი წელიწადის ჩაყრა შეგეძლებათ.
- აკონტროლეთ ალკოჰოლის მიღება. ჰარვარდის კვლევა აჩვენებს, რომ ალკოჰოლის ხშირი მიღება და მოწევა ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაშია. თუმცა სხვა კვლევები ამტკიცებს, რომ მოწევისგან დამოუკიდებლადაც, ალკოჰოლი ერთ-ერთი განმსაზღვრელია იმისა, რომ ცხოვრებას "სევდიან-დასნეულებულთა" ჯგუფში დავასრულებთ. თუ ალკოჰოლის მოხმარების რაიმე პრობლემა გაქვთ, დახმარება ითხოვეთ. თუ იგივე პრობლემა თქვენს ოჯახში არსებობს, ნუ გარისკავთ — არასდროს გაეკაროთ მას. სმისგან თავის არიდება, მართალია, ძნელია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არასდროს ინანებთ.
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. შეეცადეთ, თქვენი დიეტა ბევრი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგებოდეს. დარწმუნდით, რომ ზომიერად იღებთ საკვებს, მოერიდეთ დიეტებს, რომლებსაც ბევრი და ისეთი რთული აკრძალვა აქვს, რის შესრულებასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებთ.
- პრიორიტეტი მოძრაობას მიანიჭეთ. ფიზიკური აქტივობისთვის დრო ყოველდღიურად გამოყავით. საუკეთესო მეთოდი, რომელიც უკვე დროით დადასტურებულია, ყოველდღე სიარულია.
- იმუშავეთ სტრესთან გამკლავების მეთოდებზე. რაც უფრო მალე მიაგნებთ ჯანსაღ მეთოდებს, მით უფრო მომზადებული იქნებით, თუ 80 წლის ასაკში უიღბლობა გეწვევათ. ეს გამიზნულად მუშაობას ნიშნავს — შესაძლოა, თერაპიის ან სულიერი პრაქტიკების დახმარებით — რათა თავიდან აირიდოთ არაჯანსაღი ემოციური რეაქციები ან თავის ამრიდებლური ქცევა.
- განაგრძეთ სწავლა. მეტი განათლება მოხუცობაში მეტად აქტიურ გონებას ნიშნავს, რაც თავის მხრივ — უფრო გრძელ და ბედნიერ ცხოვრებას. ეს ჰარვარდში სწავლას არ გულისხმობს. უბრალოდ, არამხატვრული წიგნების კითხვა თქვენი რუტინის ნაწილად აქციეთ, რათა სხვადასხვა საკითხზე მეტი გაიგოთ.
- იმუშავეთ სტაბილური, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. უმრავლესობისთვის ეს გულისხმობს ქორწინებას, მაგრამ სხვა ურთიერთობებიც ოჯახთან, მეგობრებთან თუ პარტნიორებთან ამ კატეგორიაში ხვდება. მთავარია, რომ იპოვოთ ადამიანები, ვისთანაც წლებს განვლით და ვისაც დაეყრდნობით, რაც უნდა მოხდეს.
მოხუცობაში ბედნიერების გაათმაგებისათვის საუკეთესო გზა ამ შვიდი რჩევის გათვალისწინებაა. თუმცა თუ გადაწყვეტთ, რომ მხოლოდ ერთი აირჩიოთ და მას მიჰყვეთ, მაშინ ეს ბოლო პუნქტი იყოს. ჰარვარდის კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც "ბედნიერ-ჯანმრთელ" მოხუცებს საერთო აქვთ, ჯანსაღი ურთიერთობებია. როგორც კვლევის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, რობერტ ვოლდინგერმა მითხრა, "კეთილდღეობის შენება შესაძლებელია, საუკეთესო საშენი მასალა კი კარგი, თბილი ურთიერთობებია".
ბედნიერების შვიდივე წესი ეყრდნობა გამოკითხულთა მონაცემების საშუალო მაჩვენებელს, ამიტომ თქვენი შედეგები, შეიძლება, განსხვავებული იყოს. მაგალითად, თუ მოწევას თავს ვერაფრით ანებებთ, ეს არ ნიშნავს, რომ 70 წლის ასაკში აუცილებლად უბედურებისთვის ხართ განწირული. თუმცა უკეთესი იქნება, თქვენს ბედნიერებას ერთი სხვა ინვესტიციით მაინც თუ შეუწყობთ ხელს — მაგალითად, თქვენს რწმენაში მნიშვნელობისა და მხარდამჭერი ადამიანების პოვნით.
თუ გსურთ, რომ ბედნიერების უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოთ, ამ შვიდი მეთოდის გამოყენება ყველაზე სანდო გზაა. გადაავლეთ თვალი საკუთარ ჩვევებსა და ქცევებს და დააკვირდით, სად არის საჭირო მეტი ენერგიის, დროის ან ფულის ინვესტირება, რათა სწორი მიმართულებით სიარული დაიწყოთ.
ბედნიერი დასასრული ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი საკუთარ ცხოვრებაში. დღესვე დაიწყეთ ამ დასასრულის წერა.
კომენტარები