იაპონელმა მკვლევრებმა "ელექტრონული ჩხირები" შექმნეს, რომელიც საკვებს მარილის გემოს მატებს
გამოგონება იაპონიაში მარილის ჭარბი მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად და მგონი, არც ჩვენ გვაწყენდა მისი გამოყენება.
იაპონური მეიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, სურსათისა და სასმელების კომპანია Kirin Holdings-თან თანამშრომლობით, შექმნეს ელექტრონული ჩხირები, რომელიც საკვების მირთმევისას მარილიანობის აღქმას ზრდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ჩხირების გამოყენებით ნაკლებმარილიან საკვებს თუ მიირთმევთ, ის მაინც საკმარისი მარილის მქონედ მოგეჩვენებათ.
შესაძლოა, ეს ყველაფერი ტექნოლოგიური რესურსის ფუჭ ხარჯვად მიიჩნიოთ, ეს კი მხოლოდ მანამდე, სანამ მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს გაიხსენებთ. იაპონელი მომხმარებლები დღეში, საშუალოდ, 10 გრამზე მეტ მარილს იღებენ, ეს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ნორმას ორჯერ აღემატება. მარილის ჭარბი მოხმარება ხშირად ჰიპერტენზიას (სისხლის მაღალ წნევას) და თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.
მარილის ჭარბ მოხმარებასთან ბრძოლას იაპონიაში სხვა გზებითაც ცდილობდნენ, მაგალითად სპეციალური მონიტორებით, რომელსაც რეალურ დროში შეეძლო სისხლში ნატრიუმის დონის დაფიქსირება (ეს უკანასკნელი მარილში შემავალი ძირითადი ნივთიერებაა). თუმცა, იაპონელებმა აღმოაჩინეს, რომ ასე საჭმელში მარილის დონე უნდა შეემცირებინათ, ეს კი მას ნაკლებგემრიელად აქცევდა. შესაბამისად, გამოგონება არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.
როგორ მუშაობს
ჩხირები კვლევითმა ჯგუფმა, დოქტორ ჰომეი მიაშიტას ხელმძღვანელობით გამოიგონა. ინოვაცია იყენებს ელექტროსიგნალებს საკვების გემოს გასაუმჯობესებლად. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ნატრიუმის ქლორიდის იონები საკვებს მარილიან გემოს ანიჭებენ, ხოლო ნატრიუმის გლუტამატის იონები სიტკბოს. საკვების მიღების პარალელურად, სუსტი ელექტრული მუხტის გაგზავნით, რომელიც არ აზიანებს ადამიანს, მკვლევარებს სურდათ შეეცვალათ გემოს აღქმა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა საჭმელს მარილი.
სწორედ ამ ეფექტის მისაღწევად გამოიგონა გუნდმა ჩხირები, რომელიც ძალიან მცირე ენერგიას მოიხმარს და კონტროლდება მინი-კომპიუტერით, რომლის მორგებაც სამაჯურის მსგავსად შეგიძლიათ. ამ სამაჯურ-კომპიუტერზე მიერთებულია ჩხირები, რომელიც თქვენი საკვების გემოს უზრუნველყოფს, იმ შემთხვევაშიც, თუ ის უგემურია.
The Guardian-თან საუბარში მიაშიტამ აღნიშნა, რომ მოწყობილობა საკვებში ნატრიუმის იონიზების გზით მუშაობს, რის შედეგადაც მარილიანი გემო იქმნება, მაშინაც კი, თუ საკვებს ძალიან სინამდვილეში ცოტა მარილი აქვს.
ექსპერიმენტი
იმისათვის, რომ მეთოდის ეფექტიანობა დაემტკიცებინათ, მკვლევრებმა 36 მოხალისე დაიქირავეს. ცდისპირებს მარილიანი და თითქმის უმარილო საკვების ნიმუშები მისცეს. თავდაპირველად მოხალისეებმა ჩვეულებრივი ჩხირებით მიირთვეს, რის შემდეგაც ორ ნიმუშს შორის სხვაობა იგრძნეს. ხოლოდ ელექტრონული ჩხირებით ჭამის შემდეგ ორივე ნიმუში თანაბრად მარილიანად შეაფასეს.
კვლევის მიმდინარეობისას, 30%-ით ნაკლები მარილის გამოყენება მოხერხდა ისე, რომ გემოში სხვაობა აღქმადი არ ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ეს აღემატება იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას, რომელიც მარილის მოხმარების 20-პროცენტიან შემცირებას გულისხმობს.
Kirin Holdings-ისა და მკვლევრების კოლაბორაციის შედეგად შემუშავდა არა მხოლოდ ელექტრონული ჩხირები, არამედ კოვზები და ჩაის პაკეტებიც. თუმცა, ელექტრონული ჩხირები, სავარაუდოდ, იქნება პირველი პროდუქტი, რომლის წარმოებაც უკვე შემდეგი წლიდან შეიძლება დაიწყოს.
კომენტარები