მეცნიერებმა ულტრაბგერითი ტალღებით სიმსივნის 75% გაანადგურეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მიჩიგანის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომლის მეშვეობითაც, ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით, თაგვების ღვიძლში სიმსივნური ქსოვილის 75 პროცენტი გაანადგურეს.
ამან მღრღნელების ორგანიზმის იმუნურ სისტემას საშუალება მისცა, რომ კიბოს დანარჩენი უჯრედებისთვის თავად შეეტია. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია, "გადარჩენილი" სიმსივნური ქსოვილის ზომა და მეტასტაზების გავრცელების რისკი შემცირდეს.
ამ ინოვაციურ ტექნოლოგიას ჰისტოტრიფსია ეწოდება. ის კიბოს არაინვაზიური გზით, ულტრაბგერის დახმარებით, მექანიკურად ანადგურებს, თანაც მილიმეტრის სიზუსტით. მას აშშ-სა და ევროპაში ადამიანებზე უკვე ცდიან.
ასეთი უმტკივნეულო პროცედურის ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ზოგი პაციენტის შემთხვევაში, ინვაზიური ოპერაციები რეკომენდებული არაა. შესაბამისად, ჰისტოტრიფსია ბევრად უსაფრთხო ალტერნატივაა, რომელიც, ამავდროულად, ეფექტიანიცაა და მწვავე უკუჩვენებებს არ იწვევს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Cancers გამოქვეყნდა.
კომენტარები