გზა ციფრულ სამყაროში — გაიცანით 19 წლის ლალიტა პანკისიდან
ლალიტა 19 წლისაა, პანკისის ხეობიდან, სოფელ ჯოყოლოდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს, პარალელურად კი აქტიურად ერთვება სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტში. გიდობასაც ითავსებს და ტურისტებს პანკისის ხეობას აცნობს.
ლალიტას ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლეების, სხვადასხვა კულტურისა და ხალხის გაცნობა უყვარს. თავისუფალი დროს თანატოლებთან ერთად ყოფნა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ ხეობაში ახალგაზრდებისთვის ძალიან ცოტაა ისეთი სივრცე, სადაც დროს სასიამოვნოსთან ერთად, პროდუქტიულადაც გაატარებენ. თანატოლებს ძირითადად კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში ხვდება, დროდადრო ბუნებაში გასვლით შეხვედრებსაც მართავენ.
ცალკე პრობლემად გამოყოფს იმას, რომ ხეობაში ბიჭებისთვის განტვირთვისა და დასვენების ბევრად მრავალფეროვანი არჩევანია, გოგოები კი ამ მხრივ შეზღუდული არიან.
"კონკრეტულად სხვა ადგილი, შეიძლება ითქვას, რომ არ გვაქვს. სხვადასხვა შეხვედრისა და ტრენინგ-კურსების დროს ვხვდებით ერთმანეთს. რეალურად, ბიჭების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად არის, მათ აქვს შესაძლებლობა, იარონ თუნდაც სპორტდარბაზში, სტადიონზე და ა.შ.", — ამბობს ის.
ნაბიჯი ციფრულ სამყაროში
სწორედ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში გამართული შეხვედრისას შეიტყო პროექტის გააციფრულე მომავალის შესახებ, რომლის მიზანიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ციფრული უნარების შეძენა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლაა. თავიდანვე დაინტერესდა, რადგან ხეობაში თბილისთან შედარებით ეს ძალიან იშვიათობაა. როგორც ამბობს, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ შეეძლო მისი ერთ-ერთი მონაწილე გამხდარიყო.
"ქალაქებში ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის რეალიზების საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ ხეობაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა რჩება ამ რეალიზაციის მიღმა. შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა უნარი, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლონ მხოლოდ იმიტომ, რომ რეგიონში ცხოვრობენ. შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში უმნიშვნელოვანესია", — გვითხრა მან.
"დილემის წინაშე ვიდექი", — გვეუბნება ლალიტა. დილემა კონკრეტულ მიმართულებებს შორის არჩევანის გაკეთება იყო. გადაწყვეტილება თანაბრად მარტივიც და რთულიც აღმოჩნდა, რადგან ყველა მათგანი დღეს ბაზარზე მოთხოვნადია. ის, რომ ახალგაზრდებს სასურველ ფაკულტეტზე შეეძლოთ ესწავლათ და ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ, ლალიტასთვის დამატებითი მოტივატორი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ტექსტის წერისა და სთორითელინგის კურსი აირჩია და უკვე ერთ-ერთ კომპანიაში სამთვიან სტაჟირებას გადის.
ამბობს, რომ აქამდე არასდროს ჰქონია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და გაღრმავების შესაძლებლობა. დასძენს, რომ მთავარი რაც ამ პროექტებს სხვებისგან განასხვავებს, სწორედ ეს — რეალიზების შესაძლებლობაა.
ლალიტას თქმით, ხეობაში ყველაზე მწვავედ უმუშევრობის პრობლემა დგას. იმდენად, ფიქრობს, რომ შეთავაზებული მიმართულებების აქტუალურობა გარკვეულწილად მაინც შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში დასაქმების მაჩვენებლისა და მოტივაციის ზრდას.
"21-ე საუკუნეში განსაკუთრებით განვითარდა სოციალური მედია, მასმედია, იქნება ეს მულტიმედიაწიგნიერება თუ სხვა. შესაბამისად, ძალიან მოთხოვნადი გახდნენ კომპეტენტური და მცოდნე კადრები. დასაქმების მხრივაც, ძალიან კარგი შესაძლებლობები გეძლევა ამ მიმართულებით", — ამბობს ლალიტა.
ციფრული უნარები საყვარელ საქმიანობაში
ლალიტა ამჟამინდელ სამსახურზე, გიდობაზე დიდი ენთუზიაზმით გვესაუბრება. ეს პროფესია მისთვის საპასუხისმგებლოა, რადგან საკუთარი რეგიონის წარდგენა უწევს მათთვის, ვისაც ზედაპირულ ცოდნას აქვს ან არაინფორმირებულია.
აპირებს მიღებული ცოდნა სამომავლოდ ახლანდელ საქმიანობას დაუკავშიროს. არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე წელში საოჯახო სასტუმროს გახსნის და ამ საქმეში მიღებული უნარ-ჩვევებს გამოიყენებს.
იმ ტექნიკურ მხარდაჭერაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პროექტმა მისცათ და რაც მანამდე მნიშვნელოვნად აფერხებდათ.
"მონაწილეთა ნახევარს კომპიუტერი არ ჰქონდა. რეალურად, ეს მუშაობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. პროექტის გარდა, ჩემს საუნივერსიტეტო საქმიანობაშიც, ასევე, პირადი ურთიერთობებისთვისაც ვიყენებ", — აღნიშნავს ლალიტა.
მიიჩნევს, რომ მსგავს პროექტებში ყველა ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს რადგან, გარდა პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენისა, ადამიანებს პიროვნულ განვითარებაშიც ეხმარება. ამასთან, ახალი ურთიერთობები, კონტაქტების ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას.
"ყველა ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ მათთვის ეს პროექტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ბევრი ინფორმაცია და უნარები შეიძინეს და ცოდნა გაიღრმავეს. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა გრაფიკული დიზაინი შეისწავლა, აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო და ამ მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებასაც", — ამბობს ლალიტა.
პროექტის შესახებ
პროექტი გააციფრულე მომავალი GCSD-ის მხარდაჭერით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ერთწლიანია და მას არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.
პროექტის პირველ ეტაპზე პარტნიორ ორგანიზაციებში სასწავლო, მოცულობითი 3-თვიანი ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემებზე:
- ტექსტის წერა და სთორითელინგი (Imitom.ge);
- გრაფიკული დიზაინი (Forset);
- სოციალური მედიის მართვა და ციფრული მარკეტინგი (Kraken);
- მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია (Forset);
- მენეჯმენტი/თვითდასაქმება/აქტივიზმი და ადვოკატირება (KRDF-კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი);
- ციფრული და მედიაწიგნიერება (დემოკრატიის ლაბორატორია).
პროექტში მონაწილეობა 60-მა ახალგაზრდამ მიიღო, რომლებიც ღია კონკურის საშუალებით შეარჩიეს. ინტერესებისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე, ისინი შესაბამისი მიმართულების ჯგუფებში გადანაწილდნენ.
60 პანკისელი ახალგაზრდისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულფასოვანი თოერიული კურსის ჩატარების შემდეგ, ტრენერებმა შეარჩიეს 18 ახალგაზრდა, რომელიც პროექტის შემდეგი ეტაპის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირებას გადიან.
თითოეულ მათგანს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცა ტექნიკაც, რომ დაუბრკოლებლად შეძლონ დისტანციურად მუშაობა.
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.
კომენტარები