რატომ ჩნდება ორსულობისას კონკრეტული საკვების მძაფრი მოთხოვნილება — კვლევა
ხშირად ორსულობისას ქალებს კონკრეტული საკვებისადმი მძაფრი მოთხოვნილება უჩნდებათ, თუმცა რა იწვევს ამას? ახლახან თაგვებში ჩატარებული კვლევით მეცნიერებმა ამოიცნეს ტვინის ის ნაწილი, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ლტოლვებზეა პასუხისმგებელი. კვლევა ჟურნალში Nature Metabolism გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა ფეხმძიმე თაგვებზე — წრუწუნების მოლოდინში გარკვეული საკვებისადმი მძაფრი მოთხოვნილება მათაც უჩნდებათ — ჩაატარეს კვლევები და ტვინის დაჯილდოების, ასევე გემოზე, სენსორულსა და მოტორულ სისტემებზე პასუხისმგებელ რეგიონებში, გარკვეული ცვლილებები შენიშნეს.
მეზოლიმბურ გზაში, რომელიც დოპამინის მიწოდებასა და მოქმედების შესრულებისას ტვინის დაჯილდოებაზეა პასუხისმგებელი, გუნდმა დოპამინის მაღალი დონეები შენიშნა. მიმდებარე ბირთვში — ტვინის დაჯილდოების სისტემის ერთ-ერთ ნაწილში — კი მისი რეცეპტორის, D2R-ის, მომატებული აქტივობა დაფიქსირდა.
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფეხმძიმობა მეზოლიმბური ნეირონული გზების სრულ რეორგანიზაციას იწვევს D2R ნეირონების საშუალებით", — აცხადებს ნეირობიოლოგი რობერტა ჰადად-ტოვოლი — "შესაძლოა, კონკრეტული საკვების მძაფრ მოთხოვნილებაზე სწორედ ეს ნერვული უჯრედები — და მათი ცვლილება — იყოს პასუხისმგებელი, რადგან ორსულობისათვის სახასიათო კვებითი შფოთვა მათი აქტივობის დაბლოკვის შემდეგ გაქრა".
მართალია, კვლევა თაგვებზე ჩატარდა, თუმცა მათსა და ადამიანის ტვინებს არაერთი საერთო აქვს. შესაბამისად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, მსგავსი მექანიზმი მოქმედებდეს მაშინაც, როცა ფეხმძიმე ადამიანებს ნაყინი, შოკოლადი ან თუნდაც კიტრის მწნილი უნდებათ.
მიჩნეულია, რომ კონკრეტული საკვების მძაფრი მოთხოვნილება ემბრიონის ზრდას არაერთი კუთხით უწყობს ხელს, თუმცა აქვე შესაძლო პრობლემებიც იჩენს თავს — არაჯანსაღი ან მაღალკალორიული საკვების მირთმევა ბავშვისა და დედის ჯანმრთელობაზე შესაბამისად აისახება.
მეცნიერებმა შეისწავლეს იმ თაგვების ნაშიერები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, ტკბილი საკვების მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინათ. შედეგად მომდევნო თაობაში მეტაბოლიზმსა და ნეირონულ სქემაში განსხვავებები შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევების ფარგლებში ძირითადად დედის მუდმივი ჩვევების — ჭარბწონიანობა, არასაკმარისი კვება, ქრონიკული სტრესი — გავლენას სწავლობდნენ ბავშვის ჯანმრთელობაზე.
"მიუხედავად ამისა, კვლევით დგინდება, რომ ასეთ ხანმოკლე, თუმცა რეგულარულ ქცევასაც კი, ამ შემთხვევაში კონკრეტული საკვების მძაფრ მოთხოვნილებას, შეუძლია, შთამომავლის ფსიქოლოგიური და მეტაბოლური მოწყვლადობა გაზარდოს", — ამბობს ნეირობიოლოგი მარკ კლარეტი.
თაგვების შთამომავლებზე მომდევნო ტესტირებებით მკვლევრებმა შესაძლო პრობლემები აღმოაჩინეს წონის მატებასთან, შფოთვასა და კვებით აშლილობებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით მაინც უცნობია, რამდენად შეიძლება ამის ადამიანებზე განზოგადება, თუმცა პროგნოზი ავისმომასწავებელია.
მკვლევართა გუნდი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა მომლოდინე დედებისათვის კვებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების შექმნაში შეიტანს წვლილს, რადგან, ზოგჯერ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საერთო ჯამში რაციონი ბავშვისა და დედისათვის ჯანსაღი უნდა იყოს.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, საკითხი მეცნიერულად გამოიკვლიონ და ამის გამომწვევ მიზეზებზე რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოიპოვონ.
"უამრავი მითი და ფართოდ გავრცელებული მოსაზრება არსებობს კონკრეტული საკვების ძლიერ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის გამომწვევი ნეირონული მექანიზმები ბევრისათვის არაა ცნობილი", — აცხადებს კლარეტი.
კომენტარები