3 აპრილს მზეზე პლაზმის ფილამენტური ამოფრქვევა მოხდა, რამაც მის ზედაპირზე უზარმაზარი "ცეცხლოვანი კანიონი" გააჩინა. ამ უკანასკნელის სიმაღლე სულ მცირე 20 000 კილომეტრი გახლავთ, სიგრძე კი 10-ჯერ მეტია.

ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ-ცენტრალურ რეგიონში ამოფრქვევები დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმაც დაადასტურა. მათი განცხადებით, მომხდარი ხმელეთზე განლაგებულმა ტელესკოპებმა და ორბიტაზე მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრებმა ულტრაიისფერ და ინფრაწითელ სპექტრში გადაიღო.

ფოტო: Space Weather

მზის ზედაპირიდან პლაზმა პირველ ჯერზე 3 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე ამოიტყორცნა, რასაც 5 აპრილს, 01:00 საათზე, მეორე მსგავსი შემთხვევა მოჰყვა. ორივე მოვლენის შემდეგ კორონული მასის ამოფრქვევა დაფიქსირდა, რაც დედამიწაზე გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს ხოლმე. ამას რადიოსიგნალების შეფერხებისა და ელექტრონული მოწყობილობების წყობიდან გამოყვანა შეუძლია. ასევე, საფუძვლად ედება პოლარულ ნათებასაც.

დამუხტული ნაწილაკები დედამიწამდე დღეს, 18:00 საათზე მოაღწევს და უმნიშვნელო, G1 ან G2 ტიპის გეომაგნიტურ შტორმს განაპირობებს. მოსალოდნელია პოლარული ციალიც, რომელიც, სავარაუდოდ, პოლუსების მიღმაც იქნება ხილული.

"ცეცხლოვანი კანიონი" მზეზე.

ფოტო: Space Weather

აღსანიშნავია, რომ მზე 2019 წელს აქტიურობის ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც პიკს 2025 წლისთვის მიაღწევს, შესაბამისად, ამ პერიოდში მრავალ ასეთ მოვლენას ვიხილავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.