საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია Bitfury-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას, 2017 წელს გადავიდა პროექტის განხორციელების ახალ ეტაპზე. თუ 2016 წელს მოხდა ინიციატივის ჩარჩოსა და შესაბამისი საცდელი პროექტის შევუშავება, წელს ხდება უკვე მისი რეალურ რეჟიმში განხორციელება.

აღნიშნული პროექტი თავიდანვე განსაკუთრებული იყო იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართ სინათლის სიჩქარით მზარდი ინტერესისა, არც ერთმა სახელმწიფომ ჯერ ვერ, ან არ, მოახდინა ანალოგიური ინიციატივის ოფიციალური აღსრულების ეტაპზე გადაყვანა (თუმცა რამდენიმე ქვეყანაში უკვე ხდება, ან განიხილება ბლოკჩეინის საჯარო სექტორში გამოყენება).

შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა განაცხადი, რომ მას შეუძლია წარმატებით განახორციელოს საჯარო სეტქორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა. შესაბამისად, გლობალურად ბლოკჩეინ ტექნოლოგიით დაინტერესებულ პირთა ამ პროექტისკენ მიპყრობილი მზერა არა მხოლოდ დიდი წარმატება, არამედ ასევე გარკვეული ტიპის გამოწვევაცაა. თუ საქართველოში აღნიშნული პროექტი საჯარო სექტორს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს უფრო სანდო და ეფექტიანი, ამავდროულად, ის დაკავშირებული იქნება ისეთ საკითხებთან, რომელთა გადაჭრისთვისაც აუცილებელია წინასწარ მომზადებული შესაბამისი გარემო და სტრატეგია. საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ენთუზიასტთათვის დაადგინოს მოქმედების სტანდარტი.

აღნიშნული ბლოგ-პოსტის მიზანია, გააცნოს მკითხველს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის არსი, ამ ტექნოლოგიის მიღმა არსებული შესაძლებლობები და აღნიშნულ შესაძლებლობათა განხორციელებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი გამოწვევები. ბლოგ-პოსტი ასევე განიხილავს საქართველოში საჯარო სექტორის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების პროექტს და იმ შედეგებს, რასაც ეს ინიციატივა სთავაზობს სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს.

როგორ შეიძლება განიმარტოს ბლოკჩეინ ტექნოლოგია?

ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელსაც აქვს პოტენციალი, მოახდინოს ნდობის მნიშვნელობის რედეფინიცია საჯარო და კერძო სექტორებში.

სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის შემთხვევაში, ეს განპირობებულია ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებით, გააქროს: ა) მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული არასაკმარი ტრანსფარენტულობის დონე და ბ) სახელმწიფოს ექსკლუზიური პრივილეგია, განსაზღვროს რომელი ქმედება/მონაცემი არის „უტყუარი“.

აღნიშნული შედეგების მიღწევას ტექნოლოგია ახერხებს მონაცემთა დეცენტრალიზებული მეთოდით აღრიცხვისა და შეუქცევადი სახით შენახვის გზით.

ბლოკჩეინი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ციფრული, მუდმივ რეჟიმში ქრონოლოგიურად განახლებადი, დეცენტრალიზებული და კრიპტოგრაფიულად დაშიფრული მონაცემთა ბაზა.

ამ განმარტებაში მოცემული ცნებების შემდგომი დეფინიციაა საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინი:

  • ბლოკჩეინი არის ციფრული ტექნოლოგია, შესაბამისად ყველა ტიპის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ციფრული ფორმატით გამოისახოს (მათ შორის, საქართველოს მაგალითის შემთხვევაში, უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია), ამ ბაზაში ასახვადია. ის შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მონაცემთა რეესტრი (მონაცემთა ქსელი), რომელიც საზიაროა ამ რეესტრის ყველა მომხმარებლისთვის და აღრიცხავს მათ შორის განხორციელებულ ყველა ტრანზაქციას.
  • ბლოკჩეინის განახლება (ახალი მონაცემების რეესტრში დაფიქსირება) ხდება ქრონოლოგიურად, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული მომდევნო ტრანზაქციათა ბლოკი (იმ ტრანზაქციათა ერთობლიობა, რომელთა ბლოკჩეინზე ასახვის ინიცირებაც ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში განხორციელდა) მათემატიკურად დაკავშირებულია დროში მის წინმსწრებ ტრანზაქციათა ბლოკთან. ტრანზაქციათა ბლოკების სწორედ ამ ჯაჭვისებური ტიპის კავშირიდან გამომდინარეობს ტექნოლოგიის სახელწოდება. ჯაჭვის სიგრძე ბლოკჩეინის ყოველ განახლებასთან ერთად იზრდება.
  • ბლოკჩეინი არის კრიპტოგრაფიულად დაშიფრული მონაცემთა ბაზა, რაც გულისმხობს, რომ ინფორმაციის ავთენტურობის დაცვა ხდება მათემატიკურ წესებზე დაფუძნებული მონაცემთა ჰეშირების მეთოდით. ამ მეთოდის გამოყენების შედეგია სწორედ ის, რომ მონაცემის ბაზაში ასახვის შემდეგ, მისი წაშლა ან უკვალოდ გარდაქმნა შეუძლებელი ხდება. მონაცემთა ნებისმიერი სახით ხელყოფის მცდელობა მარტივად დაფიქსირებადია ქსელის მონაწილეთა მიერ.
  • ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული ტექნოლოგია, რაც გულისხმობს, რომ იდენტურ და მუდმივ რეჟიმში სინქრონულად განახლებად მონაცემთა ბაზაზე მომხმარებლებს ერთმანეთის დამოუკიდებლად აქვთ წვდომა. თუმცა მოიაზრებს, თუ არა ასეთი ტიპის წვდომა ასევე შესაძლებლობას, თითოეულმა მომხმარებელმა დამოუკიდებლად ასახოს ახალი მონაცემი ბაზაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს „ღია“ და „ნებადართული“ ტიპის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოდელები.

2008 წელს, როდესაც პირველად გამოჩნდა ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ის ემსახურებოდა კონკეტულ მიზანს, შესაძლებელი გაეხადა კრიპტოვალუტა ბიტკოინის ეფექტიანი ფუნქციონირება. შესაბამისად, ბიტკოინი არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების პირველი მაგალითი. ბლოკჩეინის აღნიშნულ მოდელში ცალკე აღებულ არც ერთ მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, ახალი მონაცემი ასახოს ბაზაში. ეს მოითხოვს „განსაკუთრებული ტიპის“ მომხმარებელთა ჩართულობას პროცესში. ასეთი განსაკუთრებული მომხმარებლები ბიტკოინ ბლოკჩეინის შემთხვევაში არიან მაინერები (miners), რომლებიც ამოწმებენ ტრანზაქციის ვალიდურობას. შემოწმებისას ისინი იყენებენ მაღალი სიმძლავრის მქონე კომპიუტერულ ტექნიკას მატემატიკური გამოთვლებისთვის. ქსელში ჩართული მაინერების გამომთვლელი სიმძლავრე დროში ცვალებადი ერთეულია. ამ გამომთვლელი სიმძლავრის 51%-ის მიერ მიღებული კონსენსუსი არის ერთადერთი მეთოდი, რომლითაც ხორციელდება ბიტკოინ ბლოკჩეინზე ახალი ინფორმაციის ასახვა. თავად ეს პროცესი, ისევე როგორც მის შედეგად ბლოკჩეინზე ასახული მონაცემები (ტრანზაქციები) არის საჯარო. მიუხედავად ტრანზაქციათა გამჭვირვალობისა, ტრანზაქციის მონაწილე მხარეთა იდენტობის გამჟღავნება არ არის ამ კონკრეტული ტიპის ქსელის მოთხოვნა.

განხილული მოდელი გამორიცხავს ტრანზაქციათა აღრიცხვისა და რეესტრში ცვლილებების ასახვის პროცესების ცენტრალიზაციას ისეთი სუბიექტების ხელში, როგორებიც არიან სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, თუ სხვა შუამავალი რგოლები. ის მიმართულია კოლექტიური ინტელექტის შესაძლებლობების რეალიზაციისკენ და გარდაქმნის ნდობის ფაქტორის მნიშვნელობას ტრანზაქციათა აღსრულებისას.

თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, თუ რატომ შეიძლება იყვნენ თავად ის სუბიექტები, რომლებიც დღევანდელ რეალობაში წარმოადგენენ ცენტრალიზებული მოდელების განმკარგველ რგოლებს, ამ ტექნოლოგიით მოხიბლულები? ასეთ სუბიექტებს შორის ბლოკჩეინის წარმატება ძირითადად განპირობებულია მეორე ტიპის მოდელით, რომელსაც „ნებადართული“ ბლოკჩეინი შეიძლება ეწოდოს. მოქმედების მექანიზმით მას ტრადიციულ, სრულად ცენტრალიზებულ მოდელსა და ღია ბლოკჩეინს შორის შუალედური ადგილი უკავია. ამ შემთხვევაში ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზა ექვემდებარება წინასწარ განსაზღვრული სუბიექტ(ებ)ის ზემოქმედებას.

კერძოდ, მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებს აქვთ უფლება, ასახონ ცვლილებები ბლოკჩეინზე (აქედან გამომდინარეობს სახელწოდებაც „ნებადართული ბლოკჩეინი“). ამ ნაწილში ასეთი ტიპის მოდელი ტრადიციული მოდელების მსგავსია, ვინაიდან ცენტრალიზაციის სრული თავიდან აცილება არ არის მოდელის თვითმიზანი. თუმცა ღია ბლოკჩეინის მსგავსად, აქაც შეუძლებელი ხდება ავტორიზებული სუბიექტების მიერ მონაცემთა ბაზაში უკვე ასახულ ტრანზაქციათა ცვლილება სისტემის მომხმარებელთა მიერ ამ ცვლილების დაუფიქსირებლად. ნებადართული ბლოკჩეინ მოდელი არის დღეს არსებული ცენტრალიზებული მოდელების გაუმჯობესებული ალტერნატივა, რომელიც აღწევს ბალანსს ერთი მხრივ, სისტემის უსაფრთხოებასა და ცენტრალურ კონტროლს, ხოლო მეორე მხრივ, სისტემის სანდოობასა და ეფექტიანობას შორის.

რატომ არის ბლოკჩეინი რევოლუციური ტექნოლოგია?

დღემდე არსებული ყველა მონაცემთა ბაზა არის ცენტრალიზებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბაზების სანდობაა პირდაპირპროპორციულ კავშირშია იმ სუბიექტების სანდოობასთან, რომლებიც განკარგავენ მათ. მონაცემთა ბაზების განმკარგველ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სუბიექტად თანამედროვე სამყაროში გვევლინება სახელმწიფო, რომელიც ყოველდღიურად ასახავს/ცვლის/შლის უამრავ მონაცემს. შესაბამისად, „სახელმწიფო მეხსიერებაში“ არსებობა განსაზღვრავს ამა თუ იმ მონაცემის ლეგიტიმურობას.

კერძო სექტორში ცენტრალიზებული მოდელის კარგი მაგალითია საფინანსო სექტორში ბანკების ფუნქციონირება. თითოეულ ბანკს აქვს მონაცემთა შიდა ბაზა, რომელიც მიუწვდომელია სხვა ბანკებისთვის. ყოველი კონკრეტული ტრანზაქცია საჭიროებს ბაზის განმკარგველი ბანკისა და სხვა შუამავალი სუბიექტების ჩართულობას მონაცემთა გადამოწმებასა და შესაბამისობების დადასტურებაში.

ამ ტრადიციული ტიპის მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, ღია ბლოკჩეინი (როგორიც არის მაგალითად ბიტკოინ ბლოკჩეინი) დაფუძნებულია ფუნქციონირების ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ დეცენტრალიზაციას აღწევს.

ამავდროულად, როგორც ღია, ასევე ნებადართული ბლოკჩეინ მოდელების პირობებში რეალურ რეჟიმში მონაცემთა განკარგვის ამომწურავი ისტორიის უტყუარი აუდიტი ხდება შესაძლებელი. შესაბამისად, ბლოკჩეინი არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგია, არამედ აზროვნების ახალი მოდელია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება დღემდე არსებული მონაცემთა შენახვის, გაცვლისა და კონტროლის ცენტრალიზებული მეთოდებისგან.

რამდენადაც ეს იდეა რევოლუციურია, იმდენად ის გამოიწვევს საზოგადოების ფუნქციონირების დღევანდელი მოდელის ტრანსფორმაციას თითქმის ყველა სექტორში. დოიჩე ბანკის მიერ 2016 წელს გლობალური მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საფინანსო სექტორის მონაწილე სუბიექტთა 78% თვლის, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში მოხდება ამ ტექნოლოგიის აქტიური გამოყენება, რაც მრავალი კუთხით შეცვლის საფინანსო სისტემის თანამედროვე თამაშის წესებს.

საჯარო სექტორის შემთხვევაში, საინტერესოა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო საკითხებში უფროსი მრჩევლის 2016 წლის მოხსენება, რომელიც ბლოკჩეინის პოტენციალს ხედავს სახელმწიფოს მიერ გადასახადების შეგროვების, მიწის აღრიცხვის, პერსონალური მონაცემების განკარგვისა და პასპორტების გაცემის პროცესების, ასევე ჯანდაცვის სექტორისა და ზოგადად სამთავრობო საქმის წარმოების სანდოობის გაუმჯობესებაში.

როგორ იყენებს საქართველო ბლოკჩეინ ტექნოლოგიას?

თუ წინამდებარე კვლევები მიუთითებს ბლოკჩეინის პოტენციალზე, საქართველო უკვე ამ პოტენციალის უშუალო რეალიზაციის ეტაპზეა გადასული. საქართველოს მიერ არჩეული უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მოდელი არის უნიკალური. შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოადგენს ღია და ნებადართულ ბლოკჩეინ მოდელთა ჰიბრიდულ ვერსიას. კერძოდ, საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ უტყუარი ინფორმაციის შემცველი თითოეული დოკუმენტის (ამონაწერის) ნამდვილობას ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით. ნებადართული ბლოკჩეინ მოდელის სისტემის მეშვეობით, ამ დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერის მომენტში ხდება თითოეული დოკუმენტისთვის ინდივიდუალური ჰეშ-კოდის მინიჭება. ნებისმიერი ასეთი ჰეში არის განსაზღვრული რაოდენობის სიმბოლოთა წყობა. ის არ ემთხვევა არც ერთი სხვა დოკუმენტის ჰეშს და ასახავს დოკუმენტის მთლიანობას დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

თუ ჰეშირების შემდეგ დოკუმენტში განხორციელდა რაიმე ტიპის ცვლილება, დოკუმენტს ენიჭება ახალი ჰეშ-კოდი. ჰეშირებული ამონაწერები საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება რეესტრის ვებ-გვერდზე. ამ ეტაპამდე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ქმედებები ნებადართული ბლოკჩეინ ქსელის შიგნით ხორციელდება. თუმცა ის ფაქტორი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის ზრდას, ასევე მონაცემთა დაცვას მანიპულირების შესაძლებლობისგან, არის საჯარო რეესტრის ინიციატივა, რომ პროცესი პარალელურად აესახა ღია ტიპის ბლოკჩეინზე (კერძოდ, ბიტკოინ ბლოკჩეინზე).

საჯარო რეესტრის სისტემაში ინტეგრირებული ნებადართული ბლოკჩეინი დაკავშირებულია ბიტკოინ ბლოკჩეინთან იმგვარად, რომ ამონაწერების ჰეშები აისახება ამ უკანასკნელზეც.

პროცესი გულისხმობს გლობალური მასშტაბით მაინერების ჩართულობას ტრანზაქციათა ისტორიის უტყუარობის განსაზღვრაში. მაინერებისთვის ამ შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი უშუალოდ ის ინფორმაცია, რომელიც თითოეული ამონაწერის შიგნით არის განთავსებული, არამედ ისინი აფასებენ მხოლოდ დოკუმენტისთვის უკვე მინიჭებულ ჰეშებს. ამგვარად ხდება საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებულ ქმედებათა სრული ისტორიის ანალიზი და ასახვა ბიტკოინ ბლოკჩეინზე. ეს ისტორია ბიტკოინ ბლოკჩეინზე ასახვის შემდეგ საჯაროდ ხელმისაწვდომია. ნებისმიერ სუბიექტს ეძლევა შესაძლებლობა, დარწმუნდეს კონკრეტული ამონაწერის უტყუარობაში. ამონაწერი კი უტყუარია მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრიდან მიღებული ამონაწერის ჰეში არის ბიტნოინ ბლოკჩეინზე განთავსებული ჰეშის იდენტური.

ინოვაციას მორგებული სამართლებრივი ჩარჩოს საჭიროება

აღწერილი ჰიბრიდული ტიპის ბლოკჩეინ მოდელის ინტეგრაცია საჯარო რეესტრის სისტემაში ნამდვილად მნიშვნელოვანი წინსვლაა, ვინაიდან ის გულისხმობს მონაცემების უტყუარობის დაცვაში (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის საქმიანობის სანდოობისა და ხარისხიანობისთვის) დამატებითი, გარე კონტროლისა და უსაფრთხოების შრის ჩართულობას. ამავდროულად, ამ ინოვაციური ტექნოლოგიის საჯარო სექტორის საქმიანობაში გამოყენება საჭიროებს სათანადო სამართლებრივი გარემოს შექმნას, რათა მან მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ახალი ტექნოლოგიის საჭიროებებზე იქნება მორგებული. ამისთვის კი საკანონმდებლო დონეზე პასუხები უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

1. რა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგია?

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინოვაციური ხასიათიდან გამომდინარე, დღეს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მცირეა იმ იურისდიქციათა რიცხვი, რომელთა მიერაც განმარტებულია ეს ტექნოლოგია. საკანონმდებლო დონეზე ტექნოლოგიის აღიარება და განსაზღვრება მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ამ განმარტების ფარგლებიდან გამომდინარე იცვლება ტექნოლოგიის ეფექტიანობის ხარისხი. ბლოკჩეინის განმარტების საინტერესო მაგალითია ვერმონტის შტატის მიერ 2016 წელს მიღებული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ბლოკჩეინს, როგორც მათემატიკურად დაცულ, ქრონოლოგიურ და დეცენტრალიზებულ კონსენსუსზე დამყარებულ მონაცემთა ბაზას, რომლის ფუნქციონირებაც ხდება ინტერნეტის მეშვეობით ინტერაქციითა, თუ სხვაგვარად.

კიდევ უფრო დეტალურ განმარტებას იძლევა არიზონის შტატის 2017 წლის კანონმდებლობა, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს ღია და ნებადართული ტიპის ბლოკჩეინ მოდელებს და აღიარებს ამ ტიპის მოდელებზე განთავსებული მონაცემების სანდოობას. საქართველოში ბლოკჩეინის განმარტების ფარგლებზე იქნება დამოკიდებული სამომავლოდ არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სექტორის მიერაც ამ ტექნოლოგიის ათვისების შესაძლებლობა.

2. მიიჩნევა, თუ არა ბლოკჩეინზე დაცული მონაცემები სამართლებრივი დავისას იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებად? რა გარემოებების დადასტურებაა შესაძლებელი ამ მონაცემებით და როგორ არის განაწილებული მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის?

საკანონმდებლო დონეზე აღიარებასა და განსაზღვრებას საჭიროებს ბლოკჩეინზე განთავსებულ მონაცემთა სამათლებივი სტატუსიც. ამავდროულად, ვინაიდან ბიტკოინ ბლოკჩეინზე არ ხდება თითოეული დოკუმენტის შინაარსის ასახვა, არამედ ფიქსირდება ამ დოკუმენტთა შესაბამისი ჰეშები, მხოლოდ ბლოკჩეინზე განთავსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ლიმიტირებული გარემოებების უყტუარობის დადგენაა შესაძლებელი.

კერძოდ, საჭიროა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მონაცემის ავთენტურობისა და მონაცემის შინაარსობრივი სანდოობის მტკიცების შესაძლებლობა. ბიტკოინ ბლოკჩეინზე განთავსებული მონაცემი ამ ორიდან მხოლოდ პირველის მტკიცების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულ ცნებებს შორის განსხვავების ილუსტრირებას ახდენს ვერმონტის შტატის კანონმდებლობა, რომელიც ადგენს ბლოკჩეინზე განთავსებული მონაცემის ავთენტურობის პრეზუმფციას.

ამ პრეზუმფციის შედეგია ის, რომ დავის პირობებში მოდავე მხარეს უფლება აქვს, დაეყრდნოს ბლოკჩეინზე დაცულ ინფორმაციას დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ისეთი გარემოებების სამტკიცებლად, როგორიც არის:

  1. ინფორმაციის განმთავსებელი სუბიექტის ლეგიტიმურობა;
  2. განთავსების დრო და თარიღი;
  3. განთავსებისას დოკუმენტის მთლიანობა. ამავდროულად, კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ ეს პრეზუმფცია არ ვრცელდება მონაცემების შინაარსობრივი უტყუარობისა და მართლზომიერების ფაქტის დადგენაზე.

3. რას წარმოადგენს „სმარტ კონტრაქტი“?

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2017 წელს დაგეგმილია სმარტ კონტრაქტების საჯარო რეესტრის საქმიანობაში ინტეგრაცია.

სმარტ კონტრაქტი არის ავტომატიზირებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს, ხელშეკრულების პირობები დააფიქსირონ და აღასრულონ მთლიანად კომპიუტერული კოდის გამოყენებით.

თვით-აღსრულებადი კონტრაქტების იდეა განხორციელებადი გახადა ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ. სმარტ კონტრაქტით მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობათა ავტომატური აღსრულებისას ის, ერთი მხრივ, ეყრდნობა ბლოკჩეინზე არსებულ მონაცემებს და, მეორე მხრივ, ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზის განახლებაში მონაწილეობს.

სმარტ კონტრაქტების გამოყენებას შეუძლია, მნიშვნელოვნად გარდაქმნას ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საოპერაციო და ტრანზაქციული რისკები, დააჩქაროს და უზრუნველყოს ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების შესრულება, ასევე დიდწილად შეამციროს მხარეთა ხარჯები და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავათა რიცხვი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა, შესაძლებელი გახადოს სმარტ კონტრაქტების გამოყენება, ბლოკჩეინზე უძრავი ქონების შესახებ ამონაწერთა ასახვის პროექტის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. სმარტ კონტრაქტების პრაქტიკული ეფექტიანობის თეორიული ილუსტრირება შესაძლებელია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მაგალითზე. მხარეების მიერ ბლოკჩეინზე დაფიქსირებული სმარტ კონტრაქტის პირობების შესაბამისად, პროგრამა შეამოწმებს გამყიდველის საკუთრების უფლების მართლზომიერებას ნასყიდობის საგანზე. მართლზომიერი მესაკუთრეობის დადგენის შემთხვევაში, მყიდველის მიერ ავტომატურად ხდება გამყიდველისთვის ნასყიდობის თანხის გადახდა, რასაც დაუყოვნებლივ მოსდევს საკუთრების უფლების ასევე ავტომატურ რეჟიმში გადასვლა ახალ მესაკუთრეზე. მსგავსი მეთოდით ხელშეკულებათა დადებისა და აღსრულების ლეგიტიმურობა საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრებას საჭიროებს.

ამავდროულად, სმარტ კონტრაქტებით სარგებლობა დაკავშირებული იქნება ისეთ კითხვებთან, როგორებიცაა:

  1. სმარტ კონტრაქტის აღსასრულებლად გამოყენებული პროგრამირებადი, კრიპტოგრაფიული ვალუტის (როგორიც არის მაგალითად ბიტკოინი) სამართლებრივი სტატუსი,
  2. დავისას სასამართლოსა და მხარეთა მიერ კონტრაქტის განმარტების მეთოდი,
  3. ამ სისტემის უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც აღასრულებს სმარტ კონტრაქტებს (რაც მოითხოვს საკანონმდებლო დონეზე არა მხოლოდ სამართლებრივი საკითხების გადაჭრას, არამედ ტექნიკური სტანდარტების დადგენასაც),
  4. სისტემის უსაფრხოებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და კონტროლის კონკრეტული მექანიზმების განსაზღვრა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ისეთი მახასიათებლები, როგორიც არის მონაცემთა რეტროსპექტული ცვლილების შეუძლებლობა ღია ტიპის მოდელებში.

სმარტ კონტრაქტების პროექტის ამოქმედება გულისხმობს ისეთი შემთხვევებისთვის მზაობას, როდესაც ბლოკჩეინზე დაფიქსირებული მონაცემები საჭიროებს ცვლილებას. შესაბამისად, განსაზღვრებას საჭიროებს, თუ რა შემთხვევებშია ეს ცვლილება შესაძლებელი და როგორ მოხდება მონაცემთა კორექტირება ბიტკოინ ბლოკჩეინზე?

დასკვნა

საქართველოს მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საჯარო სექტორში გამოყენებისა და სმარტ კონტრაქტების იმპლემენტაციის ინიციატივა დიდი შესაძლებლობების მომტანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამავდროულად, ამ ინოვაციური ტექნოლოგიის შემოტანა მოითხოვს არსებულ სამართლებრივ სისტემაში ახალი ცნებებისა და სტანდარტების ინტეგრაციას, ასევე განსხვავებული სახის რისკ-ფაქტორების შეფასებას. თუ ბლოკჩეინის გამოყენების მიზანს ამჟამად არსებული ცენტრალიზებული მოდელის მქონე მონაცემთა აღრიცხვის, განკარგვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს, მისი წარმატება და ეფექტიანობა დიდწილად სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოხდება ამ ინოვაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება. ეს ტექნოლოგია გლობალური მასშტაბით ჯერ კიდევ შეცნობის სტადიაზეა, შესაბამისად საქართველოს აქვს შესაძლებლობა, შექმნას წარმატებული პრეცედენტი და ამით სხვებისთვისაც დაადგინოს მოქმედების სტანდარტი.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Medium-ზე.

ასევე იხილეთ: როგორ მოახდენს ბიტკოინის ტექნოლოგია რევოლუციას