რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს უკვე მე-6 კვირაა აწარმოებს. მხარეები 24 თებერვლიდან მალევე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა ხელშესახები შედეგებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ. არის საკითხები, რაც კრემლს აკვიატებული აქვს და როგორც ჩანს, ამ მიზნების მიღწევამდე ვლადიმერ პუტინი მისი წამოწყებული ომის დასრულებას არ აპირებს.

მიუხედავად ამისა, ლაპარაკი მნიშვნელოვანია — ასე ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი სულაც არ არის მოხარული პირისპირ დაუჯდეს ადამიანს, რომელმაც მილიონობით უკრაინელი უსახლკაროდ დატოვა, ათასობით მოქალაქე დახოცა, მაგრამ ამბობს, რომ ვალდებულია ეს გააკეთოს.

ფოტო: ТАСС/Михаил Метцель

"საქმე იმაში კი არ არის, რომ მე მინდა პუტინს ველაპარაკო, საქმე იმაშია, რომ ვალდებული ვარ პუტინს ველაპარაკო, მსოფლიო ელაპარაკოს, იმიტომ, რომ სხვა გზა ამ ომის შესაჩერებლად არ არის, ამიტომაც უნდა გავაკეთო ეს", — ამბობს ის.

მართალია, ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეებში მთავარ პასუხისმგებელ პირს მოლაპარაკებების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ — არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც ეს პუტინს სჩვევია ხოლმე — თუმცა მხარეებს შორის ყველა შეხვედრა, ამ დრომდე, ქვეყნის პირველი პირების გარეშე შედგა.

მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, უკრაინას კი პრეზიდენტის თანაპარტიელი, ხალხის მსახურის ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია.

ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების მაგიდაზე რამდენიმე საკითხი დევს, მათ შორის, უკრაინის ნეიტრალიტეტი, ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციების შემცირება.

ნეიტრალიტეტის საკითხი

ფოტო: Reuters

რამდენიმე უშედეგო, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, შედარებით შედეგიანი მხოლოდ თურქეთში გამართული იყო. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირისპირ სასაუბროდ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები მიიწვია, თუმცა 29 მარტს სტამბულში ერთმანეთს დელეგაციები შეხვდნენ.

დახურულ კარს მიღმა წარმართულ მოლაპარაკებებს მოჰყვა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთს წერილობითი ფორმით გადასცა წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლის მიხედვითაც გარანტორი ქვეყნები ნატოს მე-5 მუხლის ანალოგის მიხედვით იმოქმედებენ.

უკრაინა ნეიტრალიტეტის განხილვას მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ხედავს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ რეალური უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინა არ შეუერთდება NATO-ს და არ განათავსებს უცხოურ ჯარებს მის ტერიტორიაზე — პრინციპული პუნქტი პუტინისთვის, რადგან სწორედ ასე "გაამართლა" მან "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში.

ფოტო: BBC

რას გულისხმობს ეს

28 მარტს რუსულ დამოუკიდებელ მედიასთან ინტერვიუს დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტატუსის შეცვლის შემთხვევაში უკრაინაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, "რადგანაც მხოლოდ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ იქნება ასეთი სტატუსი და ასეთი გარანტიები". თუმცა შეუძლებელია მისი ჩატარება, თუ ქვეყანაში ჯარია, რადგან შემდეგ ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს.

"არავინ არასოდეს, კონვენციის თვალსაზრისით, არ ჩათვლის რეფერენდუმის შედეგებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არის ჯარები, ან შეიარაღებული უკანონო ფორმირებები, ან სხვა სახელმწიფოს კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შეუძლებელია. ასე მოხდა ყირიმში", — აღნიშნა მან.

თურქეთში მოლაპარაკებების შემდეგ მიხაილო პოდოლიაკმაც განმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხზე ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება.

"ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს კონტაქტი საზოგადოებასთან და მიიღოს დადებითი შედეგები იმაზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული უსაფრთხოების კონტური, რომელსაც მიიღებს უკრაინა", — თქვა მან.

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე On.ge-სთან განმარტავს, რომ თუ უკრაინამ ეს უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, რაც ფაქტობრივად NATO-ს მე-5 მუხლია, მისი დასავლური მომავალი გარანტირებულია.

"პუტინის ამოსავალი წერტილია, რომ მოკლას უკრაინის დასავლური მომავალი, ანუ ნეიტრალიტეტი პუტინის გადმოსახედიდან ნიშნავს უკრაინის მარტო დატოვებას, რომელიც ეყოლება კონტროლქვეშ. ხოლო უკრაინის გადმოსახედიდან ეს არის დასავლეთის მიერ გარანტირებული უსაფრთხოება და შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირში", — აღნიშნავს ის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ბატაშვილი კი ამბობს, რომ რუსეთს სურს და ცდილობს უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება, ამიტომ ის არანაირ უსაფრთხოების გარანტიებს არ დათანხმდება. მისივე თქმით, უკრაინის ნეიტრალიტეტზე, როგორც ფაქტზე, ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ.

"უკრაინელები ცდილობენ, ასეთი გარანტიები საკმარისი სამხედრო ძალის მქონე ქვეყნებისგან იშოვონ, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ეს მაინცდამაინც არ გამოდის. ამიტომ მიღებულ ფაქტად არ ავიღებდი იმას, რომ უკრაინა ამ ყველაფრის ბოლოს ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს", — განუცხადა მან On.ge-ს.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, სამუელ ჩარაპი NYT-თან აცხადებს, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია, რისი იმედიც დღეს შეიძლება არსებობდეს.

"უკრაინელებმა მოიფიქრეს მაინც რაღაც კონკრეტული, რათა გადაწყვიტონ რუსეთის მთავარი მოთხოვნა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ", — აღნიშნა მან.

პოლიტიკის მეცნიერების ექსპერტი, ულრიკა მიულიერი კი გამოცემა VOX-თან ამბობს, რომ ნეიტრალიტეტი პატარა სახელმწიფოებისთვის იარაღია, რათა დაიცვან მათი პოლიტიკური მთლიანობა მეზობელი ქვეყნის და რეგიონალური ძალისგან.

"ჩვენ გვინდა, რომ დავრჩეთ ცოცხლები, მაშ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავრჩეთ ცოცხლები?" — განაცხადა მან.

ფოტო: Maxim Guchek/BelTA Pool Photo via AP

ფოტო: SERGEI KHOLODILIN/BELTA/AFP via Getty Images

უკრაინა გარანტორებს შორის ხედავს გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს, თუმცა მსურველებისთვის კარი ღიაა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, იყოს უკრაინისთვის გარანტორი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამ დრომდე კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

"ჯერჯერობით, კონკრეტული სია გარანტიების ან იმ ქვეყნების, რომლებიც მზად არიან შენთვის ჩაერთონ, არ მიგვიღია. არ გვჭირდება მსოფლიოს 40 ქვეყანა, რომელიც მზადაა შემოუერთდეს და იბრძოლოს უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან ყველაფრისთვის, გვჭირდება იმ სახელმწიფოების წრე, რომლებიც მზად არიან მოგვაწოდონ იარაღი 24 საათში", — ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი ვარაუდობს, რომ შესაძლო გარანტორი ქვეყნების მრჩეველებთან შეხვედრა ახლო მომავალში გაიმართება.

ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი

ყირიმის საკითხი, ჯერჯერობით, გადაუჭრელად რჩება, თუმცა უკრაინის დელეგაციამ რუსეთს ამასთან დაკავშირებითაც კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. მართალია, გარანტიები დროებით არ იმუშავებს ამ ტერიტორიაზე, მაგრამ უკრაინის შეთავაზებაა გეგმა, რომელმაც საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

კერძოდ, უკრაინის დელეგაციამ რუსეთს უთხრა, შეთანხმების ცალკეულ პუნქტში დააფიქსიროს, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსის საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებებით 15 წლის განმავლობაში გადაწყდება.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ცალკე პუნქტში უკრაინა რუსულ მხარეს სთხოვს, ამ დროის განმავლობაში, სანამ მოლაპარაკებები გრძელდება, არ გამოიყენონ სამხედრო ან შეიარაღებული ძალები ყირიმის საკითხის მოსაგვარებლად.

ფოტო: Maxim Guchek, BelTA

როგორც ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი, დიმიტარ ბეჩევი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ლავროვის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე განსხვავებები იკლებს, ეს, ჯერჯერობით, ცხადი არ არის.

"კომპრომისამდე მისაღწევად მოლაპარაკებების კიდევ ბევრი რაუნდი იქნება საჭირო და ამასობაში, ბრძოლა გაგრძელდება", — წერს ის.

მისივე თქმით, რუსეთი, შესაძლოა, დროის მოგებას ცდილობდეს, რათა ძალები აღიდგინოს და განახლებული შეტევა განახორციელოს.

"შესაფერისია სირიასთან პარალელი. იქ პუტინმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადებები, რომ "მისია შესრულებულია", თუმცა შემდეგ ასადის რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ ახალი კამპანიების წარმოებას დართო ნება".

პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა

რადგან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებად მოიხსენიებენ თავს, დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა — უკრაინის დელეგაცია ვარაუდობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ბედი პრეზიდენტებმა პირდაპირ მოლაპარაკებებში უნდა გადაწყვიტონ.

აქამდე რუსეთი ასეთი შეხვედრის აუცილებლობას გამორიცხავდა, თუმცა სტამბულის მოლაპარაკებების შემდეგ, მედინსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად, შესაძლებელია, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. მისი თქმით, ეს ვერსია იძლევა დამატებით შესაძლებლობებს პოლიტიკური დეტალების განხილვისთვის.

ბექა კობახიძე განმარტავს, რომ მსგავს საკითხებში გარღვევა ქვეყნების ლიდერებს შორის შეხვედრების დროს არ ხდება. მისი თქმით, დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილია, რომ ქვეყნები ქვედა დონეზე ათანხმებენ ძირითად საკითხებს, ძირითად მიმართულებებს, ხოლო ლიდერების შეხვედრის დროს უკვე დეტალების დაზუსტება და ხელის ჩამორთმევა ხდება.

"მაშინ, როდესაც ამ ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ქვეყანათა ლიდერებს აქვთ რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები, ის, რომ რაღაც სასწაული მოახდინოს ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრის დროს გამორიცხულია", — აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, თუ ზელენსკი პუტინს შეხვდება, ეს იქნება კარგი დემონსტრირება და დიდი კონტრასტის მაჩვენებელი ბოროტებასა და სიკეთეს შორის.

სამხედრო ოპერაციების "შემცირება"

მოლაპარაკებების შემდეგ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის 2 მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდნენ — ერთ-ერთი კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საბრძოლო ოპერაციების შემცირებას ეხებოდა.

უკრაინა თავიდანვე საუბრობდა, რომ ეს სინამდვილეში არა ჯარების გაყვანის, არამედ მათი გაძევების შედეგები იყო, ამას ამბობს აშშ-ისა და ბრიტანეთის დაზვერვაც. მათი მონაცემების მიხედვით, კიევის მიმდებარედ უკრაინა წარმატებით ახორციელებდა საპასუხო დარტყმებს, ხოლო რუსეთს რესურსების პრობლემები ჰქონდა.

BBC წერს, რომ რუსეთი წარუმატებელი იყო მთავარ ფრონტებზე — ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს კიევში შესვლა, მთავრობის დამხობა ან სამხრეთით მდებარე რომელიმე დიდი ქალაქის აღება:

"ჯერ ძალიან ადრეა შედეგების პროგნოზირება. შესაძლოა, დიდი ომის დასაწყისში ვიყოთ. რუსეთი ამბობს, რომ ახლა დონბასის რეგიონზე მოახდენს კონცენტრირებას. დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან სხვაგან მოგებას ვერ მიაღწია. თუმცა სამომავლოდ, შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას განაახლოს ტერიტორიების დაკავების მცდელობა".

დავით ბატაშვილიც განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რუსებმა კიევში საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწიეს და მათი იქ ყოფნა უკვე წამგებიანი იყო, გადაწყვიტეს საკუთარი ძალების უფრო ვიწრო ფრონტისკენ მიმართვა.

"იქ ჯარების ყოფნა არაფერს არ მოიტანდა მათი განადგურების გარდა. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მოახდინონ, ერთგვარი, სტრატეგიული ოპტიმიზაცია, გაიყვანონ კიევიდან, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან თავიანთი ჯარები და ამის ნაცვლად, სცადონ მთელი ძალების მიმართვა უფრო ვიწრო ფრონტზე, მათ შორის, დონბასში", — თქვა მან.

ის მიუთითებს, რომ თუ თავიდან რუსებმა ყველაფრის ერთდროულად აღება სცადეს და არაადეკვატურად აფასებდნენ ძალთა ბალანსს, ახლა იგივე მიზნების მიღწევას, ანუ უკრაინის აღებას, სხვა მეთოდებით ცდილობენ.

"დონბასის აღებას რომ ცდილობენ, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დონბასის აღებას ცდილობენ, უბრალოდ ეს მათთვის თანდათან უკრაინის დამარცხების გეგმაა".

ბექა კობახიძე აღნიშნავს, რომ რეალურად მთავარი საკითხები ღია რჩება, რუსების მიერ ჯარების გაყვანა მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა და ისინი წარუმატებელი სამხედრო მოქმედებების შემდეგ, ახალ გეგმაზე გადავიდნენ.

"მათი გეგმა იმის თაობაზე, რომ აეღოთ კიევი, შეეცვალათ ხელისუფლება, ჩავარდა და შესაბამისად, გადავიდნენ შემდეგ გეგმაზე, ე.წ. მინიმალისტურ გეგმაზე, რომ ეს ნოვოროსია, ისტორიული ნოვოროსია შეუერთონ რუსეთს. ეს არის დონეცკის ოლქი, ლუგანსკის ოლქი, ხერსონის ოლქი გასასვლელით ყირიმზე და მინიმუმ, ამით შემოიფარგლონ. შემდეგ გათხარონ იქ სანგრები, გამაგრდნენ და 9 მაისს პუტინი მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვებული აღლუმით გავიდეს", — განაცხადა კობახიძემ.

თუმცა რუსეთი თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა "შეთანხმების" შესრულებას და მისი სიტყვების კეთილსინდისერებას, რადგან, როგორც ჩერნიგოვის მერი მეორე დღეს საუბრობდა, ქალაქზე კოლოსალური თავდასხმა განხორციელდა — დარტყმები კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა.

"ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი ტყუის. ამბობენ, რომ ინტენსივობას ამცირებენ, მაგრამ სინამდვილეში ინტენსიური დარტყმები გაზარდეს. დღეს იყო კოლოსალური თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრში. 25 ადამიანი დაშავდა და ახლა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამიტომ, როცა რუსეთი რაღაცას ამბობს, ის კარგად უნდა გადამოწმდეს", — თქვა მან.

ამ აზრს იზიარებდნენ აშშ და NATO-ც. იენს სტოლტენებრგმა აღნიშნა, რომ ვინაიდან რუსეთი ხშირად იტყუება, მისი განსჯა შეიძლება მხოლოდ ქმედებებით და არა სიტყვებით. აშშ კი აცხადებდა, რომ კიევის გარშემო რუსული ძალების ნებისმიერი მოძრაობა არა გაყვანა, არამედ გადაადგილებაა.

ბუჩა რუსული ოკუპაციის შემდეგ

ბუჩა რუსული ოკუპაციის შემდეგ

ფოტო: Rodrigo Abd/AP

ოფიციალურად კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან 2 აპრილს გათავისუფლდა. ირპენმა, ბუჩამ, გოსტომელმა და სხვა ქალაქებმა, სადაც უკრაინის ჯარები შევიდნენ, მსოფლიოს ხელახალი გამოღვიძება აიძულა.

მედიაში გავრცელდა ფოტოები ბუჩას ქუჩებიდან, რომელიც სავსეა ცხედრებით — მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული, ნაწილის გვერდით ველოსიპედები ყრია, ნაწილი კი, მინიმუმ, სამი კვირის წინ მაინც არის მოკლული. ზელენსკიმ ამას გენოციდი უწოდა. შეშფოთდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც და ირწმუნებიან, რომ სანქციების ახალი მკაცრი პაკეტი გზაშია.

რუსეთმა გავრცელებულ კადრებს ყალბი უწოდა, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამტკიცებს, თითქოს ეს პროვოკაციაა, რომლის მიზანი მოლაპარაკებების ჩაშლაა, სწორედ მაშინ, როცა პროცესში შუქი გამოჩნდა, "არც ისე კაშკაშა, მაგრამ მაინც შუქი".

საბოლოო ჯამში, რუსეთის გარდა ყველა ამბობს, რომ რუსეთი უკან კი არ იხევს, არამედ, გადაჯგუფებას და შეტევების გაძლიერებას გეგმავს — უკრაინა დამატებითი შეტევებისთვის უკვე ემზადება, თუმცა ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვისაც.

ფოტო: AFP, Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტი ბუჩაში

უკრაინის პრეზიდენტი ბუჩაში

ფოტო: AFP, Anadolu Agency/Getty Images

The Atlantic წერს, რომ პუტინს არ სჭირდება "ნეიტრალური" უკრაინა, მას სჭირდება დამარცხებული უკრაინა და სწორედ ამას ემსახურებოდა შეჭრაც. სტატიაში ავტორი სვამს კითხვას, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინის პრეზიდენტი მაშინ, როცა რუსეთი მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვას აგრძელებს და რამდენი ხანი დასჭირდება დასავლეთს, სანამ უკრაინის პრეზიდენტს "შეთანხმებისკენ" უბიძგებს?

"უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ დასავლეთს სურს მშვიდობა, მაშინ, როცა პუტინს სჭირდება გამარჯვება. მან კარგად იცის მოსკოვისა და უკრაინის დასავლელი მხარდამჭერების მიზნებს შორის არსებული ფუნდამენტური რღვევა. ეს უზარმაზარი უპირატესობაა. მან იცის, რომ დრო მის მხარესაა", — წერს გამოცემა.

ბატაშვილის თქმით, სამომავლოდ რა იქნება, ამ ეტაპზე დამოკიდებულია არა იმაზე, რას ლაპარაკობენ ეს დელეგაციები სტამბულში, არამედ ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე.

"კი, ეს მოლაპარაკებებით დასრულდება, როგორც ყველა ომი, მაგრამ კონკრეტულად რა პირობებით და რაზე იქნება საერთოდ საუბარი, დამოკიდებულია მანამდე ბრძოლის ველზე რა მოხდება, ეს განსაზღვრავს ახლა ყველაფერს", — აცხადებს ის.

მორიგი მოლაპარაკებების თარიღი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე, რთულია მისი სამომავლო პერსპექტივის განჭვრეტა, რადგან, როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, ყველაფერი მთელ რიგ დეტალებზეა დამოკიდებული.