უკრაინა ქართველებს რუსეთთან თავის ომს ახსენებს, ეს დილემას წარმოქმნის — NYT
"რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა. მრავალი ქართველისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად უკრაინის გვერდით უნდა იდგეს. თუმცა მთავრობა მეტად ფრთხილია", — წერს კონფლიქტოლოგი პატრიკ კინგსლი. ქვემოთ The New York Time-ში გამოქვეყნებული მისი ანალიზის თარგმანს გთავაზობთ.
უკრაინიდან უახლესი ამბების გაგებისთანავე, ხურვალეთელი თინა მარღიშვილს მამის გაშენებული ტყე ახსენდება. მას კარგად ახსოვს ბავშვობისდროინდელი სახლი, ძროხები, ოჯახის ბაღჩა. მას შემდეგ, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსულმა ჯარებმა მშობლიური მიწის დატოვება აიძულეს, ეს ყველაფერი აღარ უნახავს.
"უკრაინის ამბებს ვუყურებ, 2008 წელი მახსენდება და მაშინვე ტირილს ვიწყებ", — ამბობს 57 წლის მარღიშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, — "საქართველო სანქციებს უნდა უწესებდეს რუსეთს, ბლოკადას უწყობდეს, მის ექსპორტს ბოიკოტს უცხადებდეს".
მარღიშვილისთვის გაურკვეველია, აქამდე რატომ არ გააკეთა ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობამ.
უკრაინაში შეჭრამ რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთავრობები, რომლებიც დღემდე რუსულ და დასავლურ გავლენებს შორის არიან მოქცეულები, სტრატეგიული დილემის წინაშე დააყენა. ამ ქვეყნებს შორის საქართველოცაა.
მათგან არცერთს, ბელარუსის გარდა, რუსეთის თავდასხმისათვის მხარი არ დაუჭერია. თუმცა არც მტკიცედ დაპირისპირებიან მას. მათ აშინებთ იმ ძლევამოსილი მეზობლის გაღიზიანება, რომელიც ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო, ზოგიერთისთვის უსაფრთხოებისათვის გარანტი, სხვებისთვის კი პოტენციური აგრესორია.
ევროპის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე 3,7-მილიონიანი პატარა, მთიანი ქვეყანა, საქართველო, ალბათ ყველაზე რეალური საფრთხის წინაშე დგას. 14 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მათი ჯარები კვლავაც იცავენ ორ სეპარატისტულ ტერიტორიას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. საქართველოსაგან გამოყოფის პროცესი 1990-იან წლებში დაიწყო, 2008 წელს კი რუსული გავლენები კიდევ უფრო გაფართოვდა. შესაბამისად, რუსეთი დე-ფაქტო მმართველობების შედეგად საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს — მათ შორის, სამაჩაბლოში მდებარე მარღიშვილის მშობლიურ დასახლებას — აკონტროლებს.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ეს განსაკუთრებული დინამიკა არაგონივრულს ხდის რუსეთის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას, რადგან შესაძლებელია, აგრესორმა საომარი მოქმედებები საქართველოშიც განაახლოს.
"ჩვენ ვცხოვრობთ ვულკანის გვერდით, რომელიც ახლახან ამოიფრქვა და მისი ლავა ამჟამად მთის მეორე მხარეს მიედინება", — თქვა გიორგი ხელაშვილმა, საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წარმომადგენელმა პარლამენტში.
მაგრამ ამგვარმა მიდგომამ საქართველოს მთავრობა მოსახლეობის დიდ ნაწილთან დააპირისპირა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უმრავლესობის აზრსა და სამთავრობო პოლიტიკას შორის ეს დაპირისპირება ბევრად უფრო მწვავეა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.
ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, ქართველების თითქმის 60% ოფიციალური პირებისგან უკრაინის მიმართ უფრო მტკიცე პოზიციას მოითხოვს. საქართველოს დედაქალაქ თბილისში ბევრმა მოქალაქემ საკუთარი სახლების აივნებიდან და ოფისებიდან უკრაინის დროშა გადმოფინა. ათიათასობით ქართველმა აქციები მოაწყო უკრაინის მხარდასაჭერად და მოძმე ერის მიმართ ხელისუფლების ორაზროვანი მიდგომა გააკრიტიკა.
"მართალია, ჩვენ — უკრაინელებსა და ქართველებს — სხვადასხვა მიწა და ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ზემოთ საერთო ცაა და ერთი მტერი გვყავს", — ამბობს დათო ტურაშვილი, პოპულარული ქართველი მწერალი და იმ მოქალაქეთაგან ერთ-ერთი, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გადმოფენილი დროშებით უკრაინას მხარს უჭერენ.
"საქართველოს მთავრობა ამბობს, 'სჯობს, ფრთხილად ვიყოთ, რადგან რუსეთი სახიფათოაო', მაგრამ ამას კრემლისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კიევს თუ აიღებენ, შემდეგ ჯერი თბილისზე მოდგება", — განაცხადა ტურაშვილმა.
მთავრობის თქმით, მსგავსი კრიტიკა უსამართლოა, რადგან მათ უკვე მიიღეს ისეთი სახის ზომები, როგორებმაც რუსეთი შეიძლება გააღიზიანოს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში საქართველომ ევროკავშირის წევრობისათვის ნაჩქარევი განაცხადი წარადგინა. ეს ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის სიმბოლური მაჩვენებელია, რადგან მას სრულ წევრობამდე წლები აშორებს. ამასთან, მთავრობამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, მიიღო 5 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი და გაეროს რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში შეჭრას გმობს, მხარი დაუჭირა.
მეორე მხრივ, ომის დაწყების შემდეგ საქართველომ 30 ათასზე მეტი რუსი მიიღო, აქედან 12 ათასი თბილისში საცხოვრებლად დარჩა. შესაბამისად, საქართველოს დედაქალაქი, სტამბულთან ერთად, ახალგაზრდა რუსი ემიგრანტების ახალი ტალღის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი გახდა.
ქართული საზოგადოების მზარდი აღშფოთების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა თავს არიდებს რუსეთის პირდაპირ დაგმობას და მისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც უფრო ხისტი პოზიცია დააფიქსირა. ასევე, მათ ქართველი მოხალისეების ჩარტერული თვითმფრინავით უკრაინაში გაფრენა შეაჩერეს და ქვეყანაში რამდენიმე რუსი დისიდენტი არ შემოუშვეს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების ეფექტიანობა უარყო და თქვა, რომ ვერცერთი გარე აქტორი ვერ შეძლებს უკრაინის გადარჩენას. მისი ეს განცხადება ბევრი ქართველისათვის უკრაინის მარცხის სურვილის გამოხატვის ტოლფასი იყო. ასევე მრავლისმთქმელია, რომ რუსეთმა საქართველო არამეგობრულ ქვეყანათა სიაში არ შეიყვანა, ხოლო უკრაინამ გაიწვია თავისი ელჩი საქართველოში.
ამ ყველაფერმა გამოიწვია ბრალდებები იმის შესახებ, რომ პარტია ქართული ოცნება მოსკოვის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ეს დაუმტკიცებელი ბრალდებები კია, მაგრამ სულ უფრო გავრცელებული ხდება, რადგან პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქონება სწორედ რუსეთში დააგროვა. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ინტერვიუს რამდენიმე თხოვნა უგულებელყვეს. თუმცა მას პარტიაში ფორმალური როლი აღარ აქვს და პარტიაც უარყოფს რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას.
პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლის, ხელაშვილის განაცხადებით, "ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ საქართველოს მუდმივი სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ და, რაც მთავარია, ბოლო განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სრულიად ალოგიკური იქნებოდა".
მაგრამ ბევრი ქართველისათვის რუსეთის მიმართ მმართველი პარტიის დამოკიდებულება სცდება პრაგმატიზმს და უაზრო პატივისცემამდე მიდის, აღნიშნავს ოლესია ვართანიანი, გლობალური საკითხების კვლევითი ინსტიტუტის, კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ანალიტიკოსი.
წლების განმავლობაში ვართანიანი თავს იკავებდა ქართული ოცნების პრორუსულ პარტიად დახასიათებისაგან. ამის ნაცვლად, ის ამტკიცებდა, რომ პარტიის ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ ემთხვეოდა რუსეთისას. ახლა კი მან პირდაპირ თქვა, "მე ვამბობ, რომ ეს არ არის ქართული ოცნება, ეს რუსული ოცნებაა".
საქართველოს მთავრობის სიფრთხილის ერთ-ერთი მიზეზი დევნილი ფერმერის, მარღიშვილის სახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. საუბარია ორი სეპარატისტული ტერიტორიიდან ერთ-ერთზე, ეგრეთ წოდებულ "სამხრეთ ოსეთზე", რომელსაც რუსული ჯარები აკონტროლებენ. მის სამხრეთ წერტილს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალიდან ჩრდილოეთით დაახლოებით სულ რაღაც 450 მეტრი აშორებს. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ განთავსებულ რუსულ ჯარებს პოტენციურად შეუძლიათ, რამდენიმე წუთში შუაზე გაყონ საქართველო.
ხურვალეთი, რომლამდეც ქვა-ღორღიანი გზა ადის, იმ ასობით ქართული სოფლიდან ერთ-ერთია, რომელიც სასაზღვრო ხაზითაა გახლეჩილი. 2008 წლიდან მოყოლებული, რუსული ჯარები სულ უფრო მეტად სწევენ ამ ხაზს და მავთულხლართებითა და თხრილებით ამაგრებენ. აგრესორებმა ბევრი ქართველი თავიანთ ეზო-კარს მოსწყვიტეს, ხოლო მათ, ვინც საზღვრის გადაკვეთას ჯერ კიდევ ცდილობს, აპატიმრებენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ სადაზვერვო სამსახურს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განახლებული აგრესია არ დაუფიქსირებია.
ისეთ სოფლებისათვის, როგორიც ხურვალეთია, სადაც სიტუაცია მუდამ დაძაბულია, ეს მცირე შეღავათია.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ "აქ ხალხს კიდევ უფრო მეტად ეშინია", — ამბობს ხურვალეთის მკვიდრი, 85 წლის ვალია ვანიშვილი, რომლის სახლიც სოფლის დანარჩენი ნაწილისგან რუსულმა მავთულხლართმა გამოყო. "რუსები იმას აკეთებენ უკრაინაში, რაც ჩვენთან გააკეთეს. შესაძლოა, აქ კვლავ იგივე განმეორდეს", — უთხრა მავთულხლართის ერთ მხარეს მდგარმა ვანიშვილმა მეორე მხარეს მყოფ Times-ის ორ ჟურნალისტს.
სწორედ ამ შიშის გამო ზოგიერთი ქართველისათვის უკრაინის მიმართ ხელისუფლების ორაზროვანი პოზიცია გამართლებულია.
მთავრობის პოზიციის მხარდამჭერებს შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია — ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოქალაქო ინსტიტუტი, რომლის მღვდლები ისტორიულად მუდმივად აკრიტიკებდნენ დასავლეთთან ასოცირებულ ლიბერალურ ღირებულებებს.
"ჩვენ გვახსოვს, რომ რუსული ჯარები ჩვენგან სულ რაღაც 50-მდე კილომეტრის მოშორებით დგანან. ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ქვეყანას ზედმეტი ტვირთი არ დააწვეს", — განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მაგრამ ბევრი ქართველის აზრით, უფრო ხისტი პოზიცია არა მხოლოდ ღირსეული, არამედ მეტად სტრატეგიული ნაბიჯიც იქნება.
უკრაინის მიმართ ორაზროვანი პოზიცია დასავლეთისათვის არის ირიბი სიგნალი, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროპასა და აშშ-სთან თანამშრომლობით. შესაბამისად, დასავლეთი ქვეყანას თავისი მხარდაჭერის ღირსად არ ჩათვლის, თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.
"თუ შენი პოზიცია არ არის ნათელი და ის არ ეფუძნება ღირებულებებს, მაშინ ბრიტანელებს, გერმანელებს, ფრანგებს, ამერიკელებს ექნებათ კითხვები — სად დგას საქართველო?" — განაცხადა მან.
ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოების სურვილი, სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ მეტად მკაცრი პოზიცია დააფიქსიროს, იმ ახალი რუსი ემიგრანტების მიმართ ბრაზში გადაიზარდა, რომლებიც არამეგობრულ გარემოში აღმოჩნდნენ.
თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პოსტერები, რომლებიც იუწყებიან, რომ რუსეთის მოქალაქეებს აქ ხელგაშლილები არ ხვდებიან.
უძრავი ქონების ზოგიერთმა მფლობელმა ქართველმა რუსი მოიჯარეებისთვის ბინების გაქირავებაზე უარი თქვა. 20 წლის ალექსეი ვოლოშინოვი Rosbalt-ის — იმ რუსული საინფორმაციო ორგანიზაციის ჟურნალისტია, რომელიც კრემლმა უცხოური აგენტების სიაში შეიყვანა. მას მესაკუთრემ ბინის მიქირავებაზე უარი უთხრა, "რადგან ჩვენ რუსები ვართ და რუსმა ჯარისკაცებმა მას შვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მოუკლეს", — ამბობს ის.
მწერალი დათო ტურაშვილი თანაგრძნობას გამოხატავს ვოლოშინოვისა და მისი მსგავსი ჟურნალისტებისა და დისიდენტებისადმი. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, ჯინსების თაობა სწორედ ქართველი დისიდენტების შესახებაა, რომლებიც 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან გაქცევას შეეცადნენ.
თუმცა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ტურაშვილიც სახიფათოდ მიიჩნევს ქვეყანაში რუსების დიდი ტალღის შემოდინებას. ბევრი ქართველის მსგავსად, ისიც შიშობს, რომ რუსების უმრავლესობა კრემლის რეჟიმს კი არ გამოექცა, არამედ მათ ამ გზით ფინანსური სანქციების უარყოფით გავლენებს დააღწიეს თავი.
"რუსებს საუკეთესო მწერლები ჰყავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ კარგი მკითხველები არ არსებობენ", — თქვა ტურაშვილმა.
კომენტარები