როგორ იწინასწარმეტყველა შიმშილის თამაშებმა დღევანდელობა — 8 შემაშფოთებელი პარალელი პანემსა და ჩვენს რეალობას შორის
ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ბესტსელერი ტრილოგია — შიმშილის თამაშები — ათ წელზე მეტი ხნის წინ გამოიცა, თუმცა, წიგნების პოპულარობა და აქტუალურობა არათუ შესუსტდა, გაიზარდა კიდეც. ეს არცაა გასაკვირი — ნაწარმოები ხომ ტიპური დისტოპიაა, ჟანრისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტით. თუმცა, როცა ამ წიგნებს წლების წინ ვკითხულობდით, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ პანემის გროტესკული სახე ჩვენი ახლო მომავლის ანარეკლი იქნებოდა.
აკი ვახსენეთ, შიმშილის თამაშები რომ ტიპური ანტიუტოპიაა, რის გამოც ბევრ საერთო თემას იზიარებს სხვა ცნობილ ავისმომასწავებელ რომანებთან — 1984, ჩვენ, საოცარი ახალი სამყარო... თუმცა, კოლინზმა, გასაგები მიზეზების გამო, უფრო ზუსტად შეძლო იმ მომავლის დანახვა, რომელიც ორ მსოფლიო ომგამოვლილ სამყაროს ელოდა ძალაუფლებასჩაბღაუჭებული ლიდერებისა და დამახინჯებული ღირებულებების ხელში.
სტატია შეიცავს სპოილერებს შიმშილის თამაშების წიგნებიდან და ფილმებიდან.
1. მშვიდობისმყოფელები
თუ გახსოვთ, რა ერქვა კაპიტოლიუმის შექმნილ დაჯგუფებას, რომელიც "წესრიგის" დამყარების მიზნით აბსურდული დანაშაულის გამო ადამიანების სიკვდილით დასჯასაც არ ერიდებოდა? მშვიდობისმყოფელები. სწორედ საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობის დაცვის მოტივს იყენებდა პანემის მთავრობა, რათა რაიონებში მცხოვრები ადამიანების დასჯით საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა. და ის თუ გახსოვთ, რა მიზნით შეიჭრა პუტინი უკრაინაში? "დენაციფიკაციის" და "დემილიტარიზაციის". არც ის ფაქტია დასავიწყებელი, რომ რუსეთი ამ სისხლისმღვრელ კონფლიქტს ომს კი არა, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. ომი მშვიდობაა.
2. უკრაინა, როგორც მე-13 რაიონი
შეიძლება იფიქროთ, რომ პანემის მე-13 რაიონისგან განსხვავებით, უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში არ შედის. თუმცა, რუსული იმპერიალიზმი უკრაინას სწორედაც რომ "დიდი რუსეთის" ნაწილად მოიაზრება. ეს არც დაუმალია რუს პოლიტიკოსსა და კრემლის იდეოლოგს, ვლადისლავ სურკოვს, როცა განაცხადა, რომ "უკრაინა არ არსებობს. არსებობს უკრაინიზმი". სწორედ ამ იდეაში დარწმუნებულმა მისცა რუსეთმა თავს უფლება, უკრაინისთვის ისევე "მიეხედა", როგორც კაპიტოლიუმს მე-13 რაიონისთვის. რადგან პუტინის ძალაუფლების გავლენის საპასუხოდ უკრაინაში ანტირუსული განწყობები გაჩნდა, ავტორიტარულმა ხელისუფლებამ "სპეციალური ოპერაცია" სადამსჯელო მიზნით წამოიწყო.
3. მედიაპროპაგანდა
რუსეთში არა მხოლოდ ცენზურა არსებობს, არამედ პუტინის ხელისუფლება მედიას საკუთარი პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ იარაღადაც იყენებს. "ნეონაცისტები" და "ფაშისტები", რომლებიც "მშვიდობიან მოქალაქეებს ეფარებიან" — ეს ნარატივი სწორედ რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, რის გამოც CNN-ის მიმომხილველმა გაშუქების ამგვარი სტრატეგია "ორუელისეულად" მოიხსენია. თუმცა, რუსული მედია არა მხოლოდ ორუელისეულ, პანემისეულ მეთოდსაც იყენებს საკუთარი მოქალაქეებისთვის თვალის ასახვევად. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების შექმნილ პარალელურ რეალობაში ოკუპანტები მიზანში "უკრაინელ ნაციონალისტებს" იღებენ და არა მშვიდობიან მოსახლეობას, ამერიკელი აგენტები კი "ანტირუსულ ბიოიარაღს ქმნიან", რომლის საშუალებითაც უკრაინის ლიდერები "რუსეთზე თავდასხმას დაგეგმავენ". მოკლედ, სურათი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც კაპიტოლიუმის არხის მიერ ნაჩვენები კადრები, თუ როგორ ცდილობენ რაიონებში ამბოხებულები სახელმწიფოს დესტაბილიზაციას. თავისუფლება მონობაა.
4. მკვეთრად გამიჯნული სოციალური ფენა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებულმა სანქციებმა ლოგიკური შედეგი მალევე გამოიღო — Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მხოლოდ პირველ ორ კვირაში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $30 მილიარდზე მეტით შემცირდა. თუკი რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვების მცდელობით ვიმსჯელებთ, ეკონომიკური სიტუაცია რიგითი ადამიანების მდგომარეობაზე მძიმედ აისახა, რასაც რუს ოლიგარქებზე ვერ ვიტყვით. ყოველ შემთხვევაში, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ კონცერტზე ბიბლიის ციტატით ომის გასამართლებლად გამოსულ პუტინს $14-ათასიანი ქურთუკი ეცვა. სოციალურ ფენებს შორის გაღრმავებულმა ნაპრალმა კვლავაც პანემი შეიძლება მოგვაგონოს, სადაც კაპიტოლიუმს ყველაფერი აქვს, რაიონებს კი — არაფერი; სადაც კაპიტოლიუმში სპეციალურად ირევენ გულს, რომ უზარმაზარ სუფრაზე ყველაფერი გასინჯონ, რაიონებში კი ხალხი შიმშილით იხოცება.
5. შეწირულები
"მოგვატყუეს. ყველაფერი, რაც გვითხრეს, ტყუილი ყოფილა", — განაცხადა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილმა რუსმა ოფიცერმა. მხოლოდ ამ ორი წინადადებითაც შეიძლება იმის თქმა, რომ სულიერად გატეხილი, უმეტესად, ახალგაზრდა რუსი ოკუპანტები, რომლებიც თავიანთ თავს "გასულელებულად" მოიხსენებენ, საკუთარმა სახელმწიფომ გაწირა. შეიძლება იმის საფუძვლიანი ვარაუდიც, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი სტრატეგია. რატომ?
6. იმედით მანიპულირება
კიდევ ერთი პარალელი, რომელიც პრეზიდენტი პუტინისა და პრეზიდენტი სნოუს რეჟიმებს შორის შეიძლება გავავლოთ, იმედით მანიპულირებაა. "იმედი ერთადერთი რამ არის, რაც შიშზე ძლიერია. პატარა იმედი ეფექტურია, თუმცა, დიდი იმედი — სახიფათო", — ეუბნება სნოუ თამაშების შემოქმედს, სენეკა კრეინს. ორივე შემთხვევაში შეწირულები კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან — ერთი მხრივ, რეჟიმის ქვეშ მცხოვრები ადამიანების დაშინებას, მეორე მხრივ კი მათთვის, კვლავაც მედიაპროპაგანდის საშუალებით, პატარა იმედის მიცემას. ეს სტრატეგია ასევე ორივე შემთხვევაში ადამიანებს ადვილად სამართავ, უუფლებო არსებებად აქცევს. უგუნურება ძალაა.
7. სპონსორები
ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ ერთმანეთის დასახოცად შეტოვებული შეწირულებისთვის ერთადერთი იმედი სპონსორების საჩუქარი იყო. სპონსორები კი, რომელთა გავლენის წყაროს ფული წარმოადგენდა, ამას ძალიან იშვიათად და ფრთხილად აკეთებდნენ — საკუთარ ფავორიტს იმის მიხედვით არჩევდნენ, თუ ვის ჰქონდა გამარჯვების უფრო მეტი შანსი. ალბათ ამ სიტუაციამაც შეიძლება მოგვაგონოს, როგორ სთხოვს უკრაინა მსოფლიო ლიდერებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.
8. ელიტარული გულგრილობა
როცა 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავური სახე უკრაინის ომს საერთოდ არ გამოხმაურებია. რადგან წლის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებაზე ცნობილი ადამიანის პლატფორმის გამოყენება ინფორმაციულ ომში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსახიობები და ტელევარსკვლავები ზოგიერთმა გულგრილობისთვის გააკრიტიკა. თუმცა, ეგ კი არა, მეორე დღეს უკრაინის ომი ბევრს არც ახსოვდა — ყველა უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირებას განიხილავდა. ამან შეიძლება კვლავაც კაპიტოლიუმი მოგვაგონოს, სადაც მცხოვრებლები რევოლუციის დაწყების შემდეგ მხოლოდ იმაზე დარდობენ, რომ პროდუქტი, რომელსაც რაიონებში უმძიმეს პირობებში ამზადებდნენ, ახლა აღარ მიეწოდებათ.
ბონუსი: სიმბოლოების შიში
პროტესტს არაფერი აძლიერებს ისე, როგორც სიმბოლო. ეს ესმოდათ მე-13 რაიონის ამბოხებულებსაც და მათაც, ვინც ცდილობს, პუტინის რეჟიმს წინ აღუდგეს. ეს ასევე მშვენივრად მოეხსენებოდათ პუტინისა და სნოუს რეჟიმებს და სწორედ ამიტომ უფრთხოდნენ სიმბოლოებს — აწეულ სამ თითს, კაჭკაჭჯაფარას, ან, უბრალოდ, უკრაინის დროშის ფერებს. რუსეთში ხომ არა მხოლოდ ანტისაომარ მოწოდებებს შლიან ყინულზე, პრესკონფერენციაზე უკრაინის ფერებში მისულ ჟურნალისტსაც აპატიმრებენ.
კომენტარები