IBS: კვანტური ტექნოლოგიით ელექტრომობილები რამდენიმე საათის ნაცვლად 3 წუთში დაიტენება
ელექტრომობილების ყველაზე დიდი "თავის ტკივილი" მათი დამუხტვის სიჩქარეა. ამას შეიძლება სახლის პირობებში 10 საათიც დასჭირდეს, ან 30 წუთი, თუ სადმე სწრაფ დამტენს იპოვით.
ამ პრობლემის გადაჭრის გზებს მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ და, როგორც Institute for Basic Science-ის (IBS) მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი კვლევიდან ვიგებთ, კვანტური ტექნოლოგიების მეშვეობით, თეორიულად, ელექტრომობილების დატენვას სამ წუთში შევძლებთ. ეს დაახლოებით იგივე დროა, რა დროსაც საწვავზე მომუშავე ავტომობილი ავზის შევსებას ანდომებს.
ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ისეთი კვანტური პროცესების მეშვეობით, როგორიცაა კვანტური ჩახლართულობა, შეიქმნას ელემენტი, რომელიც ენერგიის მიღებასა და გამოთავისუფლებას უსწრაფესად და მარტივად შეძლებს.
იმისათვის, რომ მანქანის დატენვა ამ სიჩქარით იყოს შესაძლებელი, აუცილებელია, რომ ელექტრომობილის ელემენტები სინქრონულად იტენებოდეს.
ამჟამინდელი ტექნოლოგიებით ასეთი რამ შესაძლებელი არ არის, მაგრამ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვანტური დამუხტვით ელემენტებს "დამუხტვის გლობალური პროტოკოლის" ამუშავების საშუალება მიეცემათ.
IBS იმედოვნებს, რომ კვანტური დამუხტვა არა მხოლოდ ელექტრომობილებს, არამედ ნებისმიერი სახის ტექნიკას წაადგება. კომპანიაში ფიქრობენ, რომ კვანტური დამუხტვა ბირთვული სინთეზის რეაქტორების გამართვაშიც დიდ წვლილს ითამაშებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები