უკვე ცნობილია, ზუსტად როდის წარმოიქმნა ჩვენი გალაქტიკა
მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ზუსტი ასაკი დაადგინეს. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ირმის ნახტომის ე.წ. სქელი დისკოს ფორმირება 13 მილიარდი წლის წინ დაწყო, ანუ დიდი აფეთქებიდან 800 მილიონი წლის შემდეგ.
გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ამის გასარკვევად ჩვენ გარშემო არსებული 247 104 ვარსკვლავი შეისწავლეს, რათა მატერიის ამ უზარმაზარი სისტემის წარმოქმნის შესახებ მეტი გაეგოთ. კვლევის ფარგლებში მათ ჩინეთში მდებარე, Lamost-ად წოდებული ტელესკოპისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი კოსმოსური ობსერვატორიის Gaia მიერ მოპოვებული მონაცემები შეაჯერეს.
ირმის ნახტომი შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავების თხელ დისკოსა და უფრო ხნიერი ობიექტების პოპულაციის შემცველ სქელ დისკოს აერთიანებს. პირველი მეორეზე დაახლოებით 2 მილიარდი წლით გვიან ჩამოყალიბდა, ამ პროცესს კი ჯუჯა გალაქტიკა გაია-ენცელადთან შერწყმამ შეუწყო ხელი, რაც 8-11 მილიარდი წლის წინ, შუა პერიოდში მოხდა.
მეცნიერები სუბგიგანტ ვარსკვლავებზე კონცენტრირდნენ, რომლებიც ჯერ გიგანტის ფაზაში არ გადასულან. მათი სიკაშკაშის მიხედვით ასაკის განსაზღვრაა შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფაზა რამდენიმე მილიონი წელი გრძელდება, საშუალო ხნიერების გამოსათვლელად, საკმარისი რაოდენობის ობიექტების შესწავლაა საჭირო. სწორედ ეს გააკეთეს ავტორებმა.
მომავალში იმავე ტექნიკის გამოყენებით შესაძლოა, გალაქტიკების ფორმირების შესახებ მეტი შევიტყოთ.
კომენტარები