დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებლად, ჩვეულებრივზე 30-40ºC-ით დათბა — რას ნიშნავს ეს
დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებელი სითბური ტალღები კლიმატის მეცნიერების შეშფოთებას იწვევს. მკვლევრებმა უკვე გაგვაფრთხილეს, რომ ასეთი უპრეცედენტო მოვლენები, შესაძლოა, კლიმატის უფრო სწრაფი და ინტენსიური ცვლილების ნიშანი ყოფილიყო.
გასული კვირის ბოლოს ანტარქტიდის გარკვეულ ადგილებზე ტემპერატუორამ რეკორდულ მაჩვენებელს — ჩვეულებრივზე 40ºC-ით მეტს მიაღწია. წლის ამ პერიოდში ანტარქტიდაზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -50ºC-ია.
ამავდროულად, დნობის ნიშნები აჩვენა ამინდის სადგურებმა ჩრდილოეთ პოლუსზეც, სადაც ტემპერატურა ჩვეულებრივზე 30ºC-ით მეტი დაფიქსირდა და იმ დონეს მიაღწია, რაც წლის შემდგომ სეზონებში შეინიშნება ხოლმე.
წლის ამ დროს, სამხრეთ პოლუსური ზაფხულის შემდეგ, ანტარქტიდაზე, წესით, სწრაფი აცივება უნდა შეინიშნებოდეს, არქტიკა კი, დღის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, ნელა უნდა ემშვიდობებოდეს ზამთარს. ორივე პოლუსზე ერთდროულად ასეთი სწრაფი დათბობა კი უპრეცედენტო მოვლენაა, რაც დედამიწის კლიმატის სისტემების სწრაფ რღვევაზე მიანიშნებს.
გასულ წელს IPCC-ის კლიმატის მეცნიერების მიმოხილვის პირველ თავში პანელმა გაგვაფრთხილა, რომ უპრეცედენტო დათბობის ნიშნები, როგორიცაა პოლარული ყინულების დნობა, უკვე სახეზე იყო, ეს მოვლენები კი, შესაძლოა, ძალიან სწრაფად გამხდარიყო შეუქცევადი.
საფრთხე ორმხრივია: სითბური ტალღები პოლუსებზე მიანიშნებს, რომ ანთროპოგენული ზემოქმედება კლიმატის სისტემებს დიდ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, დნობამ, შესაძლოა, თანმიმდევრული ცვლილებები გამოიწვიოს, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
პოლარული ყინულის დნობის შედეგად, განსაკუთრებით კი არქტიკაში, ყინულით დაფარულ ტერიტორიას წყალი ცვლის, რომელიც, ყინულისგან განსხვავებით, სითბოს კი არ აირეკლავს, არამედ შთანთქავს და პლანეტის მეტად დათბობას უწყობს ხელს. რაც შეეხება ანტარქტიდას, აქ ყინულის უდიდესი ნაწილი ხმელეთს ფარავს, ამ საფარის დნობა კი ზღვის დონის მატებას გამოიწვევს.
მეცნიერებმა მიმდინარე მოვლენებს "ისტორიული", "უპრეცედენტო" და "დრამატული" უწოდეს.
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის სისტემების მეცნიერებათა ცენტრის დირექტორმა, მაიკლ მანმა განაცხადა, რომ აღწერილი ექსტრემალური ამინდები აქამდე არსებულ პროგნოზებს შემაშფოთებლად აჭარბებს.
"აქამდე არსებული კლიმატის მოდელები საერთო დათბობის პროცესს სწორად ასახავს, თუმცა მიმდინარე ექსტრემალური მოვლენები შემუშავებულ პროგნოზებს აჭარბებს, რაც სასწრაფო მოქმედებისკენ მოგვიწოდებს", — ამბობს იგი.
აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო მოვლენები 2021 წლის სითბური ტალღების ერთგვარი გაგრძელებაა. გასულ წელს მსგავსი, თუმცა შედარებით ნაკლები ინტენსივობის მოვლენები დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, სადაც ტემპერატურამ თითქმის 50ºC-ს მიაღწია.
ჯეიმს ჰანსენმა, NASA-ყოფილმა მეცნიერმა და ერთ-ერთმა პირველმა ადმაიანმა, რომელმაც სახელმწიფოები გლობალური დათბობის შესახებ ჯერ კიდევ 80-იან წლებში გააფრთხილა, Guardian-ს განუცხადა, რომ პოლუსების დათბობა "შემაშფოთებელია" და წელს, შესაძლოა, არქტიკაზე ყინულის საფარი იმდენად შემცირდეს, რომ დნობამ ათწლეულის რეკორდი მოხსნას.
"ზღვის ყინულის საშუალო სისქე დროთა განმავლოვაში იკლებდა, ასე რომ, ამ საფარის დიდი ნაწილის კარგვისთვის აქ პირობები უკვე მომწიფებულია", — ამბობს იგი. "ზღვის ყინულის საფარის შემცირება დედამიწის ენერგეტიკულ დისბალანსს გააძლიერებს, რაც ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდითაა გამოწვეული".
ასევე იხილეთ:
- კლიმატის ცვლილება და 2021 — რა შეიცვალა
- ამ საიტზე შეგიძლია ნახო როგორ მოიმატებს ზღვის დონე ფოთში, ათწლეულების შემდეგ
- მსოფლიო კონფლიქტი თუ ქმედითი შეთანხმება — რას უნდა ველოდოთ გლაზგოს კლიმატის სამიტისგან
- 5 ინოვაცია, რომელიც, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დაგვეხმაროს
- ყველაფერი, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე უნდა იცოდეთ
- რა კავშირშია თქვენი მწვადი გლობალურ დათბობასთან
კომენტარები