რა განასხვავებს პუტინს სხვა ტირანებისგან, ანუ რას ეფუძნება რუსული იმპერიალიზმი?
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სერგეი სტახოვსკის მიმოწერა გასაჯაროვდა, სადაც მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კოლეგას თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებდა. სტახოვსკიმ, რომელმაც უკრაინის დასაცავად საკუთარი ჩოგანი იარაღზე გაცვალა, იტალიური სატელევიზიო არხის, LA7-ის გადაცემა Otte e Mezzo-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც ეს სიტყვები თქვა: "პუტინი ბირთვული ძალით იმუქრება და ის ამ კარტის გამოყენებას გააგრძელებს. ერთადერთი იმედი მისი სიკვდილია, თორემ ის ისევე მოიქცევა, როგორც ჰიტლერი, როდესაც ევროპას შუაზე ხლეჩდა".
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხშირად მოისმენდით მსგავსი ტიპის განწყობას ვლადიმერ პუტინის მიმართ. იქნებოდა ეს უკრაინაში თუ საქართველოში — მრავალი იმ პერიოდში კომაში მყოფი ჟირინოვსკის გზას უსურვებდა მის ბელადსაც. ეს განწყობა იმდენად ყოვლისმომცველი გახდა, რომ Meta-მ განაცხადა, თუ პუტინს სიკვდილს უსურვებდი, Facebook და Instagram აღარ დაგბლოკავდა.
ასევე იყვნენ ისეთებიც, ვისი აზრითაც, რუსეთის პრეზიდენტის სიკვდილი ბევრს არაფერს შეცვლიდა — მაქსიმუმ, ცოტა ხნით თუ შეანელებდა რუსეთს. ამ პოზიციას საფუძვლად რუსული იმპერიალიზმის გასული საუკუნის ისტორია უდევს. ლენინის სიკვდილის მერე ის სტალინმა ისე ჩაანაცვლა, რომ რეჟიმი გაცილებით დაუნდობელი პოლიტიკით შეინარჩუნა. მას ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო, გორბაჩოვი მიჰყვნენ. და, მართალია, ამ უკანასკნელის მმართველობისას საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა მისმა სამართალმემკვიდრემ ელცინის და პუტინის მმართველობის ქვეშ განაგრძო არსებობა. დიახ, სხვადასხვა მმართველობის დროს იცვლებოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკაც, თუმცა მეზობელი ქვეყნებისადმი მისი იმპერიალისტური ამბიციები არსად წასულა.
თუმცა, ეს ისტორიული გამოცდილება ნაკლებად ითვალისწინებს იმ ძირეულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რომელიც მსოფლიომ ბოლო ათწლეულებში განიცადა. ამის დანახვაში კი გასული საუკუნის რუსეთისთვის თვალის შევლება დაგვეხმარება.
დავიწყოთ 1917 წლით: პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია ეკონომიკურად მიწასთანაა გასწორებული. 12 წლით ადრე სისხლში ჩახშობილი 1905 წლის რევოლუციური მოძღვრებები სულ უფრო და უფრო ძლიერად იდგამს ფესვებს მოსახლეობის დაბალ ფენაში. შედეგად, ოქტომბერში წითელი გადატრიალება ხდება. და როდესაც რუსეთის იმპერიის სათავეში ბოლშევიკების პარტია მოვიდა, ქვეყნის ბელადად ვლადიმერ ლენინი "შეირჩა". მან შვეიცარიის ერთ-ერთი ულამაზესი კურორტიდან ჯავშნოსანი მატარებლით რევოლუციის დასკვნით ფაზას ჩამოუსწრო და ტახტიც დაიკავა.
ყოფილმა რუსეთის იმპერიამ დაუყოვნებლივ დაიწყო თავისი თავის საბჭოთა კავშირად ქცევის პროცესი, რისთვისაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად სავალალო შედეგები მოუტანა ამან კაცობრიობას, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ლენინი მსოფლიოში ყველაზე დიდი რევოლუციონერია. ამიტომაა, რომ მისი ფიგურა ცივსისხლიან დიქტატორთან ერთად იდეოლოგთანაც ასოცირდება. ავად თუ კარგად, სწორედ ამ იდეოლოგიის მსახურებას შესწირა მან თავისი სიცოცხლე.
მის შემდეგ ბოროტების სათავეში განსხვავებული ტემპერამენტის ადამიანი, თუმცა მეგალომანიით მეტად თუ არა, არანაკლებ შეპყრობილი ბელადი მოვიდა. იოსებ სტალინის მმართველობისას საბჭოთა კავშირმა თავისი არსებობის ზენიტს მიაღწია როგორც ძალაუფლების, ასევე საკუთრივ საბჭოური იდეოლოგიის ჩამოყალიბება-განმტკიცების კუთხითაც. ამ შემთხვევაშიც სტალინი — ისევე, როგორც მისი წინამორბედი — განსხეულება იყო საბჭოთა მახინჯი იდეისა, გრიგოლ რობაქიძის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, "ბოლშევიზმის ქვესკნელური გამხრწნელი ძალისა", რომელიც არნახული სიბინძურისა და ბოროტების საწყისად იქცა.
დარწმუნებული ვარ, 1952 წელს, სტალინის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, არათუ მოსკოვში, დასავლეთის ერთ უბრალო არაკომუნისტურ ქალაქშიც ძნელად თუ მოინახებოდა ადამიანი, რომელიც სტალინის გარეშე შეძლებდა საბჭოთა კავშირის წარმოდგენას. თუმცა ფაქტია, რომ მისი სიკვდილის შემდეგ სისხლისფერმა იმპერიამ კიდევ 38 წელი იარსება. ეს იმიტომ, რომ მაშინდელი საბჭოთა კავშირი იოსებ სტალინი არ ყოფილა (ალექსანდრე მაკედონელისგან განსხვავებით, რომლის სიკვდილის შემდეგაც მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა იმპერიამ, უბრალოდ, შეწყვიტა არსებობა). პირიქით, სტალინი ის იყო, რასაც საბჭოთა კავშირი იმ პერიოდში წარმოადგენდა და არაფერი სხვა: მანიაკური, გენოციდისკენ მიდრეკილი იდეა (გავიხსენოთ თუნდაც ჰოლოდომორი უკრაინაში, რომელიც ოცამდე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, საქართველოს ჩათვლით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა).
სტალინის სიკვდილის შემდეგ რეჟიმის სათავეში მისი უახლოესი წრიდან მყოფი და მისადმი კომპლექსებით შეპყრობილი მმართველი მოვიდა, რომელმაც 1956 წლის 9 მარტს თბილისში უდანაშაულო ადამიანები სწორედ სტალინის გამო დაახვრეტინა. ხრუშჩოვის ეს "აკვიატებაც" პიროვნების კულტის შესახებ მისი პერიოდის საბჭოთა რეჟიმის პირდაპირი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა. მათ მოიგეს ომი, მაგრამ წააგეს ყველაფერი დანარჩენი.
გაღატაკებული ეკონომიკისა და მოსახლეობის ზრდის მასშტაბების გამო, ნიკიტა ხრუშჩოვის სახელთან მის მიერვე შეკვეთილი უამრავი იაფფასიანი "ხრუშჩოვკა" ასოცირდება. ოდნავ მოგვიანებით, "სტაგნაციის ერაში" (მიხეილ გორბაჩოვის ტერმინი ბრეჟნევის მმართველობის პერიოდის აღსაწერად), ანუ 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან, საბჭოთა ზაპოროჟეცი, ფაქტობრივად, იმდენივე ღირდა, რამდენიც ამერიკული ფორდ მუსტანგი, რომელიც კონდიცირებით, ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და 8-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა, უსისხლოდ მარცხდებოდა და ეს ყველაზე უკეთ სწორედ მის ლიდერებზე ირეკლებოდა.
თითოეული მათგანი სწორედ ის რუსული იმპერია იყო, რომელსაც სათავეში ედგნენ. თუმცა ისინი არ მართავდნენ წითელი მოედნიდან, არამედ "რუსეთის იდეა" მართავდა მათ.
შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელს არასოდეს ჰყოლია ლიდერი, რომელიც უფრო ძლევამოსილი იქნებოდა, ვიდრე თვითონ წითელი იმპერია. თითოეული ბელადი განსახიერება იყო იმისა, რასაც საბჭოთა კავშირი მათივე მმართველობის პერიოდში წარმოადგენდა. აქამდე რუსული იმპერიის არცერთი ლიდერი არ ყოფილა პიროვნება იმდენად, რამდენადაც ეს პუტინია. დიახ, სტალინიც კი, რომელიც სწორედაც რომ პიროვნების კულტთან ასოცირდება, ზემოხსენებულ დიქტატორებს შორის ყველაზე ნაკლებად იყო პიროვნება-ინდივიდი და ყველაზე მეტად — გახრწნილი იდეა სოციალიზმისა და კომუნიზმისა. ის გრიგოლ რობაქიძემ ბრწყინვალედ აღწერა ჩაკლულ სულში, "სტალინი, ვითარცა არიმანული ძალმოსილება", რომელიც არაფერია, გარდა ბოროტების დამანგრეველი არსისა.
აი, პუტინის შემთხვევა კი არ ჰგავს დანარჩენებს. დიახ, ის თითქოს იმავე მიზნისთვის იბრძვის, რისთვისაც მისი წინამორბედები იბრძოდნენ. მაგრამ ის ჭადრაკის სულ სხვა დაფაზე თამაშობს.
პუტინი გეგმაზომიერად და ცივსისხლიანად მიჰყვება წლობით დამუშავებულ ინსტრუქციას, რომელიც მას დაკარგულ "სათამაშოებს" დაუბრუნებს. იმ "სათამაშოებს", რომლებზეც თვლის, რომ მემკვიდრეობით ერგო. ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური კარიერა არაფერია, გარდა ოცწლიანი პათოლოგიური მცდელობებისა, ნებისმიერ ფასად დაუბრუნოს რუსეთის გავლენის სფეროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. აბსოლუტურად არაფერია ისეთი, რაზეც ის არ წავა. პუტინისთვის არ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ გადაკვეთს. ამაში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიაროს დაბომბვის და ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის გახსნის ბრძანებები გაიცა.
იმპერიალისტურ ამბიციებს გამოდევნებულმა პუტინმა გააღატაკა საკუთარი ქვეყანა. დღევანდელი რუსეთის ფედერაცია არც ისე შორსაა ისეთივე ეკონომიკურ კოლაფსისგან, რომელმაც საბოლოო ჯამში 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი საბჭოთა ბელადის მენტალიტეტის მქონე ტირანის მანიაკური აკვიატების გამო ხდება.
მისთვის ამ ყველაფერს პირადული ხასიათი უფრო აქვს და არა — იდეოლოგიური, როგორც ეს ლენინის შემთხვევაში იყო. ის არც სამხედრო ურჩხულია (ეს არაერთხელ დაამტკიცეს გმირმა უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო დღეების განმავლობაში), როგორიც სტალინი იყო. მაგრამ, ამასთანავე, პუტინი არც ხრუშჩოვია, რომელმაც ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად დასავლეთისადმი იზოლაციონისტურ პოლიტიკას მოუღო ბოლო და არც ბრეჟნევი, რომლის არათანმიმდევრულმა საგარეო პოლიტიკამ, ერთი მხრივ, წითელი არმია ავღანეთში შეიყვანა, მეორე მხრივ კი ატომური იარაღის შეზღუდვის პროცესი დაიწყო.
დიახ, რუსეთის ხელისუფლება დღეს ისეთივე ძლიერია, როგორიც 20 წლის წინ იყო, თუმცა მას საძირკველი ნელ-ნელა მაინც ულპება. ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, უკომპრომისო დიქტატურული რეჟიმების ეკონომიკას ძირს უთხრის. ცივილურმა, ადამიანის უფლებებზე აშენებულმა დასავლეთმა, როგორც იქნა, შეაღწია მოსკოვის წითელ მოედნამდეც. 21-ე საუკუნემ არაერთხელ დაამტკიცა რომ მსოფლიოში ტირანების ადგილი აღარ არის. ამ "უკვდავი" ბოროტების დამარცხებისადმი ასეთი მზაობა კი ჯერ არასოდეს ყოფილა — უპირველესად კი, სწორედ რუსეთში.
რთულია მომავლის წინასწარმეტყველება. მაგრამ არც იმის წარმოდგენაა მარტივი, ვინ შეიძლება, რომ რუსეთში პუტინი იმად ჩაანაცვლოს, რასაც ის დღეს წარმოადგენს. ეს იმიტომ, რომ თავად პუტინი ერთგვარი ანაქრონიზმია. ის არაფრით არ თმობს ჩასაძირად განწირულ გემს, რომლის აღსასრულიც არა რაიმე სახის იარაღი, არამედ დრო გამოდგა. სწორედ დრომ ჩამოშალა ერთ დროს უძლეველი ოსმალეთის იმპერიაც, რომელმაც დასავლური სამხედრო და ტექნოლოგიური განვითარების ტემპებს ნაბიჯი ვერ აუწყო, დღეს კი ნატოს ერთ-ერთი ძლიერი წევრი ქვეყანაა თურქეთის რესპუბლიკის სახით. აღარც რუსეთია საკუთარ თავში ჩაკეტილი იმპერია, მისი კედლები სწორედ მაშინ შეანგრია დასავლური ცივილიზაციისა და ინტერნეტის ეპოქამ, როდესაც ვლადიმერ პუტინი სახელმწიფოს სათავეში მოდიოდა.
ასე რომ, ეს გონებაში თითქოსდა დაუფიქრებლად გაელვებული ფიქრი პუტინისეული რუსეთის აღსასრულის შესახებ, შესაძლოა, მართლაც მოასწავებდეს იმპერიის სიკვდილსაც. სავსებით შესაძლებელია, რომ 105-წლიანი წითელი ტირანია დასასრულს უახლოვდებოდეს.
კომენტარები