ანტივირუსულ პრეპარატებს ადამიანის კვერცხუჯრედების გაახალგაზრდავება შეუძლია
მოგეხსენებათ, რომ ქალების ორგანიზმს ახალი კვერცხუჯრედების წარმოქმნა არ შეუძლია (კაცების სხეულში კი ყოველდღიურად მილიონობით სპერმა ჩნდება). ასაკის მატების პარალელურად, ამ გამეტების შემადგენელი დნმ-ის ხარისხი ეცემა, რის გამოც, მაგალითად, 20 წლის ადამიანს 86 პროცენტით მეტი შანსი აქვს, რომ დაორსულდეს, ვიდრე 40 წლისას.
თუმცა, ეს ყველაფერი შესაძლოა, მალე შეიცვალოს. საქმე იმაშია, რომ იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კვერცხუჯრედებზე ანტივირუსული მედიკამენტები გამოცადეს და დაადგინეს, რომ ამ გზით მათი გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი.
მსგავსი უჯრედების ქრომოსომები ნაკლებადაა დაზიანებული და უკეთესად მწიფდება. მათი განაყოფიერების უნარი მკვლევრებს ჯერჯერობით არ შეუმოწმებიათ, მაგრამ არის იმედი, რომ ეს შუახნის ქალებს ბავშვის გაჩენის საშუალებას მისცემს.
პრობლემა ქალის გამეტებში დნმ-ის რეპლიკაცია გახლავთ, პროცესი, რომელიც ასაკის მატებისას უფრო და უფრო აქტიურდება. ახალგაზრდა ორგანიზმი კი ამას ბევრად ეფექტიანად უპირისპირდება. ეს ძალიან ჰგავს ვირუსის გამრავლებას, ამიტომ სპეციალისტებმა სწორედ ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება გადაწყვიტეს, კერძოდ, უკუ-ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების.
ეს მეთოდი მკვლევრებმა თაგვების ასობით კვერცხუჯრედზე გამოცადეს, შემდეგ კი — ადამიანისაზე. შედეგი დადებითი იყო, რის შესახებაც ისინი გამოცემაში Aging Cell გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.
ახლო მომავალში ავტორები თაგვების კვერცხუჯრედების ხელოვნურად განაყოფიერებას გეგმავენ, იმის გასაგებად, თუ რამდენად აუმჯობესებს ამ ფუნქციას ახალი თერაპია.
კომენტარები