5 მიზეზი — რატომ და როგორ ვნებს ჭარბი შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას
როდესაც ჯანმრთელობაზე მიდგება საქმე, შაქარს ტკბილ-მწარე რეპუტაცია აქვს. იგი ბუნებრივად გხვდება ყველა საკვებში, რომლებიც ნახშირწყლებს შეიცავს, თუმცა შაქარს დანამატის სახით ვხვდებით ჩვენთვის უსაყვარლეს არაერთ საკვებ პროდუქტშიც. საკვებში ბუნებრივად არსებული შაქარი ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ენერგიით ამარაგებს, თუმცა, როდესაც მას ცალკე, ან დამუშავებულ საკვებთან თუ სასმელებთან ერთად ვიღებთ, იგი ჩვენს ჯანმრთელობაზე არც ისე კარგად მოქმედებს და არაერთი დაავადების განვითარების რისკს ზრდის.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ ვნებს შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას და შემდეგ, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ღირს ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა, თუ არა.
1. შაქრის მოხმარება ზრდის გულის დაავადებების რისკს
შაქრის ჭარბი მოხმარება, როგორც აღვნიშნეთ, იწვევს სიმსუქნეს, ზრდის ტრიგლიცერიდის დონეს, შაქრის დონეს სისხლში და იწვევს გულის წნევის აწევას. ყველა მათგანი მსოფლიოში სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზის — გულის დაავადების რისკ ფაქტორს წარმოადგენს.
კვლევამ, რომელიც 30 000 ადამიანზე ჩაატარეს, აღმოაჩინა, რომ ადამიანებში, რომლებიც დღის მანძილზე მიღებული კალორიების 17-21%-ს შაქრიდან იღებდნენ, გულის დაავადებით სიკვდილის რისკი 38%-ით მეტი იყო ვიდრე მათში, ვისთვისაც ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ს შეადგენდა.
2. ზრდის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს
გასული 30 წლის მანძილზე დიაბეტის შემთხვევები მსოფლიოში 50%-ზე მეტით გაიზარდა. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა შაქრის ჭარბად მოხმარებასა და დიაბეტის რისკის ზრდას შორის აშკარა კავშირი არსებობს.
სიმსუქნე, რომელიც ხშირად ჭარბი შაქრის მოხმარებითაა გამოწვეული, დიაბეტის ყველაზე ძლიერ რისკ ფაქტორად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ხნის მანძილზე შაქრის ჭარბად მოხმარების შედეგად ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ — ჰორმონის, რომელსაც პანკრეასი გამოიმუშავებს და რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
ინსულინ-რეზისტენტულობის შედეგად, სისხლში შაქრის დონე მაღლა იწევს დიაბეტის განვითარების რისკიც მნიშვნელოვნად იზრდება.
3. შაქრის ჭარბმა მიღებამ, შესაძლოა, წონაში მატება გამოიწვიოს
სიმსუქნის პრობლემის სიმწვავე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება და ამის მთავარ მიზეზად არა ცხიმი, არამედ დამუშავებულ საკვებსა და სასმელებში არსებული შაქრის დანამატები მიიჩნევა. ჭარბი რაოდენობით შაქრის თუ შაქრით მდიდარი პროდუქტების მიღება სიმსუქნისა და ორგანიზმში ცხიმის დაგროვების რისკებს ზრდის.
ფრუქტოზა, რომელიც შაქრის შემადგენლობაში შედის, შიმშილის გრძნობას აძლიერებს და ჭამას იმაზე მეტად განდომებთ, ვიდრე ეს გლუკოზის შემთხვევაში მოგინდებოდათ. გარდა ამისა, ფრუქტოზის ჭარბი რაოდენობით და ხშირად მიღებამ, შესაძლოა, გაზარდოს ორგანიზმის რეზისტენტულობა ლეპტინის მიმართ — ჰორმონის, რომელიც შიმშილის გრძნობას არეგულირებს და ჭამის შეწყვეტის შესახებ გახსენებთ ხოლმე.
შაქარს მწარმოებლები დამუშავებულ საკვებს ამ უკანასკნელის შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად უმატებს, შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც ასეთ პროდუქტს ხშირად მიირთმევენ, შესაძლოა დღიურად იმაზე მეტ კალორიებს იღებდნენ, ვიდრე მათ ორგანიზმს სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ შაქრით გამდიდრებული ტკბილი სასმელები შიმშილის გრძნობას არ აქვეითებს. მათი საშუალებით, ადამიანი სითხის სახით დიდი რაოდენობის კალორიებს იღებს სწრაფად, რასაც წონის მატების პროვოცირება შეუძლია.
4. შესაძლოა, აკნეს განვითარებას შეუწყოს ხელი
რაფინირებული შაქრის მოხმარება აკნეს განვითარების მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები, მათ შორის გადამუშავებული ტკბილეული და ტკბილი სასმელები, სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს სწრაფად ზრდის, რაც ანდროგენის სეკრეციასა და ანთებას იწვევს. თავის მხრივ, ორივე მათგანი აკნეს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.
2 300 თინეიჯერზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც შაქარს თუ შაქრით მდიდარ დამუშავებულ პროდუქტს ხშირად მოიხმარდნენ, აკნეს განვითარების რისკი 30%-ით მაღალი იყო.
ასევე, არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ სოფელში მცხოვრებ ადამიანებში, რომელიც შედარებით ნაკლებად მიირთმევენ დამუშავებულ საკვებს, აკნეს შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქალაქის მაღალშემოსავლიან უბნებში მცხოვრებ მოსახლეობაში.
5. აზიანებს კბილებს
ალბათ, ბავშვობაში თქვენთვისაც უთქვამთ, რომ ბევრი კანფეტების ჭამა კბილებს აფუჭებს. ჰოდა, თურმე, მართალს გვეუბნებოდნენ. დიდი რაოდენობით შაქრის მიღებამ, შესაძლოა, კარიესი გამოიწვიოს. ადამიანის პირში ბაქტერიები საკვებისა თუ სასმლის გავლით, იქ მოხვედრილ შაქართან ურთიერთქმედებენ, რის შედეგადაც მჟავა წარმოიქმნება, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, კარიესის წარმოქმნას უწყობს ხელს და, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, კბილებში ღრუების ფორმირებაც გამოიწვიოს, რასაც ორგანიზმი ბუნებრივად ვეღარ აღადგენს. დადასტურებულია, რომ კარიესის პრევენციისთვის კვების რაციონში შაქრის შემცირება ეფექტიანი მეთოდია.
ბონუსი: გვართმევს ენერგიას
საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით დანამატ შაქარს შეიცავს, სწრაფად ზრდის სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს, რაც ენერგიის გვმატებს, თუმცა, ეს მატება ზედმეტად სწრაფია. შაქრით გამდიდრებულ პროდუქტების მიღება, რომლებშიც ძალიან მცირე რაოდენობითაა ცილა, ბოჭკო და ცხიმია, ენერგიის ხანმოკლე ზრდას იწვევს, რასაც სწრაფად მოსდევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ვარდნა. ამ უკანასკნელის მუდმივმა რყევამ, შესაძლოა, ენერგიის მნიშვნელოვანი ფლუქტუაციები გამოიწვიოს, რაც, საბოლოოდ, არც ისე კარგად აისახება ჩვენს განწყობაზე.
კომენტარები