რუსეთის თავდაპირველი მარცხი არ ნიშნავს, რომ უკრაინის გადარჩენა გარანტირებულია
პუტინის სამხედროებმა თავიანთი შეცდომების გამოსწორება, შესაძლოა, მომატებული სისასტიკით სცადონ — ამის შესახებ დევიდ ფრენჩი, The Atlantic-ის კონტრიბუტორი ავტორი წერს.
პირველი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის თავდაპირველი ბრძოლის ტაქტიკა რიგზე არ იყო, ომის პირველივე საათებში გამოჩნდა. რამდენადაც საშიში ჩანდა ეკრანზე ნაჩვენები სიტუაცია, ვიცოდი, რომ ის არაფერი იყო იმ არტილერიულ და საჰაერო შეტევებთან შედარებით, რითაც, როგორც წესი, იწყება ხოლმე იერიშის მიტანა უკრაინის მსგავს სუვერენულ სახელმწიფოებზე, რომლებსაც ჯარი მზადყოფნაში ჰყავთ.
დღეების სვლასთან ერთად გრძნობა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ცხად ფაქტად იქცა. თავდაპირველი რუსული გეგმა წარუმატებელი გამოდგა და ძვირიც დაჯდა. მან რუსების სიძლიერე მინიმუმამდე დაიყვანა და მათი სისუსტეები გაზარდა, რაც ცუდი სტრატეგიული დაგეგმარების შედეგია. ისე ჩანდა, თითქოს რუსეთი უვარგის სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომელმაც არასწორად შეაფასა უკრაინული სამხედრო ძალა და მათი განწყობა რუსებისადმი. თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რუსეთი თავის მიდგომას ვერ ან არ შეცვლის. ის ამ ომში ჯერ კიდევ არ დამარცხებულა, მისი "გამარჯვება" კი კიდევ უფრო შემზარავი სანახავი შეიძლება იყოს.
რუსეთის ადრეული შეცდომები უკეთ რომ გავიგოთ, განვიხილოთ მისი სამხედრო ძალის სუსტი და ძლიერი მხარეები. მისი ძალა შეიარაღების სიმძლავრით განისაზღვრება. რუსულ ჯარს წარმოუდგენელი რაოდენობის შორი მოქმედების არტილერია ჰყავს. მათ აქვთ რეაქტიული ჭურვები და რაკეტები, რომლებიც აძლევთ საშუალებას, მოწინააღმდეგეს დარტყმა შორი მანძილიდან მიაყენონ. ჩეჩნეთსა და სირიაში ომის დროს მათ დაგვანახეს თავიანთი შესაძლებლობა და მზადყოფნაც, საკუთარი მტრები რაკეტებსა და ბომბებში დამარხონ.
მაგალითისთვის, არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ იწოდებოდა გროზნო ერთ დროს "ყველაზე განადგურებულ ქალაქად დედამიწაზე". რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიწასთან ჩეჩნეთის მეორე ომის დროს გაასწორეს — მაშინ, როცა ჩეჩენი აჯანყებულების დამარცხებას ცდილობდნენ. უფრო ახალი მაგალითი რომ მოვიხმოთ, რუსული ჯარი სირიაშიც დაუნდობლად იქცეოდა და ომის დანაშაულებსაც სჩადიოდა. გაეროს მიხედვით, სირიის მთავრობის მხარდასაჭერად მათ დასახლებულ პუნქტებზეც განახორციელეს შეტევები.
რუსული არმიის შეიარაღების სიდიდე ნიღბავს ჯარისკაცების სისუსტეს დისციპლინაში, წვრთნასა და უნარ-ჩვევებში. რუსული ჯარი, ძირითადად, ერთი წლის სავალდებულო სამსახურისთვის გაწვეული ჯარისკაცებისაგან შედგება. ერთწლიანი წვრთნის მქონე ჯარისკაცი ძნელად თუ არის კომპეტენტური. რა თქმა უნდა, არსებობს ელიტური რუსული დანაყოფებიც, მაგრამ რუსული არმია წამყვან დასავლურ ჯარებს მაინც ვერ შეედრება.
თუმცა განსაკუთრებული უნარების მქონე და უკეთ შეიარაღებული დასავლელი სამხედროებიც კი უშუალო იერიშზე გადასვლამდე მეტს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე უკეთესი სტრატეგიული სიტუაცია შეექმნათ. მაგალითად, აშშ-ის არმია ასე თუ ისე მრთელ თავდაცვით ფორმაციებს პირდაპირ არ უტევს. ამერიკელებს ხშირად ავიწყდებათ, რომ სპარსეთის ყურის ომის დროს 100-საათიან სახმელეთო ბრძოლას წინ კვირების განმავლობაში მიმდინარე საჰაერო კამპანია სდევდა, რომლის მიზანიც ერაყის არმიის დასუსტება იყო. ამის შემდეგ, სახმელეთო შეტევას წინ უძღოდა არტილერიული ცეცხლის ტალღა, რამაც ერაყელ სამხედროთა დემორალიზება გამოიწვია. აშშ-მ საჰაერო საბრძოლო კამპანია ბალკანეთშიც აწარმოვა, რამაც ისე გაანადგურა მტრის ძალები, რომ გამარჯვებისთვის ნატოსგან დამატებითი სახმელეთო შეტევა საჭირო აღარ გახდა.
დიახ, რუსეთმა რაკეტები და საჰაერო შეტევები გამოიყენა ომის დასაწყებად, მაგრამ ეს აშკარად არ იყო საკმარისი უკრაინის გამძლეობის შესარყევად. რუსულმა არმიამ მაღალი რისკის მქონე საჰაერო ოპერაციები განახორციელა და ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცები პირდაპირ უკრაინელთა თავდაცვის კბილებში მოისროლა ისე, რომ თავდაპირველად მათი გატეხვა არც უცდია. სწორედ ამიტომ ვიფიქრე იმ პირველ დღეებში, რომ რუსების საბრძოლო ტაქტიკა რიგზე არ იყო. ეს საშინელება გახლდათ, თუმცა კიდევ მეტად საზარელიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
რატომ მოიმოქმედა ეს რუსეთმა? ალბათ ამაზე პასუხი გარკვეული პერიოდი არ გვექნება. თუმცა ყველაზე სავარაუდო მიზეზი ყველაზე მარტივიცაა — დაზვერვის კატასტროფული ჩაფლავება. როგორც ჩანს, რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა. მათ ბრძოლა ინტენსიური საჰაერო ან არტილერიული დაბომბვით არ დაიწყეს, რადგან ჩათვალეს, რომ ეს საჭირო არ იქნებოდა. რატომ უნდა გაანადგურო ქალაქი, რომლის მყისიერად შენს კონტროლქვეშ გადმოყვანას გეგმავ? რატომ უნდა გამოიწვიო უკრაინის (და მსოფლიოს) რისხვა, როცა შეგიძლია, საერთაშორისო საზოგადოებას ყირიმის ოკუპაციის მსგავსი სცენარი წარუდგინო — ოღონდ ამჯერად ეროვნული მასშტაბით.
მაგრამ რუსეთის კრახის უამრავი მაგალითის მიუხედავად, მაინც არსებობს ერთი ძალიან ცუდი ამბავი: სავარაუდოა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას არა მშვიდობის აღდგენის სურვილის გამოხატვით, არამედ საცეცხლე სიძლიერის დამთრგუნველი დემონსტრაციით უპასუხებს. ეს მას ადრეც გაუკეთებია. ომის ისტორია (მათ შორის, რუსული ომის ისტორიაც) სავსეა თავდაპირველი მარცხებისა და უაზრო ბრძანებების მაგალითებით. თუმცა არმია ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც სწავლა შეუძლია. თუ ბრძოლა დაგეგმილისამებრ არ მიმდინარეობს, ის ტაქტიკას ცვლის.
მართალია, უკრაინის შემართებამ და გამძლეობამ დასავლეთი აღაფრთოვანა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ წინააღმდეგობის გაწევის რამდენიმე დღე რუსებსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკან დაახევინებს. მეტად სავარაუდოა, მას სჯეროდეს, რომ გამარჯვების მოპოვების გარდა სხვა გზა არ აქვს — ძალაუფლების შესანარჩუნებლად მან უნდა გაიმარჯვოს. პროგნოზების კეთება სარისკო ამბავია, მაგრამ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ პუტინი ძალადობასა და შეტევების ინტენსივობას გაზრდის. შესაძლებლობა, რომ ის თავის ჯარებს ადგილზე შეაჩერებს — რომ აღარაფერი ვთქვათ მათი უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანაზე — გაცილებით ნაკლებსავარაუდოა.
პუტინი გამარჯვებითაც შეიძლება დამარცხდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრძოლის ველზე მისმა სავარაუდო გამარჯვებამ, შესაძლოა, საბოლოოდ რუსეთის ძალაუფლება დაასუსტოს ან რეჟიმის დესტაბილიზება გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, იმ სცენარის წარმოდგენა, სადაც უკრაინა უპირობო გამარჯვებულია, მეტად რთულია. ნატოს მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის არმიისათვის ზიანის მიყენება შეუძლია, მაგრამ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მან ბრძოლის ველზე სიტუაციის შემოტრიალება მოახერხოს. მხოლოდ იმედი თუ გვექნება, რომ უკრაინელთა სიმამაცის, ნატოს იარაღისა და რუსების დაბალი მორალის კომბინაცია დინებას შეცვლის. მაგრამ უკრაინას მაინც ნაკლები შანსი აქვს.
მართლაც, ჩვენ არ გაგვაჩნია სრულყოფილი ინფორმაცია უკრაინელთა დანაკარგებზე. არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს შეეძლებათ, ფეხდაფეხ ებრძოლონ რუს ოკუპანტებს. რუსეთი კვლავაც უკრაინაზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფოა. მას კვლავაც უზარმაზარი შეიარაღება აქვს. რუსეთს შეუძლია, აირჩიოს გროზნოს გამეორება და უკრაინული ქალაქების "დედამიწაზე ყველა განადგურებულ ქალაქებად" ქცევა.
რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მსოფლიოს პუტინის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტად განაწყობდა, მაგრამ ის უკვე ისედაც იზოლირებულია. სანქციები ამოქმედებულია, რუსული ეკონომიკა მწყობრიდანაა გამოსული. თანაც, ეს კონფლიქტის ჯერ კიდევ პირველი ეტაპებია. თუ რუსები მოახერხებენ გამარჯვებას, კიევს აიღებენ, მოკლავენ ან შეიპყრობენ უკრაინელ ლიდერებს, იმედს სასოწარკვეთა ჩაანაცვლებს, უკრაინის ხალხი საშინელ ფასს გადაიხდის, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა კი ისევ შორეული ოცნება გახდება.
ეს ფილმი არ არის. არ არსებობს გამზადებული სცენარი, რომელიც უფრო სუსტს ბოლოს გამარჯვებას უბოძებს. ნატოს განახლებული სოლიდარობა შეზღუდული სარგებლის მომტანია უკრაინელებისთვის, რომლებიც კიევში ცეცხლის ქვეშ იმყოფებიან. გერმანიის მიერ თავდაცვისათვის გაზრდილი ბიუჯეტი ვერ გაანადგურებს იმ კილომეტრებზე გადაჭიმულ რუსულ სამხედრო კოლონებს, რომლებიც ახლა უკრაინის გზებზე მიიწევენ წინ.
დასავლეთმა გაიღვიძა. ნატო ერთიანია. რუსეთი თავისი აგრესიისათვის საფასურს უკვე იხდის. მაგრამ მისი არმია ისევ უკრაინაშია და ყოველდღე მეტ ტერიტორიას იჭერს. მან, შესაძლოა, საკუთარი შეცდომებისგან ისწავლოს, მეტად აგრესიული გახდეს, რათა გაანადგუროს უკრაინული წინააღმდეგობა და გააქციოს უცხოური ძალები, რომლებიც ომში ჩარევას მოინდომებენ. თუ საბოლოოდ რუსეთი უკრაინას გატეხს, იმედის პირველი ნაპერწკალი მარცხის ნაცარში ჩაიფერფლება.
კომენტარები