ნებრასკის თავზე აშშ-ის თვითმფრინავი შენიშნეს, რომელიც ბირთვულ აფეთქებას უძლებს
ბირთვულ ომში გამოსაყენებლად შექმნილი თვითმფრინავი აშშ-ის ცაზე პუტინის განცხადებიდან მალევე გამოჩნდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ჩვეულებრივი მოსამზადებელი მისიის ფარგლებში მოხდა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.
28 თებერვალს ნებრასკის თავზე ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი გამოჩნდა, რომელიც ატომური ბომბის აფეთქებას უძლებს და ამგვარ ომში გამოსაყენებლადაა შექმნილი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვლადიმერ პუტინმა რუსული არმიის შემაკავებელი ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა ბრძანა, რამაც ბირთვული საშიშროების ეჭვი გააჩინა.
ასევე, იხილეთ: რამდენად შორს უნდა იყოთ, რომ ბირთვულ აფეთქებას გადაურჩეთ — ინტერაქტიური რუკა
აღნიშნული თვითმფრინავი მოდიფიცირებული Boeing 747 გახლავთ, სახელად Boeing E-4B, რომელიც პუტინის განცხადებიდან მალევე, ნებრასკის შტატში მდებარე აეროდრომიდან აფრინდა, ჩიკაგოსკენ გაემართა და ისევ უკან დაბრუნდა. ის ჰაერში საერთო ჯამში 4.5 საათის განმავლობაში, ბალისტიკური რაკეტების სამეთვალყურეო რამდენიმე აპარატის თანხლებით გადაადგილდებოდა.
E-4B აშშ-ის იმ ფლოტის შემადგენლობაშია, რომელსაც "ღამის გუშაგებს" უწოდებენ. მათ ქვეყანა 1970-იანი წლებიდან ფლობს. თვითმფრინავის ფუნქციაა, ბირთვული ომის დროს სამხედრო მეთაურებს მოძრავი საკონტროლო პუნქტის სახით ემსახუროს. მას ჩვეულებრივი Boeing 747-სგან რამდენიმე მახასიათებელი გამოარჩევს, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მაგალითად, 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აპარატი სპეციალური, არაციფრული მოწყობილობებითაა აღჭურვილი, რომლებიც ატომური ბომბის აფეთქებით გამოწვეული ელექტრომაგნიტური ტალღის მიუხედავადაც იმუშავებს.
ასევე, იხილეთ: რას ნიშნავს ბირთვული ომი — ატომური იარაღის საფრთხეები
მისი ზედაპირი თითქმის სრულად ისეთი მატერიითაა დაფარული, რომელიც ეკიპაჟს ბირთვული კატასტროფის თანმდევი თერმული გამოსხივებისგან დაიცავს. თვითმფრინავის თავზე მოთავსებულია 65-ზე მეტი ანტენა, რაც მას გემებთან, წყალქვეშა ნავებთან და საჰაერო ხომალდებთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. სხვა მონაცემების უმეტესობა გასაიდუმლოებულია.
ცნობილია, რომ სულ მცირე ერთი E-4B ყოველთვის მზადყოფნაშია, ხოლო ფლოტი საწვრთნელ ფრენებს პერიოდულად ახორციელებს. სავარაუდოდ, 28 თებერვალს სწორედ ასეთი მისია შედგა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობას სახელმწიფოს ბირთვულ პოლიტიკაში ცვლილება არ შეუტანია, ბაიდენის განცხადებით, რუსეთთან მსგავსი მასშტაბების ომში ჩაბმის საშიშროება არ არსებობს.
კომენტარები