მთიანი ყარაბაღის მეორე ომი ოჯახებში ჭურვივით შეიჭრა. ორივე მხარეს ათასობით ადამიანმა დაკარგა შვილები, ძმები, ქმრები. უამრავი ბავშვი მამის გარეშე გაიზრდება.

OC Media ომის ბავშვების დედებს ესაუბრა, რომელთაგან ორი აზერბაიჯანელია, ხოლო ორი სომეხი. მათ ისაუბრეს ახლობლების დაკარგვის ტკივილზე და იმედზე, რომელიც მათი ახალდაბადებული ან ჯერ არდაბადებული შვილებისთვის აქვთ — წარმოუდგენიათ თუ არა მომავალი, რომელშიც მათი შვილები სიმშვიდეს მოიპოვებენ.

ფაჰიმა

37 წლის ფაჰიმა აბდულაევა 6 თვის ორსული იყო, როცა დაქვრივდა. მისი ქმარი, 40 წლის ელდარ აბდულაევი აზერბაიჯანის ჯარში სამხედრო ექიმი იყო და მთიან ყარაბაღში, ქალაქ ჰადრუტში 2020 წლის 18 ოქტომბერს მოკლეს — მათი ქორწინების მე-11 წლისთავზე.

შვილებთან, 15 წლის ასიასა და 9 წლის აისუნთან ერთად, ოჯახი არაერთხელ იცვლიდა საცხოვრებელს, რათა ელდარის 22-წლიანი სამხედრო კარიერისთვის ხელი შეეწყოთ.

2020 წლის აგვისტოში, ომის დაწყებამდე 1 თვით ადრე, უსაფრთხოებისა და უკეთესი განათლების შესაძლებლობის მიზნით, ელდარმა ოჯახი კონტაქტის ხაზთან მდებარე სოფლიდან, აღმოსავლეთით, დაახლოებით, 300 კილომეტრში გააგზავნა.

ოჯახს ეგონა, რომ თავადაც მალე შეუერთდებოდა. ის მომავალ გაზაფხულს პენსიაზე გასვლას გეგმავდა.

"დამარწმუნა, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთო, უბრალოდ დაჭრილებზე იზრუნებდა. ჩემი ქმრის სიკვდილისთვის, მზად არ ვიყავი", — იხსენებს ფაჰიმა.

ელდარის გარდაცვალების შემდეგ, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. იშვიათად ჭამდა და ეძინა, მისი დიაბეტის სიმპტომებიც უფრო გაუარესდა — მხოლოდ ქალიშვილის, აჰუს დაბადებამ მოახერხა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.

"როცა ჩემი შვილი დაიბადა, სამყაროს დავუბრუნდი. როცა გაბრაზებული ვარ, იღვიძებს და მისი მზერით მიყურებს. როცა ვტირი, ხელში ამყავს და ტკივილიც ქრება. თითქოს, ელდარი ჩემ გვერდით არის", — ამბობს ის.

ბევრი ოჯახისთვის, რომლებმაც ომში ახლობლები დაკარგეს, მშვიდობა შესაძლებელია — მაგრამ შერიგება გაუსაძლისი.

"რა შერიგება? ეს არ გვჭირდება. არანაირად. ერთგვარ ნუგეშს ვპოულობ იმაში, რომ იმ მიწას ვაკონტროლებთ, რომლისთვისაც ელდარი დაიღუპა. როცა აჰუ გაიზრდება, იქ წავიყვან", — თქვა ფაჰიმამ.

მისი აზრით, თუ აზერბაიჯანელები და სომხები ძალიან დაახლოვდებიან, "ერთხელაც ეს ყველაფერი კვლავ განმეორდება".

ლუსინე

ლუსინე არსენიანის 18 წლის შვილი დავით ჩაკრიანი სომხეთის ჯარში, დაახლოებით, 1 თვე მსახურობდა, როცა ომი დაიწყო. ოჯახს ყოველდღე ურეკავდა, რათა სცოდნოდათ, რომ კარგად იყო. 14 ოქტომბერს მისი ზარები შეწყდა.

შემდეგ, დავითის ცხედარი იპოვეს.

ლუსინეზე, რომელიც ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად ქრონიკული ბრონქიტით იყო დაავადებული, სიკვდილმა მძიმედ იმოქმედა. ისიც გრძნობდა, რომ ახალი, უცნაური სიმპტომები უვითარდებოდა. როცა შვილის სიკვდილიდან 40 დღის შემდეგ, სამსახურში მედდად დაბრუნდა, მისმა თანამშრომლებმა სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

დიდი დრო არ დასჭირდა მისი ახალი სიმპტომების მიზეზის აღმოსაჩენად — ის ორსულად იყო.

დანიელი 8 ივნისს საკეისრო კვეთით დაიბადა.

"დავითის გარდაცვალებამდე სიზმარი ვნახე. ჩვენს სახლში ყვავილი დაჭკნა და ძირს ჩამოვარდა. მე ავიღე, გარეთ, მზის ქვეშ დავდე და მან ზრდა დაიწყო. ვფიქრობ, ეს ბავშვი იყო. ის დაიბადა და ახალი სიცოცხლე მოგვცა", — გაიხსენა ლუსინემ.

"არა, დავით არ ჩაანაცვლებს — ის იმედი და ნუგეშია", — თქვა მან.

ლუსინეს იმედს იტოვებს, რომ დანიელის მომავალში ომი არ იქნება და ამის თავიდან ასაცილებლად "ყველაფერი" გაკეთდება.

"მშობელს, რომელმაც ერთი შვილი დაკარგა, მეორეს დაკარგვის უფლება არ აქვს. ტრაგედიაა, რომ ბავშვები იზრდებიან და ერთმანეთის სისხლს ღვრიან", — თქვა ლუსინემ.

ნარმინ

23 წლის ნარმინ ბახტიაროვა დაქვრივდა იმ სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის წინა დღეს, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა.

ორი შვილის დედა იმ დროისთვის სამი თვის ორსული იყო.

მისი ქმარი ორხანი 30 სექტემბერს, ომის მეოთხე დღეს, აზერბაიჯანის ჯარში ნებაყოფლობით ჩაეწერა. ის არა სამხედრო, არამედ ხილ-ბოსტნეულის გამყიდველი იყო, რომელსაც უნდოდა, საკუთარი ქვეყნისთვის ებრძოლა.

ნარმინის თქმით, მასთან კავშირზე 6 ნოემბრამდე იყო, იმ დღემდე, სანამ ქალაქ შუშაში სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ არ მოკლა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, სანამ ომი არ დასრულდა და მოულოდნელმა ზარმა ყველაფერი ცხადყო.

ორხანი ბაქოს დასავლეთით 400 კილომეტრში, მშობლიურ რეგიონში, დაშხანის მოწამეთა ხეივანში დაკრძალეს.

ომის დაწყებამდე, ბახტიაროვს 6 თვის ბიჭი უკვე ჰყავდა. ნარმინის თქმით, მისი ქმარი ოცნებობდა გოგოს მამა გამხდარიყო და მისთვის ნაფასი დაერქვა, რაც აზერბაიჯანულად სუნთქვას ნიშნავს. როცა ბავშვი დაიბადა ოჯახმა მისი სურვილი შეასრულა.

"მისი სახელის მსგავსად, ეს ბავშვი ჩვენთვის ჰაერივით იქცა. როცა ჩემი ქმარი მენატრება, შემიძლია ჩემს შვილს მაინც ჩავეხუტო", — ამბობს ნარმინი.

იმის მიუხედავად, რაც მისი შვილების მამას დაემართა, ნარმინი ამბობს, რომ არ იქნება წინააღმდეგი თუ მის შვილებს ჯარში გაწევრიანება მოუნდებათ. თუმცა აღიარა, რომ ისურვებდა ბიჭი პოლიციელი, ხოლო გოგო ექიმი გახდეს, ისე, როგორც ეს მათ გარდაცვლილ მამას სურდა.

ის იმედს იტოვებს, რომ ერთხელაც მშვიდობა დამყარდება და მისი მსგავსი "არასრული ოჯახები" აღარ იქნებიან. მისი თქმით, თუ ეს ნიშნავს ღია საზღვრებს, რომ სომხები აზერბაიჯანში ჩავიდნენ, ხოლო აზერბაიჯანელები სომხეთში, მით უკეთესი — მთავარია, გარდაცვალებები შეწყდეს.

"დედის მიერ შვილის დაკარგვა და ცოლის მიერ ქმრის დაკარგვა ერთი და იგივე არ არის. ბავშვებს ართმევენ მამის მზრუნველობას. არ აქვს მნიშვნელობა ეს აქ, აზერბაიჯანში იქნება თუ მეორე მხარეს, არასოდეს ვისურვებდი, რომ რომელიმე ბავშვმა მამა დაკარგოს", — თქვა მან.

სტელა

სტელა ბაღდასარიანს აქვს კალენდარი, რომელზეც მისი შვილი, ვაჰე სომხეთის ჯარში სავალდებულო სამხედრო მსახურების დროს ჩანაწერებს აკეთებდა და დასრულებამდე დღეებს ინიშნავდა.

30 სექტემბერს, დასრულებამდე სამი თვით ადრე, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის მესამე დღეს, სტელამ შვილთან კავშირი დაკარგა. მისი ცხედარი ორი თვის შემდეგ იპოვეს.

კალენდარი ბაღდასარიანების სახლში ნათელ კუთხეში დევს, ბავშვობის ჩანახატებიან დღიურთან, საათთან, დიპლომთან, ფოტოებთან და ყველა იმ ნივთთან ერთად, რაც მას უკავშირდება. ვაჰე ყველა ფოტოში იღიმის.

"ის საკუთარი სიცოცხლის სამშობლოსთვის მიცემით გარდაიცვალა", — თქვა სტელამ.

ვაჰეს და გათხოვილია, ამიტომ ვაჰე იყო ერთადერთი, ვინც მათ სახლში ცხოვრობდა.

დაცარიელებულ სახლში დარჩენილმა სტელამ და მისმა ქმარმა, კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა გადაწყვიტეს. ახლახანს აღმოაჩინეს, რომ სტელა ორსულადაა.

"44 წლის ვარ, ვერ დავიცდი. ჩემი შვილი გათხოვილია, მე და ჩემი ქმარი მარტოები დავრჩებით. მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ჩემს მძიმე მწუხარებაში სინათლეა", — თქვა მან.

თუ ბიჭი იქნება, ვაჰეს დაარქმევს — "მისი გმირი ძმის საპატივცემულოდ".

"ყოველთვის ჩავეხუტები და წარმოვიდგენ, რომ ვაჰე თავიდან დაიბადა".

თუმცა სტელას თქმით, გადაწყვეტილი აქვს, რომ მისი შვილი სომხეთში არ იმსახურებს.

"მე მას არ დავთმობ, ჩემს კიდევ ერთ შვილს ჯარს არ მივცემ. მისმა ძმამ სიცოცხლე დათმო, რათა პატარა ვაჰეს მშვიდობაში ეცხოვრა".

ამავე დროს, მას არ სჯერა, რომ მშვიდობა ნამდვილად მოვა. მისი თქმით, შეუძლებელია, რომ აზერბაიჯანის მეზობლად მშვიდად იცხოვრონ, თუმცა კიდევ ერთი ომი არ სურს.

"არ მინდა ვინმეს სისხლი დაიღვაროს. მშობელი ყოველთვის იქნება მშობელი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მე ვიქნები, თუ აზერბაიჯანელი დედა. არის რამე განსხვავება? არა, ჩვენ ორივემ ვატარეთ ჩვენი შვილები 9 თვე მუცლით, გავაჩინეთ და 20 წელი ვზრდიდით".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.