პირველად 10 წლის განმავლობაში აზერბაიჯანელი დეპუტატები სომხეთში ჩავიდნენ
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორი აზერბაიჯენლი დეპუტატი ერევანს ეწვია. ბოლოს აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა სომხეთის მიწაზე ფეხი 2012 წელს დადგეს.
დეპუტატები, ტაჰირ მირკიშილი და სოლტან მამადოვი სომხეთში 21 თებერვალს ჩაფრინდნენ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტის, ასევე, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების წევრების საპარლამენტთაშორისო ფორუმია.
დეპუტატებს ჩასვლისას მომიტინგეთა მცირე ჯგუფი დახვდა, რომლებიც სასტუმროსთან აქციას მართავდნენ.
პროტესტი სამშაბათსაც გაგრძელდა კარენ დამირჩიანის კომპლექსთან, სადაც პლენარული სხდომა იმართებოდა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის ყოფილმა უფროსმა, ედგარ ღაზარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი აპროტესტებდნენ არა მხოლოდ "აზერბაიჯანის დელეგაციის ჩამოსვლას", არამედ, "სომხეთში დემოკრატიის მდგომარეობას".
"დღეს აზერბაიჯანელების აქ ყოფნა სიმბოლურია, რადგან 2021 წელს პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელები სომხეთში ე.წ. ზანგეზურის დერეფნით დაბრუნდებოდნენ და არა აუცილებლად ტანკებით, რომ ერევანი აეღოთ", — თქვა ღაზარიანმა.
მისივე თქმით, არსებობდა შთაბეჭდილება, რომ "აზერბაიჯანის მაღალი რანგის დელეგატებსა და ალიევის განცხადებას შორის კავშირი იყო".
ყოფილმა დეპუტატმა სომხეთის ოპოზიციური პარტიიდან, ნაირა ზოჰრაბიანმა რომელიც ასევე იყო აქციაზე, აღნიშნა, რომ სომხეთს დღის წესრიგში აზერბაიჯანის ციხეში დარჩენილი სამხედრო ტყვეების საკითხი უნდა შეეტანა.
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ევრონესტის დელეგაციას ორშაბათს შეხვდა, მათ შორის, ერთ-ერთი წევრი აზერბაიჯანის დეპუტატი, ტაჰირ მირკიშილი იყო — ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამომხსენებელია.
მირკიშილი აზერბაიჯანის მმართველი პარტიიდან არის. ის ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წევრია.
საპარლამენტო ასამბლეის მთავარი სხდომა სამშაბათს გაიმართა. სხდომის მიმდინარეობისას, აზერბაიჯანის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოლთან მამადოვმა მთიანი ყარაბაღის "სომხური ეთნიკური უმცირესობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან თანასწორობის რეინტეგრაციაზე ისაუბრა".
"აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა. ეს ჩვენს რეგიონს მშვიდობასა და სტაბილურობას, ასევე, ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ეს რეგიონს აქცევს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდად", — თქვა მან.
მან ასევე ისაუბრა სომხეთის სამხედრო ტყვეებზე აზერბაიჯანში, უარყო მათი სამხედრო ტყვეების სტატუსი და აღნიშნა, რომ "ყველა სამხედრო ტყვე სომხეთში ომის შემდეგ დაბრუნდა".
"ახლა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დისკუსია მიდის იმ ხალხზე, რომლებიც ომის შემდეგ დააპატიმრეს", — თქვა მან.
მამადოვის პოზიციის საპირისპიროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა Human Rights Watch სომეხი ჯარისკაცების სამხედრო ტყვეების სტატუსზე არ კამათობენ.
ტაჰირ მირკიშილიმ კი თავის გამოსვლაში ორივე მხარის "ათასობით" დაღუპულის შესახებ გამოთქვა წუხილი და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენისკენ მოწოდება გააკეთა.
"ჩვენ არ გვაქვს რასისტული მისწრაფებები, არ გვინდა ძალის გამოყენება მომავალში. ეს ყველაფერი ახლა წარსულშია, ახლა მომავალზე უნდა ვისაუბროთ", — თქვა მან.
ევრონესტის წინა სხდომები
სომხეთში ევრონესტის ბოლო სხდომა 2015 წელს გაიმართა და მას აზერბაიჯანის დელეგაცია არ ესწრებოდა — მათ სომხეთში ჩასვლაზე უარი განაცხადეს. თუმცა ისინი ჩასული იყვნენ 2012 წელს.
ევრონესტის ეგიდით სომეხი დეპუტატებიც ეწვივნენ ბაქოს 2017 წელს.
"ასეთი ვიზიტების დროს, თუ ზოგად მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მხარეები ქვეყანაში ჩასულ პირს უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფენ. ეს მოხდა 2017 წელსაც, როცა მეინ ტანდილიანი და არმენ აშოტიანი ბაქოში ჩაფრინდნენ", — თქვა სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა, მარია კარაპეტიანმა ჟურნალისტებთან.
აქციის ორგანიზატორების კრიტიკის საპასუხოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ევრონესტზე მონაწილეებმა სომხეთის სამხედრო ტყვეების საკითხი დააყენეს.
"მინისტრმა მირზოიანმა სამხედრო ტყვეებისა და აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი", — ეწერა განცხადებაში.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები