სტეფანაკერტი 2020 წელს დაკარგულ ყველა ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს
მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებს, მათ შორის, ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის (NKAO) ფარგლებს გარეთ მდებარეს, "ოკუპირებულად" ცნობს.
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის, არაიკ ჰარუთინიანისა და სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინა განცხადებებში მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ტერიტორიების დაბრუნების მიზანი, რომლებიც წინათ ძირითადად ეთნიკურად სომხებით იყო დასახლებული. არცერთ ლიდერს ცალსახად არ უსაუბრია იმ ტერიტორიების დაბრუნების შესახებ, რომლებიც ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული და რომელიც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს დაიპყრეს, ხოლო 2020 წელს აზერბაიჯანს გადაეცა.
კანონი "არცახის [მთიანი ყარაბაღის] რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა 18 თებერვალს ერთხმად მიიღო.
ის სამართლებრივ პრეტენზიას აცხადებს ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე სტეფანაკერტის მიერ იყო კონტროლირებადი, ასევე, აზერბაიჯანის ყოფილი შაუმიანის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ ბაქოს კონტროლის ქვეშ დარჩა და მას შემდეგ გაერთიანდა აზერბაიჯანის გორანბოის ოლქში.
კანონში წერია, რომ შესაძლებელია ფრაზის "ოკუპირებული ტერიტორიების" გამოყენება ოფიციალურ დოკუმენტებში. ასევე, კრძალავს "ოკუპირებულ ტერიტორიებზე" შესვლას, ნებისმიერ მოძრაობას ან აქტივობას მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების გარეშე.
აკრძალვა არ ვრცელდება ორგანიზაციებზე, რომლებიც "გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას" ახორციელებენ.
დამატებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა", რომლებიც მოითხოვს ლიცენზიას, ნებართვას ან რეგისტრაციას, ასევე, აკრძალულია.
ერევნის ხელისუფლებას ახალ კანონთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
"არ არის სერიოზული"
ერევანში დაფუძნებულმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა სტეფანაკერტიდან, ტირგან გრიგორიანმა OC Media-ს განუცხადა, რომ ეს კანონი "რეალობას მოწყვეტილია" და მთიანი ყარაბაღის პარლამენტის მიდგომა კანონპროექტთან დაკავშირებით არ ყოფილა "სერიოზული".
"უნდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად მათი განზრახვა ეს არ ყოფილა. ხელისუფლებას სურდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ყოფილი ტერიტორიებისთვის მიენიჭებინა "ოკუპირებულის" სტატუსი, ხოლო დანარჩენისთვის — "სადავო", — თქვა მან მთიანი ყარაბაღის მთავრობაზე.
მისი თქმით, კანონის ახალი, უფრო "პოპულისტური" ვერსია, ცვლილება იყო მხოლოდ "შიდა მოხმარებისთვის". შედეგად, მან დაკარგა შანსი, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზულად იყოს აღქმული.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, მთიანი ყარაბაღის მეორე ომამდე, ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის თანათავმჯდომარეობით, აზერბაიჯანის პირდაპირი ადმინისტრაციისთვის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გარეთ არსებული ყველა ტერიტორიის დაბრუნების აუცილებლობა იყო.
გრიგორიანის თქმით, სიტუაცია ერევანის ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობამ უფრო გაამწვავა. მან მიუთითა, რომ რამდენადაც სომხეთის მმართველი პარტიის 2021 წლის ვადამდელი არჩევნების კამპანიაში "შუშასა და ჰადრუტის დეკუპაცია" შედიოდა, ამის შესახებ მას შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გრიგორიანის აზრით, კომენტარები, რომლებიც ამ კითხვაზე გაკეთდა, "ბუნდოვანი" იყო. მისი თქმით, ერევნის ასეთი გაურკვევლობა და სიჩუმე, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას უფრო ხილვადობას ანიჭებს — იმ შემთხვევაში როცა ისინი "გონივრულები" არიან და მაშინაც, როცა არ არიან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები