საკუთარი თავის დაფასება, უნარების სათანადოდ შეფასება, თავდაჯერების მაღალი ხარისხი და გარკვეულ საკითხებში მისი გადაჭარბებული დონეც კი ზოგჯერ კარგია, რადგან ადამიანს ყოველდღიური საქმეების ბევრად მარტივად გადაჭრაში ეხმარება. თუმცა, კარგ თვითშეფასებასა და ნარცისიზმის სპექტრს შორის განსხვავება მაინც არსებობს. ნარცისიზმი სხვებისგან კომპლიმენტის მუდმივად მიღების, დაფასების სურვილიდან იწყება და იგი პათოლოგიურ მდგომარეობაშიც შეიძლება გადაიზარდოს.

ნარცისული პიროვნული აშლილობა მენტალური აშლილობების ამოცნობისა და სტატისტიკური მონაცემების გზამკვლევში, პიროვნული აშლილობების ქვეთავში შევიდა და ხასიათდება საკუთარი თავის გადაჭარბებული შეფასებით, ემპათიის უნარის ნაკლებობით და ყურადღების მიქცევის თუ თაყვანისცემის უკონტროლო სურვილით.

ფოტო: Chris Barbalis / Unsplash

პარადოქსია, თუმცა სიმართლეა ისიც, რომ მოჭარბებული თავდაჯერება ხშირად მყიფე, სხვების მხრიდან დაფასებაზე დამოკიდებული მდგომარეობაა, რომელიც სწორედ თავდაჯერების ნაკლებობის ბრალია.

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები სხვათა მიღწევებისა და უნარების დაკნინებით ცდილობენ საკუთარი პოზიციის განმტკიცებას და ამით იკმაყოფილებენ სურვილს, რომ საზოგადოების თვალში სხვებზე უკეთეს, ჭკვიან, აღმატებულ პიროვნებად აღიქმებოდნენ. ადამიანები ხშირად ყველა ღონეს მიმართავენ იმისთვის, რომ სრულყოფილების ილუზორული მდგომარეობა თუ სურვილი შეინარჩუნონ.

ფსიქოლოგ რობერტ მუდის თქმით, ნარცისული პიროვნული აშლილობის თანმდევ ქცევებს, სიმპტომატიკას, შეუმდგარი ურთიერთობები აძლიერებს.

“აღნიშნული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს ოჯახთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან ღია, თანაგრძნობაზე, პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობის პრობლემა აქვთ“, — აღნიშნავს მუდი.

თუმცა ადამიანთა თვითშეფასებასთან თუ სხვებთან ურთიერთობისას გამოვლენილი პრობლემები ხშირად აშლილობას სულაც არ მიეწერება. ნარცისული აშლილობა აშშ-ის მოსახლეობის 0,5-5%-ს, მეტწილად მამაკაცებს აქვთ. ზუსტი სტატისტიკის წარმოება რთულია, რადგან აშლილობის მქონე ადამიანთა უმეტესობა არ მიიჩნევს, რომ აშლილობისთვის სახასიათო სიმპტომები აქვთ.

ფოტო: Everyday Health

აღსანიშნავია ისიც, რომ ნარცისული აშლილობა კაცებში და ქალებში სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

ქალების შემთხვევაში არასრულფასოვნების შეგრძნებით, მსხვერპლის როლში თავის წარმოდგენით, ეჭვიანობით და სხვა ქალებთან მუდმივ კონკურენციაში ყოფნით ვლინდება.

კაცები კი ხშირად სხვების ექსპლუატაციას მიმართავენ, გარკვეულ პრივილეგიებზე უფლებამოსილება სურთ, მოქმედებისას ძალადობრივი, უხეში გზებით გამოირჩევიან და ძალაუფლების მოპოვების მკვეთრად გამოხატული წყურვილი აქვთ.

თუმცა კონკრეტული მახასიათებლები ექსკლუზიურად რომელიმე გენდერთან არაა შეჭიდული, ქედმაღლობა და საკუთარი თავით შეპყრობა კი ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბრად აქვთ.

ნარცისიზმის ქვეტიპები

1. შეფარული ნარცისი — ჩვენს წარმოდგენაში არსებული ნარცისის ტიპაჟის საპირისპირო მდგომარეობა, როცა ადამიანი ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ და მუდმივი თაყვანისცემისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ მორცხვია, თვითკრიტიკული, სხვათა აღქმის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე და მუდამ დაეჭვებული. ხშირად ფიქრობენ, რომ მათი ტკივილი, უარყოფითი გამოცდილებები სხვისას აღემატება, შეიძლება ისიც კი იფიქრონ, რომ მათზე ცუდი შესახედაობის თუ ხასიათის ადამიანი ძნელად მოიძებნება.

2. ცერებრალური ნარცისი — ადამიანები, რომელთა გადაჭარბებული შეფასება საკუთარ თავზე ინტელექტუალურ მახასიათებლებს ემყარება. ისინი ფიქრობენ, რომ სხვებზე გონებამახვილები და ჭკვიანები არიან.

3. სომატური ნარცისი — სომატური ნარცისის თვითაღქმა ვიზუალურ მახასიათებლებს ემყარება. ისინი გარეგნობას, წონას, ტანსაცმელს ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას და არც სხვების ვიზუალის კრიტიკას ერიდებიან.

4. სულიერებაზე ორიენტირებული ნარცისი — ისინი რელიგიას, ზოდიაქოს თუ სხვა სულიერ კატეგორიებს იყენებენ, რათა საზიანო ქცევა გაამართლონ და სხვებზე ამაღლებული სულიერი მხარით იწონებენ თავს. მათ ხშირად საკუთარი თავი სხვა ადამიანებზე წმინდა, სპეტაკი ჰგონიათ. განსაკუთრებით მძაფრ შემთხვევებში ღმერთთან თუ “ზემდგომ ძალასთან” განსაკუთრებული სიახლოვით გამოწვეული განსჯით, სხვებისთვის დაწესებული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ.

კვლევისას გამოვლენილი სხვა ქვეტიპები ემთხვევა ნარცისიზმის სტერეოტიპულ აღქმას — ყურადღების ცენტრში ყოფნის გადაჭარბებულ სურვილს, მუდმივ კონკურენციას, საკუთარი პროფესიული მიზნებისთვის სხვათა ექსპლუატაციას და სხვა ნიშნებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სანამ სხვა ადამიანებში ნარცისიზმის ნიშნების ძიებას დავიწყებთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნარცისიზმი სპექტრია და სხვადასხვა ნიშანი საპირისპირო სახით და განსხვავებული სიმძაფრით ვლინდება, ამასთან ნარცისული ქცევა, ყოველთვის აშლილობის ქონას არ ნიშნავს.

ნარცისიზმის მიზეზები და მახასიათებლები

ფოტო: Op-Med

ნარცისული პიროვნული აშლილობის 9 მთავარი მახასიათებელი გამოიყოფა, ესენია:

  • გადაჭარბებული თვითშეფასება;
  • თაყვანისცემის მუდმივი სურვილი;
  • განსაკუთრებული მოპყრობის სურვილი;
  • მიღწევებისა და ნიჭის გადაჭარბებული შეფასება;
  • კრიტიკაზე განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია;
  • ძალაუფლების, წარმატების, სილამაზის შესახებ არსებული ფანტაზიები და ოცნებები;
  • სხვების გამოყენება;
  • სხვების საჭიროებებისა და გრძნობების ნაკლებად გათვალისწინება;
  • აროგანტული ქცევა.

სპეციალისტის გამოკვლევა ადამიანში ჩამოთვლილი მახასიათებლების 55%-ს თუ ავლენს, ნარცისული აშლილობის ალბათობა მაღალია, თუმცა მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან ადამიანების უმეტესობა ამ მახასიათებლების მქონედ თავს არ მოიაზრებს. ამასთან, ადამიანებმა შეიძლება ჩვენთვის ნაკლებად მოსაწონ ადამიანს მარტივად მივაწებოთ იარლიყი, როცა ამის საფუძველი არ გვაქვს. ყველა ადამიანი გამოირჩევა პოზიტიური და ნეგატიური მახასიათებლებით და შეიძლება ჩვენივე აღქმის გამო სხვების თვისებები განსაკუთრებულად უარყოფით კონტექსტში წარმოვაჩინოთ.

სპეციალისტი ნარცისული აშლილობის დიაგნოზს სვამს, როცა ადამიანის სოციალური და პროფესიული აღქმა რეალობასთან მკვეთრად შეუსაბამოა, ადამიანი თავს იზოლირებულად გრძნობს, რადგან აშლილობის გამო კავშირების დამყარება უჭირს ან პროფესიონალთან თანამშრომლობის მზაობა აქვს, რადგან აშლილობის დესტრუქციულ გავლენას აცნობიერებს.

ფოტო: Power of Positivity

ნარცისული პიროვნული აშლილობის განვითარების რამდენიმე მიზეზი გამოიყოფა, მათ შორის, გენეტიკური მიდრეკილება და სოციალური მიზეზები. აშლილობის მქონე ადამიანებს ტვინის იმ უბანში, რომელიც ემპათიაზე, ემოციურ ბალანსზე და კოგნიტიურ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი, ნივთიერების დისბალანსი აღენიშნებათ. აშლილობა, ძირითადად, ბავშვობის გამოცდილებების, გენეტიკური მიდრეკილებების შედეგად ვითარდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზრდასრულობაში შეძენილი ნარცისული მახასიათებლები აშლილობამდე განვითარდეს. დიაგნოზი კი ზრდასრულობისას შეიძლება დაისვას, რადგან ზოგიერთი მახასიათებელი მოზარდობის ეტაპის თანმდევია, რომელიც დროთა განმავლობაში მცირდება.

ნარცისული პიროვნული აშლილობის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა:

  • ადამიანს ჩვილობის პერიოდიდან მოჭარბებული ტემპერამენტი აქვს, მგრძნობიარეა;
  • ბავშვი მშობლებისგან და თანატოლებისგან მანიპულაციის მაგალითებს აწყდება;
  • მცირე ასაკში კარგი ქცევისთვის განსაკუთრებით აქებენ, ცუდისთვის კი — სჯიან;
  • ადამიანს ბავშვობაში ძალადობრივი ან მუდმივი უარყოფის გამოცდილებები აქვს;
  • მშობლების გადაჭარბებული მზრუნველობის ან მისი აბსოლუტური ნაკლებობის ობიექტია;
  • გარშემომყოფები მცირე ასაკიდან განსაკუთრებულად ეპყრობიან;
  • ბავშვობაში უსაფუძვლოდ აქებენ.

მკურნალობა

ფოტო: Francesco Ciccolella / Observer

თუ ადამიანი საკუთარი ქცევის გაუმჯობესებას ცდილობს, გამოსავალი ფსიქოთერაპიაა, რომელიც ემპათიის გაღვივებისკენ, ასევე საკუთარი ემოციების უკეთ გააზრებისკენ არის მიმართული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სპეციალისტთან მუშაობა შემდეგი მიმართულებებით:

  • კოლეგებთან, ოჯახთან თუ მეგობრებთან თანასწორი ურთიერთობის წარმოება და შენარჩუნება;
  • კრიტიკის მიღებისა და კრახის აღიარების უნარის გამომუშავება;
  • საკუთარი განცდების უკეთ გააზრება და ბალანსის დაცვის ბერკეტების გამომუშავება;
  • გაბუქებული მიზნების მიღწევის, სრულყოფილების მუდმივი ძიების კონტროლი.

ქცევისა და აღქმის კორექცია ხანგრძლივი, შრომატევადი პროცესია, რომელსაც ძალისხმევა და სურვილი აადვილებს. ხშირად პაციენტებს ნდობის ნაკლებობა აქვთ, რაც შედეგის მიღწევას ართულებს, ზოგიერთი ფსიქოთერაპიას წყვეტს, რადგან გარკვეული ფაქტორები აშლილობის მახასიათებლების გამძაფრებას იწვევს.

პროფესიონალთა დაკვირვებით, მკურნალობის პროცესში ჩართული ადამიანების დიდი ნაწილი ემპათიის განცდას სწავლობს, რაც საუკეთესო მკურნალია. აშლილობის სამკურნალოდ მედიკამენტები არ არსებობს, თუმცა თუ მდგომარეობა სხვა მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევასთან არის შეჭიდული შესაძლოა ერთობლივად დაიძლიოს.


Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.