რას ვისურვებდი, სკოლაში სქესობრივ განათლებაზე რომ მესწავლა — 15 პასუხი
მაშინ, როდესაც ევროპის სკოლებში სქესობრივ განათლებას 60 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ანატომიასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე "შეპარებული" ინფორმაცია ის მაქსიმუმია, რასაც მოზარდს ქართული განათლების სისტემა აძლევს.
ცალკე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მასწავლებლების ნაწილს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს სახელმძღვანელოში არსებული ისედაც მწირი ინფორმაციის მოსწავლეებისთვის გადასაცემად. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტაბუდადებული თემაა, მოზარდები უმეტესად ინფორმაციას მეგობრებისგან ან ინტერნეტის საშუალებით იღებენ, რაც ხშირ შემთხვევაში მცდარი, დამახინჯებული და არასწორი წარმოდგენების გავრცელებას უწყობს ხელს.
ფეისბუქის რამდენიმე თემატურ ჯგუფში უკვე ზრდასრულებს ვკითხეთ, რის სწავლას ისურვებდნენ ქართულ სკოლაში სქესობრივი განათლების გაკვეთილებზე. შესაფერის ასაკში შესაბამისი ცოდნის მიღების სურვილი ბევრ მათგანს აღმოაჩნდა და ამ სტატიაში სწორედ მათ პასუხებს წარმოგიდგენთ.
1. "სკოლაში უნდა გვესწავლა ყველაფერი საკუთარ ანატომიაზე და რაც მთავარია, ცოდნა, რომელიც იქნებოდა სიამოვნების კონტექსტში გამოსადეგი და განხილული. თუმცა ჩვენს დროს ასეთი ტიპის გაკვეთილები წარმოუდგენელი იქნებოდა" — თამ ფონიავა
2. "მე ვისურვებდი, რომ ელემენტარული ანატომიის დონეზე მაინც ყოფილიყო სწავლება და მერე კიდე მარტივად შესაბამისი ენით ახსნილი "ანა-ბანა". მათ შორის, უსაფრთხო ურთიერთობებზე, სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე და ა.შ. ინტერნეტში იმდენი ინფორმაციაა, რთულია, პატარა ასაკში გაერკვე, რა არის სწორი და რეალური. ამიტომ ვერ ვიგებ, რატომ არის ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება მშობლების მხრიდან ამ საკითხზე. ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი მენსტრუაციაზე თემასაც კი გადაახტა, დიდები ხართ და თქვენით წაიკითხავთო" — სოფიო რატიშვილი
3. "ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი შედარებით შეგნებული აღმოჩნდა. მართალია, ბიჭებს ცალკე და გოგონებს ცალკე ჩაგვიტარა გაკვეთილი, მაგრამ იმ დროისთვის საკმაოდ კარგად და დაწვრილებით აგვიხსნა.
გადმოვიდეთ თანამედროვე ცხოვრებაში. მე რომ მასწავლებელი ვიყავი, მესამე კლასის ბუნების სახელმძღვანელოში ყვავილების დამტვერვასა და ცხოველების გამრავლებაზე იყო შეტანილი საკითხი. მივაყოლე ადამიანებზეც და ზოგიერთი მშობლისგან კი გავილანძღე, მაგრამ ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. თუმცა გამრავლების სწავლებამდე იმდენი რამეა სასწავლი... სექსოლოგიის გაკვეთილი, როგორც საგანი, ცალკე უნდა იყოს. უნდა ისწავლებოდეს პირადი ჰიგიენა, ბავშვებს უნდა შეეძლოთ პედოფილი ადამიანების ამოცნობა და ასე უბრალოდ არ ენდონ ყველას; ანატომიის ძირეულად შეცნობა; ტერმინოლოგია; რა შეიძლება და რა — არა. მე რომ ჩემს შვილებს სახლში ვასწავლი, მე დედა ვარ და ბავშვის ფსიქოლოგიაა ისეთი, რომ მასწავლებელი უფრო ავტორიტეტი ხდება ხოლმე. მასწავლებელი რომ აუხსნის, სულ სხვაა" — ლალი ინასარიძე
4. "ადამიანის სასქესო ორგანოების ანატომია (რომელსაც მასწავლებელთა 99% "ახტება"); ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სასქესო ჰორმონები, მათი ბალანსი და დისბალანსი; ადამიანის ორიენტაცია, მათი სახესხვაობა და ის, რომ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანთა სტიგმატიზაცია და ბულინგი არ უნდა ხდებოდეს; სექსუალური აქტის მნიშვნელობა, პროცესი და არასასურველი ორსულობისგან და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავდაცვა; მენსტრუალური ციკლი, მისი ბიოლოგიური დანიშნულება და ის, რომ ეს საკითხი ტაბუდადებულად არ უნდა აღიქმებოდეს საზოგადოებაში; სექსუალური შევიწროება, მისი დეტექცია და მისგან დაცვის მეთოდები" — გვანცა კობახიძე
5. "ყველაფერი ითქვა და მასტურბაციის თემას დავამატებდი. გოგოებსა და ბიჭებს რომ აუხსნან, რომ ეს ბუნებრივია და სასარგებლოც" — თიკა
6. "ადამიანის სასქესო ანატომიის, სქესობრივი რეპროდუქციული პრინციპებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაცნობა; ემოციური ასპექტების, რეპროდუქციული კანონების, პასუხისმგებლობებისა და კონტრაცეფციების ასპექტების განხილვა. ასევე, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სასქესო ორგანო, რომ ყველა ადამიანის ვაგინა თუ პენისი უნიკალურია და მითები, რომელსაც პორნო ინდუსტრია ნერგავს, ადამიანებს თვითშეფასებას უნგრევს და კომპლექსებს უჩენს.
მენსტრუაცია მისი არსით, გაგებით, პმს-ით, ტაბუებით და ა.შ. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათგან თავდაცვის აუცილებლობის მნიშვნელობა, პრევენცია, მკურნალობის მნიშვნელობა; ვაგინიზმი; იმპოტენცია; ერექციის და ორგაზმის პრობლემები. მაქსიმალურად ფრთხილად შერჩეული გაკვეთილები [უნდა იყოს], რომ მოზარდებში არ გახდეს დაცინვის საგანი.
სექსუალური შევიწროება, არა-ს თქმის მნიშვნელობა; არასასურველი სიტყვები, შეხება, ფოტოები, მათგან დაცვის მექანიზმები და ა.შ. ორსულობის დადგომა; როგორ დგება ორსულობა, რა ცვლილებებს გადის ადამიანი ორსულობის დროს, როგორ დავიცვათ თავი არასასურველი ორსულობისგან; სქესი, იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია ისტორიით, მნიშვნელობით, ბულინგისგან თავის დაცვით" — ნინი ჭელიშვილი
7. "მე ვფიქრობდი, რომ კაცებს, ისევე, როგორც ქალებს, გარდატეხის ასაკში რაღაც ემართებოდათ. თუ დავინახავდი, ბიჭს სახეზე გამონაყარი ჰქონდა, მეგონა, რომ მასაც მუცელი და წელი სტკიოდა ჩემსავით. ასევე, როგორც ქალებს, პირველი სექსის დროს (შესაძლოა) აპკი დაუზიანდეთ. ვთვლიდი, რომ ბიჭებსაც სისხლი მოსდიოდათ პირველი სექსის დროს" — რუსო გაბრიაძე
8. "ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნებოდა სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ისწავლებოდეს და მოსწავლეებმა განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიც არის: გადამდები დაავადებები, მათი პრევენცია, დაუგეგმავი ფეხმძიმობა და ასე შემდეგ. ასევე, ნამდვილად საჭიროა გენდერული როლების კომპონენტის შეტანა, კულტურის ჭრილში" — ნიკა ქიმერიძე
9. "პრეზერვატივის სწორად ჩაცმა, რომ არ გაიხეს შუა აქტის დროს, ისე. მაგასაც ცოდნა უნდა და ბევრ დებილ კაცს ჰგონია, რომ მისი ველური პენისი პრეზერვატივს ხევს, სინამდვილეში ჩაცმა არ იციან" — ბაია პატარაია
10. "წესიერად რომ აეხსნათ, რა არის მენსტრუაცია, ისე არ შემეშინდებოდა და არ ვინერვიულებდი" — ლილიან მეტრეველი
11. "ციკლი რომ დამეწყო, ისტერიკა მქონდა, მეგონა, სადმე გაჭრილი მქონდა და უნდა მტკენოდა. სისხლის დანახვაზე ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. ვერც შემდეგ თვეებში ვიგებდი, მეგონა, სისხლისგან ვიცლებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ჰიგიენური საფენები მასწავლეს, როგორ გამომეყენებინა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. სტრესი იყო ყოველი თვის დადგომა და მოძრავი გრაფიკი. ვაი მე, ახლაც ტანში მცრის, რომ ვიხსენებ იმ თვეებს.
ბიოლოგიურ მოვლენაზე არაა საუბარი და სასირცხვილოდ ითვლება, რომელ სექსზეა საუბარი? ეგ სიტყვა პირველად 16 წლისამ გავიგე ჩემზე უფროსი გოგოსგან. მანვე მითხრა, კაცის შარდს რომ დალევენ, ბავშვები ეგრე ჩნდებიანო.
კი, შეცვლილი იქნება 15 წლის შემდეგ ყველაფერი და ახლა თინეჯერებმა მეტი იციან, ვიდრე ჩვენ. მე ვიცოდი, მაგრამ მაინც ღირს საფუძვლიანი შესწავლა ჯერ თავიანთი ორგანიზმის და შემდეგ უკვე სხვებთან კავშირის.
ისე უნდა მიეწოდოთ, რომ სირცხვილი ბუნებრივობა და ასეთივე მოთხოვნები კი არაა, არამედ პირიქით: დაშეიმინგება, დამალვა და დაუცველი სექსი და არასასურველი, დაუკითხავი შეხება ან კომენტარია პრობლემა" — Jood Kordzakhia
12. "სექსუალური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები; ზასაობით რომ არ ფეხმძიმდები ეგეც, დიდხანს ეგრე მეგონა" — ჟანა ანანიძე
13. "მე "მოქალაქეობას" ვასწავლი ბავშვებს და ერთ-ერთი სავალდებულო სასწავლი თემა არის ჯანსაღი ცხოვრება და ამ თავში შედის სწორედ მსგავსი საკითხები. ცხადია, წიგნში არაფერი წერია ამის შესახებ, მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ა.შ. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გავიარო ეს საკითხები ბავშვებთან, რადგან მიმაჩნია, რომ მათ უნდა იცოდნენ მსგავსი თემების შესახებ სწორი და ჯანსაღი ინფორმაცია და მხოლოდ ინტერნეტიდან არ უნდა იგებდნენ, ისიც დამახინჯებული სახით. (ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე მასწავლებელია, ამ თემაზე მოდელირებული გაკვეთილი ჩაატარა და დამრიგებელმა უთხრა, ეს ფურცლები, რაზეც მსგავსი საკითხები იყო ჩამოწერილი, სახლში არ გაატანო მოსწავლეებს, მშობლები აღშფოთდებიანო). მსგავსი გაკვეთილების ჩატარება ჩემი პირდაპირი მოვალეობა არ არის, მაგრამ ჩემს საგანს, სავალდებულო სასწავლო თემებს რაც ეხება (ასევე, დამატებით მასალას ვიყენებ ხშირად), მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მივაწოდო მათ ინფორმაცია. თუ ბიოლოგიის მასწავლებელი ამ თავს გადაახტება, მე მაინც დაველაპარაკები ამ საკითხებზე" — მარიამ მაშა გვარამია
14. "რა რისკები აქვს სექსტინგს, როგორ უნდა მოიქცე თუ ვინმე გაშანტაჟებს და ა.შ." — მარიამ დარბაიძე
15. "ინფორმაციას დაწვრილებით საკუთარ სხეულზე, ჰიგიენაზე, იმაზე, რა განსხვავებაა ბიჭისა და გოგოს სხეულში და როგორ ვითარდებიან ისინი. იმაზე, თუ რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვავიწროვებენ, რა ზომებს უნდა მივმართოთ. როცა უკვე გარკვეულ ასაკს მიაღწევს მოზარდი, თავდაცვის საშუალებების განმარტება, როგორ მოვექცეთ პარტნიორს, რომ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიაროს.
ასევე, დავაკონკრეტებ, რომ ციკლის თემის განხილვა ბიჭებისთვისაც ისეთივე საჭიროა, როგორც გოგოებისთვის, რადგან ეს თემა, სამწუხაროდ, სასაცილოდ აღიქმება ნაკლები ინფორმაციის გამო. უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, რომ ეს ყველაფერი ბავშვს სპეციალურად ამ საგანში გადამზადებულმა პედაგოგმა უნდა აუხსნას, რომელსაც ყველაფერი გააზრებული ექნება და არა ბიოლოგიის მასწავლებელმა" — მარიამ ხიზანიშვილი
სქესობრივი განათლება ფართო ტერმინია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ემოციური ურთიერთობები და პასუხისმგებლობები, ადამიანის სექსუალური ანატომია, სექსუალური რეპროდუქცია, თანხმობის ასაკი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები, უსაფრთხო სექსი და სხვა.
სქესობრივი განათლება და სექსუალობისადმი ღია დამოკიდებულება ბავშვებს პედოფილიისგან იცავს. როცა ბავშვები იღებენ სქესობრივ განათლებას, ისინი უკეთ ახერხებენ მოძალადეების ამოცნობას.
ესტონეთსა და ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სქესობრივი განათლების ხანგრძლივმა ეროვნულმა პროგრამებმა მოზარდებში ორსულობა და აბორტები, ასევე, 15-24 წლის ახალგაზრდებში სქესობრივად გადამდები და აივ-ინფექციების სიხშირე შეამცირა.
კომენტარები