6G ტექნოლოგია შეიძლება ზებგერით ხომალდებთან საკომუნიკაციოდ გამოვიყენოთ
ჩინელმა მეცნიერებმა სადემონსტრაციო ექსპერიმენტით ცხადყვეს, რომ შემდეგი თაობის ტეტრაჰერცული გამოსხივება შეგვიძლია ზებგერით ხომალდებთან საკომუნიკაციოდ გამოვიყენოთ. მსგავსი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს ეფუძნება 6G ტექნოლოგიაც, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალება გვექნება, იგივე დანიშნულება ამ უკანასკნელსაც მივანიჭოთ.
გამოცემაში Journal of National University of Defence Technology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ეს სწრაფად მოძრავ აპარატებთან კავშირის შეფერხებას აგვაცილებს თავიდან. საქმე იმაშია, რომ ამგვარი რაკეტები და ხომალდები ატმოსფეროში გადაადგილებისას ბგერის სიჩქარეს აჭარბებენ, შედეგად კი მათი ზედაპირისა და ჰაერის "ხახუნი" გარშემო პლაზმის გარსს წარმოქმნის, რაც სიგნალების დაფიქსირებას აძნელებს. ამას "შავ ბარიერს" უწოდებენ.
ახალი კვლევის ფარგლებში, სპეციალისტებმა შექმნეს ლაზერული სისტემა, რომელიც ტეტრაჰერცული რადიაციის ნაკადს განუწყვეტლივ აგზავნის. მათ ის საფრენი აპარატის მოდელზე გამოცადეს და დაადგინეს, რომ მსგავს ტალღებს ზემოხსენებულ პლაზმაში შეღწევა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ 6G ტექნოლოგიის კომერციული ჩაშვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, თუმცა მოცდა ღირს, რადგან მას მრავალი უპირატესობა გააჩნია. ეს ვრცელდება ზებგერით მოწყობილობებში მის ჩაშენებაზეც.
ადრეული კვლევების თანახმად, ტეტრაჰერცულ სიგნალებს, განსაკუთრებით დაბალი სიხშირისას, პლაზმაში შეჭრისას დამახინჯება ემუქრება. ახლა კი მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ინოვაციური მიდგომა ამის გადალახვაში დაგვეხმარება.
კომენტარები