ახალი კოსმოსური ხომალდი ორბიტაზე პირდაპირ ასაფრენი ბილიკიდან გაემგზავრება
როცა კოსმოსურ მისიებს წარმოვიდგენთ, უმეტესწილად თვალწინ გასაშვები პლატფორმა და უზარმაზარი რაკეტა გვიდგება, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული სტარტაპი ამის შეცვლას აპირებს. ისინი ქმნიან ხომალდს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე პირდაპირ ასაფრენი ბილიკიდან გაემგზავრება.
ეს კომპანია გახლავთ Radian Aerospace, რომელმაც მსოფლიოში პირველი, მრავალჯერადი გამოყენების, ჰორიზონტალური აფრენისა და დაშვების ფუნქციის მქონე აპარატის ასაგებად 27.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
ხომალდი, რომელიც Radian One-ის სახელითაა ცნობილი, მხოლოდ 1-საფეხურიანი იქნება. გარდა ამისა, მის გაშვებას არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ შევძლებთ, რაც ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 2-საფეხურიან, სტანდარტულ რაკეტებს უკვე ძალიან დიდი ხანია, იყენებენ. ასეთი იყო, მაგალითად, NASA-ს "სფეის შატლი". ამ მხრივ სტარტაპის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგია საკმაოდ ინოვაციურია..
Radian One ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 5 ადამიანის გაყვანას უზრუნველყოფს და იქ 2 200 კილოგრამზე მეტი წონის მქონე ტვირთს აიტანს. ის ასაფრენ ბილიკზე განლაგებულ სპეციალურ "მარხილზე" განთავსდება, რომლის მოძრაობაც რაკეტის მეშვეობით აჩქარდება. ამის შემდეგ აპარატი განცალკევდება და დამოუკიდებლად დაიწყებს სვლას.
თუ კომპანიის გეგმები წარმატებით განხორციელდება, ეს კოსმოსური მისიების ახალ ერას დაედება საფუძვლად.
კომენტარები