ხელმისაწვდომი მოდა აზერბაიჯანში
2021 წლის 3 დეკემბერს აზერბაიჯანში Kekalove Adaptive-ის შოუ სხვა მოდის ჩვენებებს შორის ყველაზე მეტად გამოირჩეოდა. ის ბაქოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშირისო დღეს ჩატარდა და უნიკალური მისი მოდელების გამო იყო — მათგან ყველა მონაწილე შშმ პირი გახლდათ.
Kekalove Adaptive მაჰამად კეკალოვის შექმნილია — 2019 წელს მან ხელმისაწვდომი ბრენდის დაარსება გადაწყვიტა, ისეთი ტანსაცმლის ხაზით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებისთვის იქნებოდა გათვლილი.
ადაპტირებული მოდის პოპულარიზაცია 1980-იან წლების ბოლოს დაიწყო, როცა სხვადასხვა მარკეტინგული პროდუქტი თუ ტანსაცმლის დიზაინი სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესაბამისად იქმნებოდა. ეს ვარიანტები მოიცავდა მაისურებს ღია ზურგით და გვერდით გახსნილ კაბებსა თუ შარვლებს. თუმცა კეკალოვის ინიციატივა აზერბაიჯანში პირველი იყო.
კეკალოვი, რომელიც მხოლოდ 20 წლისაა, ამბობს, რომ მისი შთაგონება მხედველობადაქვეითებული ბებია გახდა — მას არაერთი ტრავმა გამოუცდია იმის გამო, რომ დამოუკიდებლად ჩაცმას ვერ ახერხებდა.
იმ სტრესზე დაკვირვებამ, რასაც ბებია სხვისთვის დახმარების თხოვნის დროს განიცდიდა, კეკალოვი დაარწმუნა, რომ სამოსი, რომელსაც შშმ პირები მარტივად ჩაიცვამდნენ, ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო.
მას შემდეგ, რაც ის გამოწვევები ნახა, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, უშუალოდ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, კეკალოვმა მალევე გააცნობიერა, რომ ადამიანებს იშვიათად ესმით შშმ პირთა გამოწვევები — თუნდაც ისეთი ყოველდღიური აქტივობა, როგორიც შარვლის ჩაცმაა.
"ეს პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ადამიანებისთვის მარტივია და მას იმდენად ეჩვევნიან, რომ ზოგჯერ ვერც კი აანალიზებენ რამდენად ხშირად აკეთებენ ამას.
მაგრამ ეს დიდი გამოწვევაა ეტლით მოსარგებლეთათვის, რადგან ბევრი შშმ პირი ვერ ახერხებს შარვლის ჩასაცმელად წამოდგომას, ფეხების აწევას ან მის შეკვრას. სამწუხაროდ, ბრენდებს, მწარმოებლებს, დიზაინერებს და ზოგადად, ადამიანებს, ეს არ ესმით", — თქვა მან.
საკერავი მანქანიდან სცენამდე
მოდის ჩვენებამდე რამდენიმე კვირებით ადრე, Kekalove Adaptive-ში საკერავი მანქანები გაუჩერებლად მუშაობდნენ, ამზადებდნენ და აკეთებდნენ ტანსაცმელებს იმ ინფორმაციის შესაბამისად, რაც კეკალოვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა მიაწოდეს.
ადაპტირებული სამოსის შექმნა რთულია, რადგან მკერავები მოდის ინდუსტრიის მოლოდინების შესაბამისად, ყველა ადამიანისთვის არ ამზადებენ სამოსს, არამედ მათთვის, ვისაც განსხვავებული შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ.
ეს შოუ რამდენიმე მოდელისთვის დებიუტი იყო — ისინი სიამოვნებით იღებდნენ მონაწილეობას მცდელობაში, რომელიც სამოდელო სფეროში შშმ პირთა ჩართვის ნორმალიზებას ემსახურებოდა, განსაკუთრებით, მათ რეგიონში.
37 წლის პარაოლიმპიელი და სტუდენტი, ფატიმა ეკბერლი Kekalove Adaptive შოუს ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი იყო — მას მონაწილეობა მიუღია ფარიკაობაში, პარაშუტით ხტომასა და ცურვაში. ორ მარათონში პირველი ადგილიც აუღია. ფატიმა კეკალოვის მოდელი მანამდეც ყოფილა და მას ხშირად დახმარებია ბრენდის შემადგენლობის წარმოსახვაში.
"შეზღუდული შესაძლებლობები სხვადასხვანაირია. ზოგიერთს შეუძლია მაისურების ჩაცმა, ზოგიერთს — არა. აქ ყველა საკუთარ ტანსაცმელს ქმნის", — თქვა ფატიმამ.
პარაოლიმპიელი მიესალმება, რომ Kekalove Adaptive მოდის ინდუსტრიის მიერ დაწესებულ სილამაზის ტრადიციულ სტანდარტებს არ მიჰყვება.
"მე მინახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოდელები სხვა ქვეყნებში, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ასეთი პროექტი აზერბაიჯანშიც იარსებებდა. ჩემს ქვეყანაში ეს პირველად ჩატარდა და მონაწილეობა მეც მივიღე. ეს არც ისე რთული იყო — კასტინგის დროს იდეალური წონა და სიმაღლე მოთხოვნა არ ყოფილა. სწორედ ამიტომ ყველაფერი ძალიან კომფორტულია", — თქვა მან.
43 წლის აინურა ჯაფაროვა, რომელიც მოდელობამდე ბრენდის მომხმარებელი იყო, 18 წლიდან ეტლით მოსარგებლეა. მისი თქმით, შოუში მონაწილეობის შესაძლებლობა ძალიან სასიამოვნო და საამაყოა.
"დაუფიქრებლად დავთანხმდი. ეს არაჩვეულებრივი განცდაა, გრძნობ სიხარულს, აღელვებას და შიშსაც. ეს მიყვარს, რადგან ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, მოდელი ვარ. უკვე მეორედ ვარ მოდელი. პირველად, 2019 წელს ჩემი ოჯახისთვის არ მითქვამს, რადგან არ მსურდა სცენაზე ვენახე. ამჯერად, როცა სახლში დავბრუნდით, ძალიან ბედნიერები იყვნენ. ჩემი ოჯახი ჩემით ამაყობს", — თქვა მან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები