ზოგ სახეობას სხულის დაკარგული ნაწილების აღდგენა შეუძლია — მაგალითად, სალამანდრებს, ზღვის ვარსკვლავებს, კიბორჩხალებსა თუ ხვლიკებს. ცხოველთა უმეტესობა და ადამიანები ამ სუპერძალას მოკლებულები ვართ. მეცნიერები კი დიდი ხანია ცდილობენ, რეგენერაციის უნარის უკან მდგარი მექანიზმები შეისწავლონ, რათა შემდგომში მათი გამოყენება ამ საჭიროების მქონე ადამიანებში შეძლონ. დღეისათვის, დედამიწაზე მილიონობით ადამიანია, რომელიც კიდურამპუტირებულია ან რომლისთვისაც სპეციფიკური დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგენერაციული მედიცინის განვითარება.

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მკვლევრებმა შეგვატყობინეს, რომ მათ აფრიკული დეზებიანი ბაყაყის, ქსენოპუსის (Xenopus laevis) ამპუტირებული კიდურის ხელახლა გაზრდის გამოწვევა შეძლეს. მათი შეფასებით, ეს "რეგენერაციულ მედიცინასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს".

Harvard University's Wyss Institute-ისა და Tufts University-ის მეცნიერებმა აღნიშნულის მისაღწევად ხუთი მედიკამენტის ნაზავი გამოიყენეს. ეს კოქტეილი მხოლოდ 24 საათის განმავლობაში გამოიყენეს, საბოლოო შედეგი კი 18 თვის შემდეგ დადგა — კიდური თითქმის სრულიად ფუნქციური იყო. ახალი კიდური ბაყაყს ცურვაში ეხმარებოდა და ამასთან, შეხებასაც გრძნობდა. კიდურს რამდენიმე თითიც გამოეზარდა, მაგრამ არ გაზრდილა ბაყაყის კიდურებისთვის დამახასიათებელი აპკები თითების დანაყოფებს შორის.

შეაბამისი კვლევა რამდენიმე დღის წინ, ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა. როგორც Northeastern University-ის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ჯეიმს მონაჰანი ამბობს, კვლევის შედეგები "შთამბეჭდავი" და "ამაღელვებელია".

"ქსენოპუსი [რეგენერაციის თვალსაზრისით] სალამანდრებსა და ძუძუმწოვარ ცხოველებს შორის დგას. სალამანდრები ახლიდან იზრდიან სრულფასოვანთან მიახლოებულ კიდურს, ხოლო ძუძუმწოვრებს ამპუტაციის შემდეგ ნაწიბურიღა რჩებათ. ქსენოპუსი ბაყაყები ამპუტაციის შემდეგ ერთგვარი გამონაშვერის რეგენერაციას ახერხებენ, თუმცა მას კიდურის არაფერი აქვს. ეს კვლევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვიჩვენებს, რომ ქსენოპუსში თუნდაც არასრულფასოვანი კიდურის რეგენერაციის გამოწვევა შეიძლება, მაშინ, როცა როგორც წესი, ეს სახეობა მხოლოდ გამონაშვერის აღდგენას ახერხებს", — ამბობს ჯეიმს მონაჰანი.

წამლების მხოლოდ ხანმოკლე (24 საათიანმა) გამოყენებამ თვეების განმავლობაში რეგენერაციის პროცესზე იმოქმედა. ეს კი, როგორც მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, შესაძლოა ბაყაყებისა და სხვა სახეობების მიძინებულ რეგენერაციულ უნარებზე მიანიშნებდეს, რომელთა აქტივაციაც გარეგანი ჩარევით შეიძლება.

"ამ მეთოდის ადამიანებზე დაუყოვნებელი გამოყენება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ქსენოპუსებისგან განსხვავებით, ადამიანებში რეგენერაციული გამონაშვერი არ გვხვდება. ამ ეტაპზე, ეს კვლევა ამაღელვებელია, რადგან აჩვენებს, რომ ენდოგენური რეგენერაციული პროცესები შეიძლება გაძლიერდეს მედიკამენტთა კოქტეილის მოკლეხნიანი გამოყენების შედეგად", — ამბობს მონაჰანი.

ფოტო: Science Advances

კვლევის ავტორი, მაიკ ლევინი კი აღნიშნავს, რომ გუნდის მიერ გამოყენებული სტრატეგია ბაყაყის სხეულში მიძინებული მექანიზმების გააქტიურებას ისახავდა მიზნად და არ ყოფილა კიდურის ზრდის მართვის მცდელობა. ლევინი ვანევარ ბუშის ბიოლოგიის პროფესორია და ამავდროულად, ალენის აღმოჩენათა ცენტრის დირექტორი ტაფტსში.

"ვფიქრობ, რეგენერაციული მედიცინის განვითარების გზა სხეულის უჯრედების კოლექტიური ინტელექტის გამოყენებაზე გადის. მათ უკვე იციან, როგორ ააშენონ ყველა ის ორგანო, რომელიც გვაქვს. მათ ეს უკვე გააკეთეს ემბრიონული განვითარებისას და მთელი ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ აქვთ. ჩემი მიზანია, მათი ხელახლა გამააქტიურებელი ფაქტორების, ძალიან მარტივი სახის სტიმულის იდენტიფიცირება, რომელიც გამოაცოცხლებს ამ უჯრედებს და დაარწმუნებს მათ, ააშენონ ის, რაც ადამიანისთვისა საჭირო", — თქვა ლევინმა.

ამჯერად, კვლევის ფარგლებში გამოყენებული მედიკამენტები მოიცავდა მოლეკულებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კიდურების განვითარებისთვის ან რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ლევინის თქმით, ეს იყო პირველი კოქტეილი, რომელიც მათ გამოცადეს და შესაძლებელია, განსხვავებულ კომბინაციას უმჯობესი ეფექტი ჰქონოდა.

"მას [გაზრდილ კიდურს] აქვს ნორმალური კიდურის გარშემოწერილობა და თვისებები, როგორიცაა წანაზარდები, რომლებიც თითებად იქცევა. ჯერ არ გვაქვს სწორი სტრუქტურა ან საკმარისად გრძელი თითები, რომლებსაც აპკები ექნება. ამ შედეგამდე ჯერ არ მივსულვართ და ეს შედეგი შესაძლოა გვქონოდა, უფრო დიდხნიანი მკურნალობისთვის რომ მიგვემართა", — ამბობს ლევინი.

შემდეგ კვლევაში ძუძუმწოვრები ჩაერთვებიან — რეგენერაციული მედიცინა VS პროთეზები

მკვლევართა გუნდმა აღნიშნული ტექნიკა 100 ქსენოპუს ბაყაყზე გამოიყენა, თუმცა, შედეგი ყველა შემთხვევაში შესანიშნავი არ ყოფილა. ლევინის თქმით, ამ სახეობის ბაყაყები იმდენად იდენტურები არ არიან, რამდენადაც ლაბორატორიული თაგვები. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ზოგი შეუსაბამობის ასახსნელად. კვლევის შემდეგი ეტაპი ტექნიკის ძუძუმწოვრებზე გამოცდაა, კონკრეტულად კი თაგვებზე.

ლევინი და მისი გუნდი არაერთი გახმაურებული და მნიშვნელოვანი კვლევის ავტორია. სწორედ მათ შექმნეს ე.წ. ცოცხალი რობოტები — ქსენობოტები, რომლებსაც ორგანიზებული გადაადგილება და უკვე თვითგამრავლებაც შეუძლიათ. ამ ორი პროექტის გადაკვეთის წერტილი იმ სიგნალების გაგების მცდელობაა, რომლებიც უჯრედებს კომპლექსურ ქსოვილებად ორგანიზებისთვის სჭირდებათ. ისეთ კომპლექსურ ქსოვილებად, რომელთაც დიდი სტრუქტურების, მაგალითად კიდურის, ან თუნდაც მთელი ორგანიზმის შენება შეუძლიათ.

ეშლი სეიფერტი, კენტუკის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, რომელიც ცხოველებში რეგენერაციას სწავლობს, თუმცა ამ კვლევაში არ მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, კიდურებამპუტირებული ადამიანებისათვის პროთეზირების წინსვლა უფრო დამაიმედებელია, ვიდრე რეგენერაციული მედიცინა.

"შევძლებთ თუ არა ერთ დღეს ადამიანის თითის, ან თუნდაც კიდურის რეგენერაციას? ალბათ, მაგრამ შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენი ხანი მოგვიწევს ლოდინი ამისთვის. ამ მიმართულებით ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება მაშინ, როცა რეგენერაციულ ბიოლოგიას ექნება სრულად რეგენერაციული მოდელები, განსაკუთრებით ძუძუმწოვრების გარკვეულ სახეობებში. ეს ახალი და სხვა კვლევები დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ და რატომ ვერ ხერხდება რეგენერაცია ზოგიერთ კონტექსტში და წარმატებულად მიმდინარეობს სხვა შემთხვევაში", — ამბობს ეშლი სეიფერტი.

ასეა თუ ისე, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და რეგენერაციული მედიცინის კიდურამპუტირებულ ადამიანებში გამოყენებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. თუმცა, ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება და ისინი, ნელ-ნელა, სულ უფრო ხელშესახებ შედეგებამდე მიგვიყვანს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.