პროპაგანდის ახალი ეკოსისტემა — TikTok
მოსალოდნელი იყო, რომ ტროლები, მათი მართული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ყველა პლატფორმაზე შეაღწევდა, თუმცა TikTok-ის მომხმარებლებისთვის სიახლეა ის ფაქტი, რომ სამიზნე თავად აღმოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა არაავთენტურ-კოორდინირებულ ქსელებთან ბრძოლა დაიწყო და ფაქტების გადამოწმების პორტალი აამუშავა, ამ სოციალურ ქსელში ქართველი ტროლებისთვის არაკეთიმეგობრული გარემო შეიქმნა — შემცირდა მათი გვერდების, ცრუმედიებისა და დეზინფორმაციული ჯგუფების რაოდენობა. ნაწილობრივ ამის გამო, მათ მიგრაცია დაიწყესდა TikTok-ს მიაშურეს. მიზეზებს შორისაა ისიც, რომ ამ პლატფორმაზე შესაძლებელია აუდიტორიის სწრაფი ზრდა და გხვდება მომხმარებელთა და ასაკობრივი ჯგუფების მრავალფეროვნება.
თუმცა, TikTok-ის პროპაგანდისტებში არამხოლოდ ისინი აღმოჩდნენ, ვინც ფეისბუქიდან გააძევეს, არამედ ისინიც, ვინც ჯერ კიდევ ებღაუჭებიან სოციალური ქსელის გიგანტზე ათასგზის გაუქმებული გვერდების და ჯგუფების აღდგენის იმედს, ამიტომ ორივეგან ოპერირებენ. მათ შორისაა, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების, Alt-info-ს გვერდები.
სამართლიანმა არჩევნებმა TikTok-ზე მათი მოქმედების ტაქტიკა შეისწავლა და გააანალიზა რა გზებს იყენებენ ისინი დეზინფორმაციული კამპანიისას და რამდენად ბევრ ადამიანს ახვევენ თავს პროპაგანდისტულ ნარატივებს.
ვინ "იბრძვის" ორ ფრონტზე
ორგანიზაციამ 2021 წლის 2 აგვისტოდან 6 ნოემბრის პერიოდში TikTok-ის 63 არხი შეისწავლა, რომელთა შორის, ყველაზე დიდი ინტერაქციით სწორედ პროპაგანდისტული გზავნილების მქონეები სარგებლობდნენ, მათი დიდი ნაწილი კი ალტ-ინფოს მასალებს ავრცელებდა.
ISFED-ის ანგარიშით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გვერდი, ისევე, როგორც ყველაზე მეტი ვიდეო, ოპოზიციის დისკრედიტაციაზე იყო მიმართული. შედეგები ასე გადანაწილდა:
- ოპოზიციის მადისკრედიტირებელი იყო 14 გვერდი, 471 ვიდეო;
- ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი — 9 გვერდი, 393 ვიდეო;
- ქართული ოცნების მხარდამჭერი — 4 გვერდი, 205 ვიდეო;
- ოპოზიციის მხარდამჭერი — 4 გვერდი, 533 ვიდეო;
- ცრუ მედიის არხები — 3 გვერდი, 270 ვიდეო;
- პროპაგანდისტული ნარატივის გამავრცელებელი არხები — 21 გვერდი, 1 728 ვიდეო.
ანგარიშმა გამოავლინა, რომ TikTok-სა და Facebook-ზე, ორ ფრონტზე ერთობლივად "მებრძოლი" გვერდებია, ფაქტჩეკერებისთვის უკვე კარგად ნაცნობი: მიხეილ უკრაინოლოგი, მიხეილ დაღმაშენებელი, ჟუურნალისტები, ალტ-ინფო, კონსერვატორი, ლიდერი 41, პოლიტიკური სარკაზმი, ტერენტი გლდანელი. ეს გვერდები უკვე წლებია ეწევიან ოპოზიციისა და კრიტიკული მედიების დიკსრედიტაციას.
აქტუალურია ცრუ მედია გვერდების პრობლემაც. კერძოდ, ზოგიერთი არხი ცდილობს ლოგოთი, შეფუთვით და შესაფერისი სახელით თავი მედიასაშუალებად წარადგინოს და მეტწილად გადაუმოწმებელი, შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციური კონტენტი შესთავაზოს მნახველს. ისინი იყენებენ ჰეშთეგებს, რომლებიც მედიასთანაა კავშირში, მათ შორისაა — #ჟურნალისტი, #მიხეილსააკაშვილი, #ნიკაგვარამია, #მთავარიარხი.
პროპაგანდისტული გზავნილები და ინფოდემია
სამართლიანმა არჩევნებმა შეისწავლა ის არხებიც, რომლებიც საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური ღირებულებებით მანიპულირებას ცდილობდნენ — მათი გზავნილები მკვეთრად ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა. დისკრედიტაციის მთავარ სამიზნეები ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობა და კრიტიკული მედია იყო. აქტიური იყო ასევე კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანიაც.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ პროპაგანდისტულმა არხებმა, 2 აგვისტოდან 6 ნოემბრის პერიოდში 1 725 ვიდეო გამოაქვეყნეს და ჯამში 19 062 645 ნახვა დააგროვეს.
ალტ-ინფოს ქსელი TikTok-ზე
Facebook-ზე რამდენიმე გვერდის გაუქმების შემდეგ, ალტ-ინფომ ტელეგრამსა და TikTok-ზე გადაინაცვლა. TikTok-ზე 2 აგვისტოდან 6 ნოემბრის პერიოდში, ჰეშთეგებით #ალტინფო და #altinfo, ჯამში, 416 ვიდეო გამოქვეყნდა, რამაც 4 მილიონზე მეტი ნახვა და 102 444 ინტერაქცია (ლაიქი, კომენტარი) დააგროვა.
ამ ქსელში პროპაგანდისტული გზავნილების გამავრცელებელ არხებზე ხშირად გამოყენებულ ჰეშთეგებს შორის მოხვდა #ლევანვასაძე. ჰეშთეგს 5 კონტრიბუტორი ჰყავს, საიდანაც ერთი, @varlamialavidze მის დისკრედიტაციას ეწეოდა. ტიკტოკზე აქტიურობდა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის არხიც. გამოქვეყნებულ 23 ვიდეოში ის მიხეილ სააკაშვილს აშარჟებდა, მედიისადმი სიძულვილს აღვივებდა და ჰომოფობიურ ნარატივებს ავრცელებდა.
ყველაზე ხშირად გამოყენებული ჰეშთეგები ცხადყოფს, რომ ისინი ფოკუსირდნენ ანტილიბერალურ, ანტივაქსერულ და ენმ-ის მადისკრედიტირებელ საკითხებზე.
პანდემია და ვაქცინაცია პროპაგანდისტულ არხებზე
ვინაიდან პროპაგანდისტული თავდასხმის სამიზნე გახდა, TikTok-ზე გავრცელდა ინფოდემიაც და კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ გადაუმოწმებელი, ყალბი ამბები ვრცელდება.
კვლევამ გამოავლინა, რომ პროპაგანდისტულმა არხებმა 64-ჯერ გამოიყენეს ჰეშთეგი #არაკოვიდფაშიზმს. ამ ჰეშთეგთან ერთად იყენებდნენ #ალტინფო/#altinfo (35), #არავაქცინას (11), #არასავალდებულოვაქცინაციას/კოვიდპასპორტებს (4). ამ საკვანძო სიტყვის ყველაზე ხშირად იყენებდა @georgianpage, ინტერაქციის მხრივ კი @altinfo1 ლიდერობდა.
არხი georgianpage0, 13 ათასზე მეტი გამომწერით, ანტილიბერალურ და რელიგიური ნაციონალიზმით დამახასიათებელ გზავნილებს ავრცელებდა, რომლის დიდი ნაწილი ალტ-ინფოს გადაცემების მონაკვეთები იყო. არხი პროაქტიულად ეწეოდა ნაციონალური მოძრაობისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას. georgianpage0-ზე გამოყენებულ ჰეშთეგებს შორის იყო #ნაციაადამიანი? (22), #მიშაციხეში (2), #ჟურნალისტები (3).
ჰეშთეგის #არაკოვიდფაშიზმს ირგვლივ გამოქვეყნებული 10 ყველაზე ინტერაქციულ ვიდეოს შორის, მე-8 ადგილზეა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ არასდროს დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.
კვლევის მიხედვით, TikTok-ზე ასეთი 3 არხი მოქმედებდა, რომლებმაც ჯამში 270 ვიდეო გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არხების და ვიდეოების რაოდენობის სიმცირისა, აღნიშნულმა სამმა არხმა უფრო მეტი ნახვა (20 995 634) და ინტერაქცია (642 715) დააგროვა, ვიდრე მადისკრედიტირებელმა, მხარდამჭერმა ან პროპაგანდისტულმა არხებმა.
დისკრედიტაციული კამპანიები
ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, TikTok-ზე 24 ანონიმურად მადისკრედიტირებელი არხი აქტიურობდა, საიდანაც 14 ოპოზიციის, ხოლო 8 მმართველი ძალის წინააღმდეგ მოქმედებდა.
ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი არხები
ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედმა არხებმა ჯამში 471 ვიდეო გამოაქვეყნეს და 11 739 159 ნახვა დააგროვეს, ინტერაქციის მაჩვენებელი კი 220 989 იყო.
არხებმა ჰეშთეგი #მიხეილსააკაშვილი 191-ჯერ გამოიყენეს, #ნიკაგვარამია 50-ჯერ, #სისხლიანი 45-ჯერ, #ნიკამელია 40-ჯერ, #გახარია კი 22-ჯერ. მონაცემები აჩვენებს, რომ ეს არხები ძირითად ყურადღებას "სისხლიან ცხრა წელსა" და მიხეილ სააკაშვილის ფიგურაზე ამახვილებდნენ. ასევე, ოპოზიციაში წასულ ყოფილ პრემიერმინისტრზეც ავრცელებდნენ მადისკრედიტირებელ ვიდეოებს.
ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედი არხები
ოპოზიციისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები იყო მმართველი გუნდის დამაზიანებელი კამპანია. ორგანიზაციამ შესწავლილი არხებიდან 150 ვიდეო გამოყო, რომელთა ნახვების საერთო რაოდენობამ 8 978 696 შეადგინა. ვიდეოებს ჯამში 220 989 მოწონება და კომენტარი ჰქონდა.
ჰეშთეგებათ გამოყენებული იყო ნეგატიური ტერმინები, როგორებიცაა "ქოცური", "საქოცეთი", "ანტუნი", "სექტა", "ჭაობი". როგორც ISFED-ის ანგარიშში ვკითხულობთ, მადისკრედიტირებელ არხებმა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შეცვალეს ტაქტიკა და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ვიდეოების გავრცელებაც წამოიწყეს. ამ მიზეზით, აღნიშნულ არხებზე, #მიხეილსააკაშვილი პირველი, #ნაციონალურიმოძრაობა კი მე-6 ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჰეშთეგი იყო. მხარდამჭერ ჰეშთეგებს შორის, ასევე, ფიგურირებდა #თავისუფლებამიშას.
მხარდამჭერთა გუნდი
თუმცა ტროლები ენერგიას მხოლოდ დისკრედიტაციაში არ ხარჯავდნენ. კვლევის მიხედვით, მხოლოდ 17 არხს პარტიების მხარდამჭერი კამპანია ჰქონდა, აქედან ოპოზიციის — 13, ქართული ოცნების კი 4 არხი იყო. ჩართულობის მხრივ ოპოზიციის მხარდამჭერი არხების მაჩვენებელი 88 962-ით აღემატება მმართველი პარტიის მხარდამჭერი არხებისას.
ოპოზიციის მხარდამჭერი არხები
ISFED-ს კვლევამ აჩვენა, რომ @potidges ოპოზიციონერი გიგი უგულავას მხარდამჭერ კამპანიას ახორციელებდა და ამავდროულად, ქართული ოცნების ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ხოლო @martalisityva ანა დოლიძის მხარდაჭერას ანონიმურად ცდილობდა.
ოპოზიციის მხარდამჭერი არხების შემთხვევაში საინტერესი ისაა, რომ TikTok-ზე გახარიაზე ვიდეოები მეტმა ადამიანმა ნახა და ჩართულობაც მეტი იყო, ვიდრე ნიკა მელიაზე. ზოგადად TikTok-ზე 65-ჯერ გამოიყენეს ჰეშთეგი #გახარია.
ქართული ოცნების მხარდამჭერი არხები
ქართული ოცნების მხარდამჭერ არხებზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს თითქმის ნახევარ მილიონიანი ჩართულობა ჰქონდა.
ანგარიშის მიხედვით, მმართველი გუნდის მხარდამჭერი არხის @georgiantv11-ის კამპანია, მეტწილად, პოლიტიკური საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის და ვაჟა სირაძის მხარდაჭერისკენ იყო.
არხმა ჰეშთეგი #შსს 74-ჯერ, #საპატრულოპოლიცია 30-ჯერ, #ვაჟასირაძე კი 25-ჯერ გამოიყენა. დროდადრო, არხი მადისკრედიტირებელ, სარკასტულ ვიდეოებსაც აქვეყნებდა, რომელთა ძირითადი სამიზნე ნაციონალური მოძრაობა იყო. მათგან, ვაჟა სირაძის და თინა ბოკუჩავას დაპირისპირების ერთ-ერთმა ვიდეომ მილიონამდე ნახვა დააგროვა.
ვინაიდან TikTok დეზინფორმაციის და პროპაგანდის სამიზნეა, ამ აპლიკაციით სარგებლობისას მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოგვეთხოვება. ISFED-ის განცხადებით, პლატფორმაზე განთავსებული მასალის სიჭარბის და კომპლექსურობის გამო, საჭიროა მკვლევართა და მონიტორთა უზრუნველყოფა ახალი, პლატფორმაზე მორგებული პროგრამული ინსტრუმენტებით.
"მსგავსად ფეისბუქისა, TikTok-ზეც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება გაზომვა, თუ როგორ იცვლება ამომრჩევლის ქცევა დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და ზოგადად, მიზანმიმართული საინფორმაციო მანიპულაციების შედეგად", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ISFED ასევე აღნიშნავს, რომ TikTok საზოგადოებრივი აზრის რეალურ დროში დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. მათივე განმარტებით, ეს ერთი მხრივ, ახალი შესაძლებლობაა მავნე აქტორებისთვის, შეისწავლონ საზოგადოებრივი განწყობები და მათ მუდმივად განახლებადი პროპაგანდისტული გზავნილები და მეთოდები დაუპირისპირონ. მეორე მხრივ, აუდიტორიის განწყობების დაკვირვება შესაძლებლობაა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურებისთვისაც, რომ მიმდინარე დეზინფორმაციულ ნარატივებს მოარგონ კომუნიკაციის სტრატეგია, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიც ვაქცინაციის კამპანია.