"ვერ დავანახეთ ამ ხალხს, რომ მართლა სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით"
თბილისის ზღვასთან ახლოს, უცნობ გმირთა #148-ში დევნილების დასახლებაა. ყოფილ სანატორიუმ ქართლში მაცხოვრებლები უკვე წლებია პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 16 იანვარს 52 წლის ზურაბ ქირიას გარდაცვალება ადგილობრივებისთვის პროტესტის გაძლიერების საფუძველი გახდა. ის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოხტა, ჯანდაცვის მინისტრმა მომხდარი მეორე დღესვე შერაცხა "უბედურ შემთხვევად".
"ა, დევნილები რომ ცხოვრობენ?" — ასე მიგვასწავლეს სანატორიუმ ქართლის ტერიტორია. მალევე ამაღლებულ ადგილას საბჭოთა დროს ნაშენებ, კვამლისგან აქა-იქ გაშავებულ შენობას მივადექით.
ეზოში მოხვედრისას, პირველი, რაც თვალში გვხვდება, კორპუსის გარშემო რამდენიმე ადგილას დახვავებული შეშა და ნაგვით სავსე დაზიანებული ურნებია, რომელთა ნაწილი წაქცეულია. ავტოფარეხზე შეხვდებით წარწერას "ზღველები", რაც როგორც მათ წარსულს, ასევე, დღევანდელ ყოფას ასახავს, რადგან კორპუსი თბილისის ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობს.
7-სართულიანი შენობის ფანჯრიდანაც ზღვის ხედი იშლება, კედლებზე კი წარწერებს, მათ შორის, "მე მიყვარს სოხუმს" ნახავთ. ყოველ მომდევნო სართულზე შავი, ვიწრო, დახვეული კიბით ადიხარ, თუმცა სადარბაზო იმდენად ბნელია, რომ ტელეფონის განათების გამოყენებაა საჭირო. ყველა დერეფანი ერთმანეთს ჰგავს. ბინები, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ოთახები დიდ დერეფნებში ერთმანეთთან ძალიან ახლოსა განლაგებული. მათ უმეტესად ხის კარები აქვს, სადარბაზოში კი ყველა იქიდან გამოსული ხმა ისმის. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ერთი ოჯახია, რომელთა წევრები უბრალოდ სხვადასხვა კარის მიღმა ცხოვრობენ.
ფოტო: თათია შურღაია/On.ge
ფოტო: თათია შურღაია/On.ge
ბინების ფართების სიმცირეა ალბათ იმის მიზეზიც, რომ ყველა სახლის წინ ნივთები აწყვია — ბავშვების სათამაშოები, ფეხსაცმელები, ავეჯი. სადარბაზოშივე ნახავთ გაფენილ სარეცხს, ქოთნის ყვავილებს. გარდა სიცივისა და სიბნელისა, ყველა სართულზე იატაკი დაზიანებულია, ფილები აყრილი, ფანჯრები გატეხილი და პოლიეთილენის პარკებით ამოვსებული, კედლები კი ბზარებითაა სავსე.
ერთ-ერთი მოსახლე, ლეილა კარტოზია გვიყვება, რომ სანატორიუმში 1993 წლიდან ცხოვრობენ. "აქ იყო ზღაპარი", — ასე გვიხასიათებს ის შენობის თავდაპირველ მდგომარეობას. იხსენებს, რომ 1998 წელს კორპუსის ავარიულობის შესახებ დასკვნა დაიდო, რის შემდეგაც ყველა შესაძლო მეთოდით, შესაბამისი პირებისა და უწყებებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ.
"წერილობით ყველას მივმართეთ, აბსოლუტურად, სადაც მიგვეწვდომებოდა, ვისაც ეხებოდა, მაგრამ ეს ჩვენი მოთხოვნები წრეზე დადიოდა. დღეს, ხვალ, ზეგ...
უკვე გაუსაძლისი რომ გახდა აქ ცხოვრება, საშიშროებამ უფრო რომ იფეთქა, მერე დავიწყეთ ეს აქციები. აქციები უფრო იმიტომ გამწვავდა, რომ არანაირი რეაგირება არ იყო. ისევ დღეს, ხვალ, ზეგ... ერთი წელი მოიცადეთ, ორი წელი მოიცადეთ და ისევ გრძელდება ეს მოტყუება და მოტყუება", — ამბობს ის.
ვერაფერი დავანახეთ ამ ხალხს ისეთი, რომ მართლა სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით. იმის შთაბეჭდილებაც გვრჩება, რომ იქ [აფხაზეთში] რომ ვყოფლიყავით, ამდენი დამცირება, ამდენი სიკვდილი არ გვექნებოდა
მისივე თქმით, 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი სიმართლე, რომელსაც ჩაებღაუჭებოდნენ. ამბობს, რომ ბევრი დაპირება იყო, თუმცა ისინი არ სრულდებოდა, რადგან თანამდებობის პირები, ვისაც მათი პრობლემის მოგვარება შეეძლო, ან გადააყენეს, ან თავად გადადგნენ.
ფოტო: თათია შურღაია/On.ge
ფოტო: თათია შურღაია/On.ge
"რამდენი სტენტირებული ცხოვრობს აქ, რამდენი შუნტირებული, შაქრით დაავადებული, ეს ყველაფერი ხომ ამ გაუსაძლისმა მდგომარეობამ მოიტანა. ეს წასულები ყველა მათ სინდისზეა, მაგრამ მათი სინდისი გაყინულია", — ამბობს ლეილა.
ჩვენ ხომ ხალხი ვართ, კი ბატონო, მეორეხარისხოვნებს გვეძახიან, ლტოლვილებს გვეძახიან, მაგრამ ცოცხალი არსებები ვართ.
ტრაგედია
მეშვიდე სართულზე, ლიფტის შესასვლელთან, პატარა ხის მაგიდაზე ერთი წითელი სამგლოვიარო გვირგვინი დევს. მხოლოდ ამით მიხვდები, რომ იმავე სართულზე მიცვალებულს გლოვობენ. ეს შენობის ის მოსახლეა, ვინც 16 იანვარს საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოხტა. სართულზე სიჩუმეა. დერეფანში, სახლის კარებთან კაცები დგანან, შიგნით კი რამდენიმე კვადრატულ ოთახში მიცვალებული ასვენია. სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, ამ ოთახის გარდა, მხოლოდ ერთი მთლიანად დანგრეული ოთახია.
"წუხელ იძულებით ამობრძანდნენ" — გვითხრეს ადგილობრივებმა, როდესაც დავინტერესდით, მივიდა თუ არა მათთან მისასამძიმრებლად რომელიმე თანამდებობის პირი. ამბობენ, რომ შენობა ისე დატოვეს, რომ იქ მცხოვრებლებთან არ უსაუბრიათ, რადგან "სათქმელი არაფერი ჰქონდათ".
"როცა შემოხვალ, "კრუგს" დაარტყამ, კორპუსს 4 გასასვლელი რომ აქვს, მთავრობა რომ გქვია და გასავლელიდან იპარები, ამას ამოსვლა არ ჰქვია. ამას ჰქვია, კურდღელი ამოვიდა — გაიქცნენ. მერე ჩვენ დარბაზში ვიყავით, იქ ველოდებოდით, არ შევაწუხებთო... სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ასეთი არასმომცემი მოსვლით, როგორც მოვიდნენ, ისევე წავიდნენ", — გვითხრა ლეილამ.
ფოტო: თათია შურღაია/On.ge
ბრძოლის გზა
დევნილები გვეუბნებიან, რომ ბრძოლის გაგრძელებას აქციებით აპირებენ. ამბობენ, რომ მომხდარმა ტრაგედიამ პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა, თავად ისინი კი გააძლიერა, თუმცა დიდ იმედებს არც ქუჩის აქციებზე ამყარებენ და არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართონ.
"ამ ქუჩას, მგონია, რომ არავითარი შედეგი არ აქვს ჩვენთან და ალბათ, სიცოცხლის ფასად ისევ... როდესაც ადამიანი ზის და შიმშილობს, ამას მაინც ვერ დაარქმევ უბედურ შემთხვევას, მაგრამ ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თორემ გულგახეთქილები და ცოცხალ-მკვდრები წავალთ იმ ქვეყანად".
იმავეს ამბობს გარდაცვლილის ძმის შვილი. აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნა კვლავაც უცვლელი რჩება. მისი თქმით, საპროტესტო აქციებს ორშაბათიდან, 24 იანვრიდან, მას შემდეგ გააგრძელებენ, რაც გარდაცვლილს დაკრძალავენ.
"ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, რასაც ბიძაჩემი ითხოვდა და რასაც შეეწირა, არის ის, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი ბინით გადაყვანა. ახლა უბრალოდ არ გავდივართ და საპროტესტო აქციებს არ ვატარებთ, იმიტომ, რომ ბიძაჩემი მინდა დავასაფლავოთ, როგორც საჭიროა, როგორც იმსახურებს. ამის შემდეგ ჩვენი აქციები უფრო გაფართოვდება და იგივე მოთხოვნით მივალთ იქ, სადაც საჭიროა. მოთხოვნა კი უცვლელია — რასაც შეეწირა ბიძაჩემი — ყველას დაკმაყოფილება ბინით, ვინც ამ კორპუსში ცხოვრობს", — ამბობს ის.
ფოტო: თათია შურღაია/On.
აფხაზეთის მთავრობის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია ამტკიცებს, რომ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილებისთვის, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. ომბუდსმენი კი მიიჩნევს, რომ სანატორიუმში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი გარემოა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სანატორიუმის მაცხოვრებლები ახალ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ. უწყებაში ამბობენ, რომ მათ თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
კომენტარები